სტერკულისებრნი (Sterculiaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები და ბუჩქებია, იშვიათად ბალახი. ყვავილები მეტწილად ორსქესიანია. ჯამის ფოთლები შეზრდილია, მტვრიანები 2 წრედაა განლაგებული, ზოგჯერ გარეთა წრისა გადაქცეულია სტამინოდიუმებად ან განუვითარებელია. ხშირად მტვრიანები და ბუტკო წამოწეულია ანდროგინოფორზე.
ნაყოფი ნაირგვარია და ხშირად ცალკეულ ნაწილებად იშლება. ოჯახში 1000-მდე სახეობაა (60 გვარზე მეტი). გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს თეობრომას (კაკაოს ხე), კოლას და სტერკულიის გვარის სახეობებს.