სქოლათა დომესტიკოსი (ბერძ. δομέστικος τῶν σχολῶν) — უმაღლესი სამხედრო თანამდებობა ბიზანტიის იმპერიაში. არსებობდა VIII საუკუნიდან ადრეულ XIV საუკუნემდე.
თავდაპირველად დომესტიკოსი უბრალო მოხელე, სასახლის გამგებლის რწმუნებული იყო და იმპერატორის დაცვას განაგებდა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში, თრაკიაში, მაკედონიასა და მცირე აზიის პროვინციებში ანუ თემებში მდგომი გვარდიის (სქოლების) უმაღლესი სარდალი გახდა. მოგვიანებით, IX საუკუნის შუა ხანებიდან სქოლათა დომესტიკოსი ბიზანტიის უმაღლესი სამხედრო მოხელე გახდა და სახელმწიფო იერარქიაში იმპერატორის შემდეგ ყველაზე გავლენიან პირად ითვლებოდა.
X საუკუნეში მას ექვემდებარებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ თემების ჯარი და ეწოდებოდა „აღმოსავლეთის დიდი დომესტიკოსი“. იმავე საუკუნის II ნახევრიდან შეიქმნა „დასავლეთის დიდი დომესტიკოსის“ თანამდებობაც. როცა ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთის თემების უმეტესობა თურქ-სელჩუკებმა დაიკავეს, გაუქმდა აღმოსავლეთის დიდი დომესტიკოსის თანამდებობა და ბიზანტიის ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი გახდა დასავლეთის დიდი დომესტიკოსი. პალეოლოგოსთა მმართველობისას (XIII–XV საუკუნეები) დომესტიკოსის პრესტიჟი და გავლენა დაემცრო და უფრო საპატიო წოდება გახდა, საბოლოოდ კი საშუალო რანგის კარის მოხელედ იქცა.
დომესტიკოსის თანამდებობებზე ინიშნებოდნენ უწარჩინებულესი საგვარეულოების — ფოკათა, კურკუასთა, არგიროსთა, დუკათა წარმომადგენლები. XI საუკუნის 70-იანი წლებიდან აღმოსავლეთის დიდი დომესტიკოსი გახდა ტაოელი გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელიც 80-იანი წლებიდან დასავლეთის დიდი დომესტიკოსის ტიტულს ატარებდა.