ტუპინიკინის ხალხი | |
---|---|
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ბრაზილია | 2 630 |
ენები | პორტუგალიური |
რელიგიები | ქრისტიანობა (კათოლიციზმი და პროტესტანტობა) |
ტუპინიკინის ხალხი — ბრაზილიის ადგილობრივი ხალხი, რომელიც ადგილობრივ ტომთათვის განკუთვნილ სამ ტერიტორიაზე სახლობს. ეს ტერიტორიები მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტუს შტატში, არაკრუსის მუნიციპალიტეტში. 2010 წლის აღწერის მონაცემებით, ტუპინიკინის ხალხის საერთო რაოდენობა 2 630 ადამიანს შეადგენს.[1]
ტუპინიკინის ხალხი ერთ დროს საკუთარ ენაზე საუბრობდა, რომელიც ტუპი-გუარანის ენათა ოჯახს მიეკუთვნებოდა.[2] ამჟამად, მათი ენა გამქრალია და საუბრობენ პორტუგალიურად.
ისტორიულად, ტუპინიკინის ხალხი სახლობდა ვრცელ ტერიტორიაზე, ბრაზილიის სანაპირო ზოლზე, ქალაქ სალვადორიდან 200 კილომეტრით სამხრეთით. ეს არეალი მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ტერიტორიების ჩრდილოეთითაა მოქცეული. ევროპელთა მოსვლიდან პირველი ორი საუკუნის განმავლობაში, ტუპინიკინი ახლად დაარსებული ქალაქების მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენდა. ეს ტომი ერთ-ერთი პირველი შეხვდა პორტუგალიელებს, როდესაც ისინი 1500 წელს პორტუ-სეგურუს მიადგნენ.