ფავზია ზაინალი | |
![]() | |
ბაჰრეინის წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 12 დეკემბერი, 2018 |
მონარქი | ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფა |
წინამორბედი | აჰმედ ალ-მულა |
დაბადებული | 1961 |
ფავზია ზაინალი (დ. 1961[1]) — ბაჰრეინის მედია და სოციალური აქტივისტი, პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა საბჭოს თავმჯდომარე 2018 წლის 12 დეკემბრიდან. ზაინალი პირველი ქალია, რომელიც ხელმძღვანელობს ბაჰრეინის პარლამენტს და მეორე ქალი არაბთა გაერთიანებული საემიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ამალ ალ ქუბაისის შემდეგ, რომელიც ხელმძღვანელობს არაბულ პარლამენტს.[2]
ზაინალმა 1983 წელს დაამთავრა ბაჰრეინის უნივერსიტეტის არაბული ენის ფაკულტეტი,[3] ხოლო მაგისტრატურის კურსებს გადიოდა იორდანიის უნივერსიტეტში.[4] 2008 წელს მან მიიღო ბაჰრეინის პოლიტიკური განვითარების ინსტიტუტის უმაღლესი დიპლომი და 2014 წელს ბაჰრეინის უნივერსიტეტის დიპლომი.[3]
ზაინალი მუშაობდა ჟურნალისტად[5] და მედია და სოციალურ აქტივისტად.[6] ოცდახუთი წელი მუშაობდა ბაჰრეინის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაციის დირექტორად.[3][4] იგი არის ბაჰრეინის ბიზნესმენ ქალთა საზოგადოების წევრი.[7] 2009 წელს იყო ბაჰრეინის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების კონსულტანტი.[8]
ზაინალმა პირველად კენჭი იყარა პარლამენტში 2006 წელს, ქალი კანდიდატების მიმართ მუქარის მიუხედავად. მის საარჩევნო კარავს ცეცხლი წაუკიდეს და იგი დამამცირებელი ჭორების სამიზნე გახდა.[9] 2014 წელს მან იყარა კენჭი აღმოსავლეთ რიფას მეხუთე ოლქში, მაგრამ მეორე ტურში 288 ხმით ჩამორჩა თავის მამაკაც ოპონენტს.[2] საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყურადღებას გაამახვილებდა ქალების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე უმუშევრობასთან და კორუფციასთან ბრძოლაზე.[10]
2018 წლის დეკემბერში ზაინალი პარლამენტის წევრად აირჩიეს ხუთ სხვა ქალთან ერთად.[2][11][10] მან გააკრიტიკა წინა პარლამენტი და პირობა დადო, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნებოდა თავის ოლქში ღარიბთა საჭიროებები.[10]
2018 წლის 12 დეკემბერს ზაინალი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, რის შემდეგაც მეფე ჰამად იბნ ისა ალ-ჰალიფამ დაამტკიცა აღნიშნულ თანამდებობაზე.[2] ამის შემდეგ მან განაცხადა: „წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი ქალის სპიკერის არჩევა წარმოადგენს ნახტომისებურ განვითარებას და სიამაყის წყაროს ბაჰრეინის სამეფოსთვის, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას ქალების გაძლიერებისთვის“.[5]
ზაინალი სუნიტი მუსლიმია. ჰყავს ერთი ვაჟი.