ფატიმა აბდ ალ-მაჰმუდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | არაბ. فاطمة عبد المحمود |
დაბადების თარიღი |
27 ივლისი, 1945 ომდურმანი, სუდანი |
გარდაცვალების თარიღი |
22 ივლისი, 2018 ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | სუდანი |
საქმიანობა | ექიმი, პოლიტიკოსი |
პარტია | სუდანის სოციალისტური კავშირი |
რელიგია | ისლამი |
ფატიმა აბდ ალ-მაჰმუდი (დ. 27 ივლისი, 1945, ომდურმანი, სუდანი ― 22 ივლისი, 2018, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ) ― სუდანელი პოლიტიკოსი, სუდანის სოციალისტური დემოკრატიული კავშირის ერთ-ერთი ლიდერი. 1973 წელს გახდა პირველი ქალი სუდანში, რომელიც დაინიშნა მინისტრის პოსტზე (იგი იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი). 2010 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღო სუდანის საყოველთაო არჩევნებში და გახდა პირველი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი ქვეყანაში.
ფატიმა აბდ ალ-მაჰმუდი დაიბადა 1945 წელს. 1960-იან წლებში სწავლობდა მოსკოვის პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მიიღო პედიატრის კვალიფიკაცია. [1] 1973 წელს დაინიშნა სუდანის ახალგაზრდობის, სპორტისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ. მისი დანიშვნა თანამდებობაზე საიედა ნაფის აჰმედ ალ-ამინის სუდანის სოციალისტურ კავშირში შესვლასთან ერთად, უპრეცედენტო იყო ქვეყნისთვის, განსაკუთრებით სუდანში ქალთა განათლების დონის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც იმ დროს შეადგენდა 10%-ს. [2] ის ასევე ათი წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი.
1984 წელს მიიღო პედიატრიის მაგისტრის ხარისხი ოჯახის ჯანმრთელობასა და ქალთა განვითარების საკითხებში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. 1991 წელს გაიარა სტაჟირება პედიატრიაში ბუდაპეშტში, უნგრეთის უმაღლესი სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიაში. მის ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ 1979-1984 წლებში ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში იყო აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას კოლეგა.
2010 წლის აპრილში სუდანში 1986 წლის შემდეგ ჩატარდა პირველი კონკურენტუნარიანი არჩევნები (ანუ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა). ფატიმა აბდ ალ-მაჰმუდმა ორ სხვა კანდიდატთან ერთად მოითხოვა დარეგისტრირება საპრეზიდენტო კანდიდატად, მაგრამ 2010 წლის იანვარში მისი განაცხადი უარყო სუდანის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის მიერ წარდგენილ ხელმოწერების სიებს არ ჰქონდა საჭირო ბეჭედი. [3] აბდ ალ- მაჰმუდმა და მისმა მხარდამჭერებმა გააპროტესტეს გადაწყვეტილება, რომელიც მათ შეაფასეს, როგორც "შეთქმულება ქალების წინააღმდეგ" . შედეგად, მისი კანდიდატურა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აღადგინეს. [4]
ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ საბოლოოდ ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდებოდა მოქმედი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის სასარგებლოდ. [5] საბოლოოდ, ალ-ბაშირმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. შედეგებმა აჩვენა, რომ აბდელ მაჰმუდმა მიიღო მთლიანი ხმების 0,3%. [6] ფატიმა აბდ ალ-მაჰმუდმა შემდგომში მონაწილეობა მიიღო სუდანის საყოველთაო არჩევნებში 2015 წელს, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და მისმა პარტიამ ვერ მოიპოვა ადგილები სუდანის ეროვნულ ასამბლეაში.
ფატიმა აბდ ალ-მაჰმუდმა დააარსა პარტია და გახდა პირველი ქალი ქვეყანაში, რომელიც პარტიას ჩაუდგა სათავეში. ის ასევე იყო სუდანის ქალთა კავშირის "შურას" საბჭოს წევრი და მისი განყოფილების ხელმძღვანელი.
მას რამდენიმე თანამდებობა ეკავა სუდანში პრეზიდენტ ჯაფარ მუჰამედ ნიმეირის დროიდან და გახდა პირველი სუდანელი ქალი მინისტრი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები სუდანელი ქალების ცხოვრებაში. კითხულობდა ლექციებს უამრავ საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნების უნივერსიტეტებში და კოლუმბიის უნივერსიტეტში. დააარსა Gulf Petroleum და კომერციული საკონსულტაციო კომპანია აბუ დაბიში 1987 წელს. ეკავა ქალთა წამომადგენლის თანამდებობა იუნესკოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენში.
გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი ქალთა საკითხებთან დაკავშირებით.
ფატიმა აბდ ალ-მამუდი გარდაიცვალა ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, 2018 წლის 22 ივლისს 74 წლის ასაკში.