ქალები იემენში — ისტორიულად არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი სქესის, უაღრესად პატრიარქალური საზოგადოებით. [1] მიუხედავად იმისა, რომ იემენის მთავრობას ჰქონდა მცდელობები ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად იემენში (მათ შორის ქალთა განვითარების სტრატეგიისა და ქალთა ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიის ფორმირება), [2] მრავალი კულტურული და რელიგიური ნორმა, ამ კანონმდებლობის ცუდად აღსრულებასთან ერთად, უცვლელი დარჩა. იემენის მთავრობამ ხელი შეუშალა, იემენელ ქალებს ჰქონოდათ თანაბარი უფლებები მამაკაცებზე.
2017 წლისათვის იემენელი ქალები არ ფლობდნენ ბევრ ეკონომიკურ, სოციალურ ან კულტურულ უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ხმის უფლება მიიღეს 1967 წელს და კონსტიტუციური და სამართლებრივი დაცვა გავრცელდა ქალებზე იემენის ერთიანობის პირველ წლებში 1990–1994 წლებში, ისინი კვლავ განაგრძობენ ბრძოლას „თავიანთი სრული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მოსაპოვებლად“. [3] ისტორია გვიჩვენებს, რომ იემენის საზოგადოებაში ქალებმა დიდი როლი შეასრულეს. პრე-ისლამური და ადრეული ისლამური იემენის ზოგიერთ ქალს საზოგადოებაში ელიტარული სტატუსი ჰქონდა. მაგალითად, საბას დედოფალი იემენის ერის საამაყო საგანია. გარდა ამისა, დედოფალი არვა გამოირჩეოდა ინფრასტრუქტურისადმი ყურადღებით, მის მმართველობა აყვავებასა და კეთილდღეობასთან ასოცირდება. იემენელი ქალები ექვემდებარებიან საზოგადოებას, რომელიც, ძირითადად, ასრულებს აგრარულ, ტომობრივ და პატრიარქალურ ტრადიციებს. გაუნათლებლობისა და ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, ქალებს მუდმივად ეზღუდებათ უფლებები.
2015 წლის მარტის ბოლოდან იემენში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო, იემენი განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს. კონფლიქტმა მრავალი ბრალდება გამოიწვია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და ბოროტად გამოყენების ფაქტების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამო. მოვლენებმა სასტიკი შედეგი გამოიღო და დააზარალა მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ქალთა და ახალგაზრდა გოგონების ცხოვრება. კრიზისის დაძაბულობისა და ქაოსის გამო, ღრმა ფესვგადგმულ გენდერულ უთანასწორობასთან ერთად, იემენში ქალებისა და გოგონების მდგომარეობა უარესდება კონფლიქტის გახანგრძლივებასთან ერთად. ქალები და გოგონები დაუცველები დარჩნენ არაადამიანური ძალადობის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა და ექსპლოატაციისგან. [4]
იემენის საზოგადოების კულტურული დამოკიდებულებით, ქალებს აქვთ დაბალი სტატუსი როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში. კაცს უფლება აქვს დაქორწინდეს ოთხ ქალზე, თუ მას აქვს ფინანსური შესაძლებლობები, თუმცა ქალს უფლებაც კი არ აქვს დაქორწინდეს საკუთარი სურვილით, რადგან მას სჭირდება მამრობითი სქესის მხრიდან მოწონება და შეთანხმება. [5] განქორწინების შემთხვევაში, შვილების მოვლის უფლება უწყდებათ დედებს, ასეთი რისკი არ ემუქრება მამას. ქალს ასევე არ აქვს უფლება უარი უთხრას მამას ვიზიტის უფლებაზე, ხოლო მამას ამის გაკეთება უფლება აქვს პირადი სტატუსის შესახებ კანონის 145-ე მუხლის შესაბამისად. ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები ასევე მნიშვნელოვანი საკითხია იემენელი ქალებისთვის. არცერთი კანონი არ იცავს მათ თავისუფლებას, მიიღონ გადაწყვეტილებები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ქალებს აკონტროლებს მათი ოჯახი ან, თუ დაქორწინებულები არიან, ქმრები. [3] გარდა ამისა, იემენი არის ქვეყანა, სადაც ქალთა წინდაცვეთა კვლავ პრობლემად რჩება, თუნდაც მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ აკრძალა იგი. ბევრი ქალი იძულებულია დაქორწინდეს ახალგაზრდა ასაკში, რაც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი, რადგან ოჯახი წყვეტს თუ როდის დაქორწინდება ქალი. იემენელი გოგონების 52% ქორწინდება 18 წლამდე, მათ შორის 14% - 15 წლამდე. არსებული კონფლიქტის შედეგად, ეს ტენდენცია გაიზარდა. [6]იემენელი გოგონების უმეტესობა დაქორწინებულია, სანამ სქესობრივ მომწიფებამდე მიაღწევს.
მამაკაცებს და ქალებს არ აქვთ ერთი და იგივე უფლებები განათლების სფეროში. ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის გენდერული თანასწორობის მიღწევისგან, მიუხედავად იემენის რესპუბლიკის კონსტიტუციის 54-ე მუხლისა, სადაც ნათქვამია, რომ „განათლება ყველა მოქალაქის უფლებაა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განათლების მიღება კანონის შესაბამისად, სხვადასხვა სკოლისა და კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის გზით. დაწყებითი განათლება სავალდებულოა. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს გაუნათლებლობის მოსპობას და განსაკუთრებული ზრუნვა გაუწიოს ტექნიკური და პროფესიული განათლების გაფართოებას. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდებს და იცავს მათ გარყვნილებისგან, უზრუნველყოფს მათ რელიგიურ, გონებრივ და ფიზიკურ განათლებას და შესაბამის გარემოს, რათა განავითაროს მათი შესაძლებლობები ყველა სფეროში.“ [7] გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გოგოების ჩარიცხვის მაჩვენებელია 50%-ით ნაკლებია სკოლაში ვიდრე ბიჭების. სხვა გამოკვლევებით დადგინდა, რომ გოგონები, როგორც წესი, უფრო ხშირად ტოვებენ სკოლას, ვიდრე ბიჭები. [8] Human Rights Watch–მა დაადასტურა, რომ ბავშვთა იძულებითი ქორწინება წამყვანი ფაქტორია იმისა, თუ რატომ ტოვებენ გოგონები სკოლას. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლების 71% -ს არ ჰყავს ქალი მასწავლებელი. [9] ქალებს წერა-კითხვის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. 2013 წლის გლობალური გენდერული ხარვეზის თანახმად, იემენში ქალების მხოლოდ 49% არის წერა–კითხვის მცოდნე, განსხვავებით კაცების 82 –ის წერა-კითხვის მცოდნეობისა. [10]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014 წლის გენდერული ხარვეზების შესახებ მოხსენებაში, შეტანილი 142 ქვეყნიდან იემენმა ბოლო ადგილი დაიკავა და ამ პოზიციას ინარჩუნებს 2007 წლიდან. [11] მიუხედავად იმისა, რომ ქალებს აქვთ საკუთრების კანონიერი უფლებები და ქონების გამოყენების უფლება, იემენში ბევრი ქალი აძლევს ადმინისტრაციულ უფლებებს მათი ოჯახის წევრ მამაკაცებს, რადგან არ იციან მათი უფლებები. ამას მიაწერენ „ფართო გაუნათლებლობას, პატრიარქალურ დამოკიდებულებას და ქალების მხრიდან ეკონომიკური უფლებების არცოდნას“. [3]
იემენის ქალთა უფლებების დამცველი ტავაკულ კარმანი, ჟურნალისტი ქალები ჯაჭვების გარეშე-ს (WJWC) დამფუძნებელი და თავმჯდომარე, 2011 წელს მიიღო ნობელის პრემიის მშვიდობის დარგში. [12] ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ კარმანს ჯილდო სპეციალურად მიენიჭა „ქალთა უსაფრთხოებისათვის არაძალადობრივი ბრძოლის გამო“.. [13]