ქალები კატარში — კატარის პოლიტიკა ქალის უფლებებთან დაკავშირებით შეზღუდულია მამაკაცთა მეურვეობის კანონის გამო. [1] არსებობს შეზღუდვები, რომლებზეც გავლენას ახდენს ისლამის ვაჰაბიტური ინტერპრეტაცია. [2] ქალსა და მამაკაცს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება 1999 წლიდან. კატარელ ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლები მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და არაბულ სამყაროში ყველაზე მაღალია, [3] რაც, ძირითადად, ხდება კატარელი ქალების მზარდი აქტიურობის შედეგად, რომლებიც აკადემიურ წოდებებს იღებენ. [4]
კატარელ ქალთა მიმართ მრავალგვარი დამოკიდებულება არსებობს. ძირითადად, მოსალოდნელია, რომ მათ უნდა ატარონ ტრადიციული ტანსაცმელი და უნდა იყვნენ განცალკევებული. ფსიქოლოგი მოუზა ალ მალკი ირწმუნება, რომ ქალთა სქესის განცალკევებაზე გავლენას ახდენს უფრო მეტად კულტურული ფაქტორები, ვიდრე რელიგიური ფაქტორები. [5]
კატარელ ქალებს განათლების მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. რომელთაგან ერთია განქორწინებისგან თავის დაცვა. ბევრი კატარელი ქალი თვლის, რომ ქვეყანაში განქორწინების მაჩვენებლები იზრდება, თუმცა განქორწინების საერთო მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 8% -ს შეადგენს. მათ სჯერათ, რომ თუ ექნებათ დიპლომი, ისინი დაზღვეული იქნებიან ფინანსური ნგრევისგან, თუკი მათი მომავალი მეუღლეები ოდესმე გადაწყვეტენ განქორწინებას. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ კატარელი ქალები განათლების მიღებას ქალთა გაძლიერების ფორმად მიიჩნევენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლებლობაა, დაუმტკიცონ თავიანთი ღირსებები საზოგადოებას და მიაღწიონ ნამდვილ დამოუკიდებლობას. [6]
დასაქმების ყველაზე დიდ დაბრკოლებებს შორის არის საოჯახო ვალდებულებები, სამუშაო ადგილების მცირე რაოდენობა და ინგლისურის არასაკმარისი ცოდნა. საზოგადოების შეხედულებებმა ასევე უარყოფითად იმოქმედა ქალების დასაქმების შესაძლებლობებზე, რადგან მოსახლეობის კონსერვატიული ფენები თვლიან, რომ ქალებისათვის არასწორია მუშაობა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, სასტუმროების მუშაკებად და მსახიობებად. ამის მიუხედავად, კატარის მოსახლეობის უმეტესობა პოზიტიურად მიიჩნევს ქალთა მონაწილეობას სამუშაო ძალაში.[7]
სპორტში ქალები იშვიათად მონაწილეობდნენ XXI საუკუნემდე. 1998 წელს კატარის მძლეოსნობის ფედერაციამ პირველად ჩაატარა შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალთა სპორტულმა ღონისძიებებმა. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 2012 წელს წარადგინეს მოცურავე, ათლეტი და მაგიდის ტენისის მოთამაშე ქალები.
კატარში ქალები ხმას აძლევენ და შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საჯარო თანამდებობებისათვის არჩევნებში. ქალებმა პირველად ხმა მისცეს არჩევნებში 1999 წელს. ეს არჩევნები განზრახ ჩატარდა 1999 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს .
კატარელმა ქალებმა მნიშვნელოვან იურიდიულ და სოციალურ უფლებებს მიაღწიეს 1990-იანი წლებიდან. შეიხა მოზა არის ქალთა უფლებების დამცველი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ პროცესში. ამ მიღწევების შედეგად, კატარელ ქალებს აქვთ მრავალი კარიერული შესაძლებლობა, მათ შორის ლიდერის პოზიციებზე. მათი მოქმედების სფეროს წარმოადგენს განათლება, საბანკო საქმე, საქველმოქმედო პროექტები, ჯანდაცვა და ადამიანური მომსახურება, ტურიზმი, სამართალი, სამოქალაქო სამსახური და დიპლომატია.
კატარში ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობა დაახლოებით 51%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მაღალია და არაბულ სამყაროში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც კატარელ, ისე არაკატარელ ქალებზე მოქმედებს ხელფასებს შორის სხვაობა კაცებთან შედარებით: მათ 25-დან 50 პროცენტით უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, კატარი ანაწილებს მამაკაცთა სოციალურ შემწეობებს, რომლებიც მოიცავს კომფორტულ პირობებს საცხოვრებელი და სამოგზაურო თანხების კუთხით. ამ შემწეობებს ქალი ნაკლებად იღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 წლამდე გაუთხოვარ ქალს სჭირდება მეურვის ელექტრონული ნებართვა (გასვლის ნებართვა) ქვეყნის დატოვების მიზნით. მამაკაცებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა ნებართვის გარეშე 18 წლის ასაკში.