ქერცლოვანი აბჯარი — საბრძოლო აბჯრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც წარმოადგენს ტყავზე ან რაიმე ქსოვილზე კრამიტისებურად დამაგრებულ ფირფიტებს, რომელთაც ხშირად ლათინური U ასოს მსგავსი ფორმა აქვთ.[1] ფირფიტები შეიძლება ყოფილიყო ბრინჯაოს, რკინის, ფოლადის ან ტყავის. ქერცლოვანი აბჯარი ეცვათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისა და კულტურის მეომრებსა და მათ ცხენებს.
მიიჩნევა, რომ ქერცლოვანი აბჯარი ახლო აღმოსავლეთში ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულის შუა ხანებში გამოჩნდა და მისი უძველესი გამოსახულება გხვდება ეგვიპტეში ერთ-ერთ სარკოფაგზე, რომელიც დათარიღებულია ამენჰოტეპ II-ის მმართველობის პერიოდით.[2]
ქერცლოვანი აბჯრის რიგები 1/3-ზე გადაფარავენ ერთმანეთს და ცოტათი შეცილებული არიან, რაც თევზის ქერცლის მსგავს მრავალფერნიან ზედაპირს წარმოქმნის. ფირფიტების ფორმაც შესაბამისია — ერთი მხარი მომგრვალებულ-წაგრძელებული, მეორე კი — სწორი. ქერცლოვანი აბჯარი თითქმის ჯაჭვივით მოქნილია და მასავით გრძელი სახელოები და ქვედაბოლო შეიძლება ჰქონდეს.
მრავალი დადებითი თვისების მიუხედავად (მოქნილობა, დაცვის კარგი ხარისხი, ტექნოლოგიურობა) ქერცლოვან აბჯარს ნაკლიც გააჩნდა. მოძრაობისას ქერცლოვანი აბჯრის ფირფიტები წამოიწეოდა ხოლმე, რაც მას საძგერებელი იარაღის წინაშე დაუცველს ხდიდა. ქერცლოვანი აბჯრისთვის განსაკუთრებით საშიში იყო ძგერებით დარტყმა ქვემოდან. ეს მეტად მნიშვნელოვანია ცხენოსანი მებრძოლისთვის, რომლის ქერცლოვანი აბჯრისთვის ქვეითის შუბი ყოველთვის ქვემოდან მიმართული იყო.[3]
ქერცლოვანი აბჯარი ჯაჭვის აბჯართან შედარებით უკეთეს დაცვას უზრუნველყოფდა ძგერებით ან ბლაგვი დარტყმების წინააღმდეგ. ის ასევე უფრო იაფი დასამზადებელი იყო, თუმცა ჯაჭვს ჩამოუვარდებოდა მოქნილობაში.[4] ქერცლოვანი აბჯარი შეიძლება ყოფილიყო სახელოებით და მუხლებამდე სიგრძის ან კირასის ტიპის, რომელიც მხოლოდ ტორსს ფარავდა.
ქერცლოვანი აბჯარი გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთში და ასევე სკვითი ცხენოსნების მიერ, ამას მოწმობს მრავალი იმდროინდელი ილუსტრაცია და სკვითურ ყორღანებში ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა. კირასის ტიპის რომაული ქერცლოვანი აბჯარი იყო ლორიკა პლუმატა. შუა საუკუნეების ევროპაში ქერცლოვანი აბჯარი გამოიყენებოდა, როგორც დამატებითი დაცვა, ჯაჭვის აბჯართან ერთად და ხშირად კირასის, სამხრეებისა და ზოგჯერ ზარადის ფორმითაც გვევლინებოდა. ქერცლოვანი აბჯარი გავრცელებული იყო ჩინეთში, იაპონიასა და კორეაშიც.
ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანებიდან მოყოლებული ქერცლოვანი აბჯარი გავრცელებული იყო საქართველოშიც, ამას ვანისა და საირხის არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს. შუა საუკუნეების ქართული ქერცლოვანი გრძელი აბჯარი კარგადაა დეტალიზებული ჯუმათის წმ. გიორგის ხატზეც.