ღრუ (ძვ. ქართ. წყაროებში გრუ[ი]) — ისტორიული სოფელი საქართველოში. აჟამად იყოფა სოფლებად ახალგორის მუნიციპალიტეტში: ზემო ღრუ და ქვემო ღრუ.
გრუ ისტორიულ წყაროებში იხსენიება, როგორც გრუჲ, გრუა. მატიანის „ძეგლი ერისთავთა“ (XIV ს.) მიხედვით, VI საუკუნეში ცხრაძმისხეველნი იბრძოდნენ გრუელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქსნისხევში შედიოდნენ. „მატიანე ქართლისა“ (XI ს.) გადმოგვცემს, რომ დაახლ. 975 წელს კახელებს დაუტყვევებიათ მეფე გურგენი, მისი ძე ბაგრატი და დედოფალი გურანდუხტი. დავით III კურაპალატმა გაათავისუფლა ისინი და დაიბრუნა მიტაცებული ციხეები, გარდა წირქოლისა და გრუისა. როგორც ჩანს, ეს ციხეები კარგა ხანს დარჩა კახეთის ხელში და XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III-ს კვლავ უხდება მათ დასაბრუნებლად ბრძოლა.
„მას ჟამსა ცხრაზმისხეველნი ბრძოლილ იყვნენ ციხესა გრუისისა ხუთ თვე.“
|