ყვითელფარფლა[1] (ლათ. Cottocomephorus) — მტკნარი წყლის თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია, სიგრძით 15–17 სმ. მკერდის ფარფლები დიდია (გაშლილ მდგომარეობაში ფრთებს წააგავს), ხშირად ყვითელი ფერის (აქედან სახელწოდება), გარდიგარდმო ზოლებით, ზურგის ფარფლი ამოკვეთილია. ცნობილია 3 სახეობა: ჩრდილობაიკალური ყვითელფარფლა (C. alexandrae), ყვითელფარფლა განიერშუბლა (C. grewingkii) და გრძელფარფლა განიერშუბლა (C. inermis). ბაიკალის ტბის ენდემებია; გვხვდებიან 500 მ სიღრმემდე, ფსკერზე ან წყლის სიზრქეში. იკვებებიან პლანქტონით, ღორტავებითა და ლიფსიტებით. ტოფობენ თებერვლიდან აგვისტომდე. მამალი ბუდეს იცავს, მკერდის ფარფლების ქნევით კი უზრუნველყოფს მისკენ ჟანგბადით მდიდარი წყლის მიდენას; მამლის დაღუპვას მთელი ბუდის დაღუპვა მოსდევს.[2]