შავბალახა (ლათ. Leonurus quinquelobatus) — 50-200 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მრავალია, დატოტვილი, მახვილწვერიანი. ქვედა ფოთლები მომრგვალო ფორმისაა, გულისებური ძირით, ღრმად თათისებურად 5-7-ნაკვთიანი. ღეროსეული შუა და ზედა ფოთლები ლანცეტა ან ოვალური ფორმისაა. ყველა ფოთოლი ყუნწიანია, ზედა მხარე – მუქი მწვანე, ქვედა – ღია ფერის, ორივე მხარე – მოკლე და რბილბეწვიანი. ყვავილები მოკლეყუნწიანია, მრავალყვავილიან მჭიდრო ჩხროებად შეკრებილი, რომლებიც განლაგებულია კიდემთლიან ან 1-2-კბილიან თანაყვავილის იღლიებში. გვირგვინი ვარდისფერია ან მოვარდისფრო-იისფერი, გარედან – ბანჯგვლიანბეწვიანი. იზრდება მთის ზედა სარტყლამდე რუდერალურ ადგილებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ყირიმსა და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს.
-
ყვავილი
-
ფოთლები
-
ილუსტრაცია