შირლი კლარკი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Shirley Clarke |
დაბადების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1919 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
23 სექტემბერი, 1997 (77 წლის) ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
ჯილდოები |
შირლი კლარკი (ქალიშვილობის გვარი ბრიმბერგი; დ. 2 ოქტომბერი, 1919 — გ. 23 სექტემბერი, 1997) — ამერიკელი კინორეჟისორი.
შირლი ბრიმბერგი ნიუ-იორკში დაიბადა. მამამისი პოლონელი ემიგრანტი იყო, რომელმაც ქონება წარმოებით მოიხვეჭა, ხოლო დედამისი მილტიმილიონერი ებრაელი მწარმოებლისა და გამომგონებლის ქალიშვილი იყო. შირლის ორი უმცროსი და ჰყავდა, მათგან ერთ-ერთი — ელეინ დანდი — ცნობილი მწერალი გახდა. ადრეული ასაკიდანვე კლარკი ცეკვით დაინტერესდა, თუმცა ამას მისი მოძალადე მამის უკმაყოფილება მოჰყვა.
შირლი სწავლობდა სტივენსის კოლეჯში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ბენინგტონის კოლეჯსა და ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. ამ სკოლებში იგი ცეკვის გაკვეთილებს მართა გრეჰემის, ჰამფრი-ვეიდმენისა და ჰანია ჰოლმის მეთოდებით გადიოდა. შირლი ცოლად გაჰყვა ბერტ კლარკს, რათა თავი დაეღწია მამის კონტროლისთვის და ნიუ-იორკში პროფესიონალებთან ცეკვის სწავლა შესძლებოდა. 1944 წელს წყვილს ქალიშვილი, ვენდი, შეეძინა. მათი ურთიერთობა 1963 წელს განქორწინებით დასრულდა. შირლიმ კარიერა ნიუ-იორკში, როგორც ავანგარდული თანამედროვე ცეკვის შემსრულებელმა დაიწყო. იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ახალგაზრდა ქალთა ებრაული ასოციაციის ცეკვის გაკვეთილებშა და წარმოდგენებში.
1972 წელს კლარკი შეურთა ჟურნალ Ms-ის კამპანიას „ჩვენ გაგვიკეთებია აბორტი“, რომელიც ქალთა რეპროდუქციული თავსუფლების შემზღუდავი „არქაული კანონების“ გაუქმებას მოითხოვდა; კამპანიის მონაწილეები მოუწოდებდნენ ქალებს, საჯაროდ გაეზიარებინათ თავიანთი ისტორიები და ემოქმედათ ცვლილებებისთვის.
შირლიმ თავისი ხელოვნების გამოხატვა ახალი მედიუმით დაიწყო და მეცეკვავეობიდან კინორეჟისორის როლში გადაინაცვლა.[1] თავისი პირველი ფილმი „ცეკვა მზეში“ (1953) შირლიმ დენიელ ნეგრინის ქორეოგრაფიის ადაპტირებით შექმნა. ნიუ-იორკის საცეკვაო ფილმების საზოგადოებამ აღნიშნული კინონამუშევარი წლის საუკეთესო საცეკვაო ფილმად აირჩია.[2] კლარკმა ამ ფილმში რიტმული კადრების ტექნიკა გამოიყენა. მთელი ფილმის მანძილზე ერთმანეთს ენაცვლება სცენაზე და სანაპიროზე ცეკვის კადრები.
1954 წელს შირლიმ მორიგი ფილმი „პარიზის სკვერები“ გადაიღო, რის შმდეგაც ჰანს რიხტერთან ერთად კინოხელოვნებას ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯში სწავლობდა. 1955 წელს იგი გახდა ამერიკის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა საზოჰადოების წევრი. აგრეთვე ისეთ კინორეჟისორებთან ერთად, როგორებიც არიან მაია დერენი, სტენ ბრეკიჯი და იონას მეკასი, შირლი წარმოადგენდა გრინვიჩ ვილიჯის დამოუკიდებელი კინორეჟისორების წრეს.
ფილმში „სასიყვარულო მომენტი“ შირლიმ ცეკვის პროცესის დასაფიქსირებლად აბსტრაქტული ხაზები და ფერები გამოიყენა. კლარკის 1958 წლის ფილმი „მბრუნავი ხიდები“ კინოში აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის გამორჩეული ნიმუშია.[3] ფილმს ორი ალტერნატიული საუნდტრეკი ექვს, პირველია ლუი და ბებე ბარონების მიერ შექმნილი ელექტრონული მუსიკა,[4] ხოლო მეორე — ტაო მასეროს მიერ შექმნილი ჯაზური მუსიკა.
1959 წელს შირლი წარდგენილი იყო ოსკარის ნომინაციაზე ფილმისთვის „ცათამბჯენი“. ამავე წელს სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს კარიბჭის ჯილდო მიიღო. 1958 წელს გადაღებული ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ასახავს მეხუთე ავენიუზე ცათამბჯენი 666-ის მშენებლობას, რომელიც 1957 წელს დაიწყო. 20-წუთიანი ფილმი ასევე მოიცავს როქსი თეატრის კადრებსაც.
კლარკის 1960 წლის ფილმი „შემზარავი დრო“ მესამე სამყაროს ქვეყნებში ბავშვთა მდგომარეობას, მათ სიღატაკესა და ავადმყოფობას, ასახავს. ფილმი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმოებით თოროლდ დიკინსონთან კონსულტაციით შეიქმნა. მისი მუსიკალური გაფორმება პეგი გლენვილ-ჰიკსს ეკუთვნის.[5]