ჩაწყობილა ბაია (ლათ. Ficaria) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები. მთლიანი უმეტესად ხორცოვანი ფოთლები და გამსხვილებული ფესვები (ფესვტუბერები) აქვთ.
10-12 სახეობა გავრცელებულია უმეტესად ხმელთაშუაზღვისპირეთში, აგრეთვე ევროპასა და აზიაში. ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გვხვდებოდა 10-მდე სახეობა, საქართველოში (ასევე მთელ კავკასიაში) — 7, მათ შორის 2 (ლათ. Ficaria adzharica, Ficaria popovii) საქართველოს ენდემია.
ჩაწყობილა ბაია საქართველოში ყველა მცენარეულ სარტყელშია გავრცელებული. უმეტესად ტყეში, ტყის პირას ბუჩქნარებში, მდელოზე, ქვიან და კლდოვან ადგილებში გვხვდება, ზოგი ნათესების სარეველაა. მისი ნორჩი ღერო და ფოთოლი მხალად და საკვებად გამოიყენება.