წიაღა (ლათ. Polygonum patulum) — 10-100 სმ სიმაღლის, ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო ძირიდანვე დატოტვილია. ფოთლები მოგრძოლანცეტა ფორმისაა, მცირერიცხოვანი, მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე. 1-4 ყვავილი ერთად არის შეკრებილი, ყუნწიანია, ყვავილსაფარი მწვანეა ან მოყავისფრო-მწვანე, კიდეებსა და წვერში მოწითალო. იზრდება დანაგვიანებულ ადგილებსა და ნათესებში. გავრცელებულია ქართლში, კახეთში, მთიულეთსა და მესხეთ-ჯავახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას, ირანს.