წიბა (ლათ. Daphne glomerata) — 50 სმ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ღერო შიშველია, მურა ნაცრისფერი ქერქით, ძირიდანვე დატოტვილი, ტოტები წამოწეულია, მარტივია ან ორთითასებურად დატოტვილი. ფოთლები მოგრძოლანცეტაა ან ნიჩბისებური, მჯდომარეა და თავმოყრილი ტოტების ბოლოებზე. ყვავილები სურნელოვანია, 3-16 ყვავილი ერთად კონებად არის შეკრებილი. ყვავილსაფარი გარედან ვარდისფერია, შიგნიდან – თეთრი. ყვავილსაფრის ნაკვთები ლანცეტაა, ნაყოფი-წითელი. იზრდება სუბალპური და ალპური სარტყლების მდელოებზე და ბუჩქნარებში, ძლიერ გაძოვებულ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, მცირე აზიას, შუა და აღმოსავლეთ აზიას.
- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 796.