ხახია (ლათ. Pachyphragma) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. მონოტიპური, რელიქტური გვარია. ერთადერთი სახეობა — ლათ. Pachyphragma macrophyllum მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახია. მოკლე და მეჩხერ მტევნებად შეკრებილი თეთრი ყვავილები აქვს.
უფრო ხშირად გვხვდება ჰუმუსით მდიდარ, ღრმა ნიადაგებზე, ტენიან ფართოფოთლოვან ტყეებსა და ტყის პირებზე. საქართველოში ტყიან რაიონებში თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 2 000 მ-მდე. საქართველოს გარეთ გვხვდება იმიერკავკასიაში, აზერბაიჯანსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში (ჭანეთი).