ძირითადი კონფლიქტი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022) | |
---|---|
თარიღი | 14 აპრილი, 2022 |
ადგილი | ხერსონის ოლქი, უკრაინა; შავი ზღვა |
კოორდინატები | 45°10′43″ ჩ. გ. 30°55′31″ ა. გ. / 45.17861° ჩ. გ. 30.92528° ა. გ. |
მიზეზი |
|
მონაწილეები | რუსეთის საზღვაო ძალები |
გარდაცვალებები | 1 (რუსული ვერსიით)[1] |
დაკარგულები | 27 (რუსული ვერსიით)[1] |
„მოსკვა“ — რუსული სარაკეტო კრეისერი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ჩაიძირა 2022 წლის 14 აპრილს, რუსეთ-უკრაინის ომის (2022) დროს. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ხომალდს ორი ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ მოარტყეს, ხოლო რუსეთის მხარემ გემის ჩაძირვის მიზეზად გაურკვეველი მიზეზებით ბორტზე გაჩენილი ხანძარი და ზღვაზე არსებული შტორმი დაასახელა.
„მოსკვა“ ყველაზე დიდი წყალწყვის სამხედრო ხომალდი იყო, რომელიც II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩაიძირა. რუსული მხარის მიხედვით, მოხერხდა ეკიპაჟის 396 წევრის ევაკუირება, გარდაიცვალა 1 და დაკარგულად ითვლება 27 მეზღვაური, თუმცა, არსებობს დაუდასტურებელი ცნობები უფრო მაღალი რაოდენობის მსხვერპლის შესახებ.
2022 წლის თებერვალში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანმა, მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა კრეისერმა „მოსკვამ“ სევასტოპოლის პორტი დატოვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად.[2] ხომალდი, საპატრულო ნავ „ვასილი ბიკოვთან“ ერთად, მოგვიანებით, გამოყენებულ იქნა უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელთა წინააღმდეგ კუნძულ ზმეინზე თავდასხმის დროს.[3] „მოსკვამ“ დაამყარა რადიოკავშირი კუნძულზე განლაგებულ მცირერიცხოვან გარნიზონთან და მათი დანებება მოითხოვა, პასუხად კი მიიღო ამჟამად საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა: „რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“ (რუს. Русский военный корабль, иди нахуй). ამის შემდეგ კუნძულთან კონტაქტი დაიკარგა, ხოლო გარნიზონის ცამეტივე წევრი ტყვედ აიყვანეს.[4]
პირველი ცნობა ხომალდის რაკეტით დაზიანების შესახებ 2022 წლის 13 აპრილს, უკრანის დროით 20:42 წუთზე, უკრაინულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებულმა მოხალისემ Facebook-ზე პოსტის სახით გაავრცელა.[6] მოგვიანებით, იმავე საღამოს, პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „მოსკვას“ ცეცხლი ეკიდა და რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, ხოლო ოდესის გუბერნატირმა, მაქსიმ მარჩენკომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა კრეისერს ორი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ მოარტყეს, რამაც „ძალიან სერიოზული დაზიანება გამოიწვია“.[7][8] 14 აპრილს, უკრაინის დროით 12:43 წუთზე უკრაინის სამხრეთის სარდლობამ Facebook-ზე ვიდეო დაპოსტა, რასაც თან ახლდა ცნობა, რომ ხომალდი უკრაინული „ნეპტუნების“ მოქმედების ზონაში დაზიანდა, მასზე იყო ხანძარი და „მოსკვას“ საბრძოლო ჯგუფში შემავალი სხვა გემები „მის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა, ბორტზე განლაგებული საბრძოლო მასალის ძლიერმა აფეთქებამ და შტორმმა ხომალდის დაგვერდება გამოიწვია და ის იძირებოდა“.[9]
მარჩენკოს განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემზე გაჩენილმა ხანძარმა საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია და ხომალდი სერიოზულად იყო დაზიანებული, თუმცა, განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი მიზეზებზე ან უკრაინის მხრიდან სარაკეტო თავდასხმაზე.[10][11][12][13] 14 აპრილს სამინისტრომ განაცხადა, რომ კრეისერზე არსებული სარაკეტო სისტემები დაუზიანებელი იყო, ცეცხლი ლოკალიზებული იყო მეზღვაურების მიერ, ხოლო გემის პორტში ბუქსირებისთვის შესაბამისი სამუშაოები ტარდებოდა.[14][15] იმავე დღეს, მოგვიანებით, სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუქსირების პროცესში მყოფი „მოსკვა“ ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა,[16][17] თუმცა, სხვადასხვა ცნობით, ამინდი ამ დროს საკმაოდ წყნარი იყო.[18] 15 აპრილს რუსულ ტელევიზიებში და მედიასაშუალებებში „მოსკვას“ ჩაძირვის შესახებ მოკლე ცნობები გავრცელდა, სადაც მიზეზად ზღვაზე არსებული შტორმი იყო დასახელებული.[16]
შემთხვევის მომდევნო დღეებში მსოფლიოს ონლაინ, საგაზეთო და სატელევიზიო მედიასაშუალებებში გაჩნდა ცნობები უკრაინის მხრიდან შესაძლო სარაკეტო თავდასხმის და შემთხვევის რუსული და უკრაინული ვერსიების შესახებ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კერბიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ მათ სარაკეტო თავდასხმის დადასტურებისთვის საკმარისი ცნობები არ გააჩნდათ, თუმცა, ამას ვერ გამორიცხავდნენ. მათ ხელთ არსებული ვიზუალური მასალა ადასტურებდა ხომალზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას და ხანძარს. აფეთქების მიზეზი ნათელი არ იყო.[19][20][21][22] ჩანდა, რომ „მოსკვა“, ბორტზე არსებული ხანძრის მიუხედავად, სევასტოპოლის პორტისკენ შესაკეთებლად მიემართებოდა;[19] უცნობი იყო, ხომალდი საკუთარი ძალით მოძრაობდა თუ ბუქსირებული იყო.[22] გაჩნდა ცნობა იმის შესახებაც, რომ აფეთქებამ გემბანზე ღიად განლაგებული ერთ-ერთი სარაკეტო გამშვებიც დააზიანა.[23]
ღია სადაზვერვო წყაროს (OSINT) სურათზე, რომელიც სატელიტიდან, ღრუბელგამტარი სინთეტური დიაფრაგმის რადარით (SAR) იყო გადაღებული, ჩანს „მოსკვა“ ადგილობრივი დროით (UTC+03:00) 13 აპრილის 18:52 წუთზე, კოორდინატებზე 45°10′43″ ჩ. გ. 30°55′30″ ა. გ. / 45.1787194° ჩ. გ. 30.9251500° ა. გ., კუნძულ ზმეინის აღმოსავლეთით, დაახლოებით 80 საზღვაო მილის (100 კმ) დაშორებით ოდესიდან და დაახლოებით 50 საზღვაო მილის (90 კმ) მოშორებით უკრაინის სანაპიროდან. სურათების ანალიზი მიუთითებს, რომ ეს იყო არც ისე დიდი ხნის შემდეგ იმ დაზიანების მიღებიდან, რომელმაც, საბოლოოდ, ხომალდის ჩაძირვა გამოიწვია. სურათზე „მოსკვას“ სხვა გემებიც ახლავს თან.[24] რუმინეთის და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მოსკვა“ 14 აპრილს, ადგილობრივი დროით 03:00 საათზე ჩაიძირა.[25]
15 აპრილს აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათი აზრით, „მოსკვას“ ორი უკრაინული ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“ მოხვდა. მისივე განცხადებით, ამ დროს ხომალდი ოდესიდან დაახლოებით 65 საზღვაო მილის (120 კმ) მოშორებით იმყოფებოდა და თავდასხმის შემდეგ განაგრძო სვლა თავისივე ძალით, ვიდრე 14 აპრილს არ ჩაიძირა. ასევე, სადაზვერვო შეფასებით, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა, რაოდენობა უცნობი იყო.[26][27] სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტები ოდესის ახლოს განთავსებული სახმელეთო დანადგარიდან გაუშვეს.[23][14][28][29] ერთ-ერთი რაკეტა, სავარაუდოდ, გემის ხიდურის ქვეშ აფეთქდა.[30] „მოსკვას“ ჩაძირვის ოპერაციისას, შესაძლოა, ყურადღების გადასატანად გამოყენებული ყოფილიყო Bayraktar TB2 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებიც.[31]
კრეისერი „მოსკვა“ აღჭურვილი იყო სამშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით, რომელსაც გააჩნდა ადეკვატური შესაძლებლობები გზა გადაეჭრა და გაენადგურებინა „ნეპტუნის“ რაკეტები, რადარის მიერ მათი აღმოჩენიდან 3-4 წუთშიც კი.[32] ეს სისტემა მოიცავდა С-300Ф და 9К33 Оса მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებს, ანტისენსორულ საშუალებებს და ელექტრონულ ჩამხშობებს რაკეტისთვის მიმართულების ასარევად და საბოლოო ზომის სახით, АК-630 ტიპის ახლო მოქმედების ავტომატურ ქვემეხს. არ არსებობს ცნობა ხომალდის ეკიპაჟის მიერ რომელიმე სისტემის გააქტიურების შესახებ. ტაიფუნ ოზბერკის ვარაუდით, გემის რადარებმა (3 ან 4 რადარი) ან ვერ აღმოაჩინეს მისკენ მომავალი „ნეპტუნის“ რაკეტები, ან გემის ეკიპაჟმა ვერ შეძლო თავდაცვითი სისტემების დროულად მოქმედებაში მოყვანა, რაც მსგავსი საგანგებო სიტუაციებისთვის მათ მოუმზადებლობაზე მეტყველებს.[33] ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ასეთი სისტემების გააქტიურების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ უკრაინას სულ მცირე 11 „ნეპტუნის“ გაშვება დასჭირდებოდა, საიდანაც გემის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა 6-ს მოიგერიებდა, ხოლო დარჩენილი 5 მოხვდებოდა ხომალდს და გამოიწვევდა საკმარის ზიანს მის ჩასაძირად. ასევე, სავარაუდოა, რომ ხომალდი დიდი ზომის გამო 150 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის მქონე „ნეპტუნის“ რამდენიმე დარტყმას გაუძლებდა.[34] თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ რაკეტის მოხვედრება გემზე არსებული საბრძოლო მასალის აფეთქებას არ გამოიწვევდა. ამდენად, „მოსკვას“ ჩაძირვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზიანის კონტროლის გაუმართავმა სისტემამ[5][16][33] და პროფესიონალების ნაცვლად სავალდებულო სამხედრო სამსახურის წვევამდელთა გამოყენებამ.[35]
18 აპრილისთვის სოციალურ ქსელებში გავრცელდა ორი ფოტო და ერთი მოკლე, 3 წამიანი ვიდეოკლიპი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანდა „მოსკვა“ ცეცხლის გაჩენიდან ხოტა ხნის შემდეგ და ჩაძირვამდე ცოტა ხნით ადრე. სურათებზე ჩანს მარცხენა ბორტზე დაგვერდებული ხომალდი, დღისით, წყნარ ამინდში. ჩანს ხანძრით მიყენებული მძიმე დაზიანებები ცენტრალური ნაგებობის გარშემო, ასევე, ნახვრეტები გემბანის გვერდითა ნაწილში, წყალხაზთნ ახლოს. ხომალდის სამაშველო ნავების უმეტესობა არ ჩანს, რაც მიუთითებს, რომ ამ დროისათვის უკვე განხორციელებულია ევაკუაცია.[36][37][38] CNN-ის მიხდევით, მარჯვენა ბორტის უკან (სურათის უკანა ფონზე) ჩანს დიდი რუსული სამაშველო საბუქსირო გემი, რომელიც „მოსკვას“ წყალს ასხამს.[38]
სურათების და ვიდეოკლიპის წყარო და ავტორი უცნობია.[36][37][38] The Daily Telegraph-ის ცნობით, სურათები პირველად Telegram-ის ერთ-ერთ არხზე გამოჩნდა, რომელიც რუსეთი უშიშროების სამსახურებთანაა დაკავშირებული.[39] ანალიტიკოსებმა, რომლებსაც კონსულტაციისთვის დამოუკიდებლად მიმართეს The Guardian-მა და CNN-მა, დაადსტურეს, რომ სურათებზე, სავარაუდოდ, „მოსკვა“ ჩანს.[36][38] The Guardian ციტირებს ჟურნალისტს და გემების ექსპერს, იერიუკ იშიკს: „მე ვფიქრობ, ვიდეო ნამდვილია. რასაც ჩვენ ვხედავთ, მისი ფორმა, ზომა, ეს „მოსკვაა“.[36] იგივე გამოცემის მიხედვით, იშიკი დარწმუნებულია, რომ „სულ მცირე ერთი სურათი გადაღებულია 22870 პროექტის სამაშველო საბუქსირო ხომალდიდან, რომლის მსგავსიც რუსეთს შავ ზღვაში სულ მცირე ორი ჰყავს“.[36]
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, თავად სურათების ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა, „რაც მათზეა გამოსახული, თანხვედრაშია იმ შეფასებასთან, რომელიც ხომალდის დაზიანების შესახებ ჩვენ გავაკეთეთ“. [38] კარლ შუსტერი, აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობის გაერთიანებული სადაზვერვო ოპერაციების ცენტრის ყოფილი დირექტორი, აცხადებს: „თუ ფოტოშოპით ან სხვა გზით ფოტოების გაყალბებას გამოვრიცხავთ, ჩანს რაკეტების მოხვედრება წინა ნაწილში, რაც მოულოდნელი არაა. როგორც წესი, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები რადარის სიგნალის ცენტრალური ნაწილისკენ მიისწრაფვიან, რაც როგორც წესი, ხომალდის ზედნაშენის წინა ნაწილია“.[38] სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი ადმირალი კრის პერი The Guardian-ისთვის მიწერილ წერილში წერს: „როგორც ჩანს, ერთი ან ორი რაკეტა გემს სწორედ ხომალდსაწინააღმდეგო П-1000 Вулкан-ის ტიპის რაკეტების ქვეშ მოხვდა. ... ეს გამოიწვევდა მასიურ შიდა დაზიანებას და მათ შორის, თავად ამ რაკეტების მთლიანობის დარღვევასაც, ... რასაც მოჰყვებოდა მათი მყარი საწვავის გამოჟონვა. ეს კიდევ უფრო გააძლიერებდა ხანძარს გემის შიგნით, რომელიც ჰორიზონტალურად, გემბანების გასწვრივ და დაზიანებული ნაკვეთურების გავლით გავრცელდებოდა“.[36]
ლეტუვას თვდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა 14 აპრილს განაცხადა, რომ იმ დღეს „მოსკვადან“ გაიგზავნა უბედურების სიგნალი, რომელსაც თურქულმა გემმა უპასუხა და დაახლოებით 02:00 საათზე 54 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. მისივე თქმით, გემზე ეკიპაჟის 485 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც 66 ოფიცერი იყო. უცნობი იყო, რამდენი მათგანი გადარჩა.[40][41][25][42]
15 აპრილს უკრაინულმა წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „მოსკვას“ ეკიპაჟის ნაწილი, მათ შორის, I რანგის კაპიტანი ანტონ კუპრინი (43 წლის), რომელიც გემის მეთაური იყო, აფეთქების დროს დაიღუპა.[43] 15 აპრილს აშშ-ის მთავრობის მხრიდანაც გავრცელდა ცნობა, რომ მსხვერპლის არსებობის შესახებ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია.[26][44] 18 აპრილს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბრიფინგზე დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სამაშველო ნავებში მყოფი მეზღვაურები მათაც დაინახეს, თუმცა, ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.[45] დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, Новая газета-ს ევროპის ბიურომ გაავრცელა ცნობა, რომ ჩაძირვის მომენტისთვის 40-მდე მეზღვაური იყო დაღუპული.[46] თვითმხილველთა გადმოცემით, ყირიმის საავადმყოფოებში 200-მდე დაშავებული მეზღვაური იმყოფებოდა.[47]
ჩაძირვიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეკიპაჟი ევაკუირებული იყო[43] და მსხვერპლის არსებობა თავდაპირველად არ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე მეზღვაურის ოჯახს შეატყობინეს, რომ მათი ოჯახის წევრი „დაკარგული“ იყო.[48] 16 აპრილს რუსეთმა გაავრცელა ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, ჩანს საზღვაო ძალების მეთაურის, ადმირალ ნიკოლაი იევმენოვის შეხვედრა „მოსკვას“ 100-მდე მეზღვაურთან. ადმირალის განცხადებით, ისინი საზღვაო ძალებში სამსახურს გააგრძელებდნენ.[44] დამოუკიდებელი რუსული ონლაინ-გაზეთის, The Insider-ის ცნობით, ვიდეოზე ჩანს დაახლოებით 100 მეზღვაური, მათ შორის, I რანგის კაპიტანი ანტონ კუპრინი.[49] Naval News-ის ცნობით, რუსეთის თვდაცვის სამინისტროს ვიდეოში 240-მდე გადარჩენილი მეზღვაური ჩანს, მთლიანი ეკიპაჟის დაახლოებით ნახევარი.[33] თუმცა, „რადიო თავისუფლების“ უკრაინული გამოცემა აცხადებს, რომ ამ ვიდეოს ნამდვილობის დადასტურება შეუძლებელია.[50]
22 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა „მოსკვას“ ერთი მეზღვაურის დაღუპვა და 27 დაკარგულად გამოაცხადა. განცხადების მიხედვით, მოხდა 396 მეზღვაურის ევაკუაცია.[1][51]
თუ უკრაინის მტკიცება, რომ „მოსკვას“ ჩაძირვა სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, მართალია, იგი იქნება ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ საომარი მოქმედებების შედეგად ჩაიძირა.[52] მასთამ მიახლოვებული ზომის ბოლო სამხედრო გემი, რომელიც სამხედრო მოქმედებების დროს ჩაიძირა, იყო არგენტინული კრეისერი „გენერალი ბელგრანო“, რომელიც 1982 წელს, ფოლკლენდის ომის დროს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა „Conqueror-მა“ ჩაძირა.[20] „მოსკვა“ ყველაზე დიდი საბჭოთა ან რუსული გემია, რომელიც მოწინააღმდეგემ ჩაძირა მას შემდეგ, რაც გერმანულმა ავიაციამ დაბომბა საბჭოთა საბრძოლო ხომალდი „მარატი“ 1941 წელს,[53] ასევე, ომის დროს დაკარგული პირველი რუსული ფლაგმანი 1905 წლის შემდეგ, როცა რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ცუშიმას ბრძოლაში „თავადი სუვოროვი“ ჩაიძირა.[54] კარლ შუსტერის თქმით, თუ უკრაინის განცხადება მართალია, „მოსკვა“ შეიძლება იყოს ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო გემი, რომელიც სარაკეტო თავდასხმამ გაანეიტრალა ან გაანადგურა.[20]
„მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისთვის მნიშვნელოვანი და დამამცირებელი დანაკარგია, თუმცა, უფრო ფსიქოლოგიური, ვიდრე მატერიალური ხასიათისა, ამბობს უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარი მიკოლა ბიელიესკოვი. მისივე შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე საზღვაო ბლოკადის სრულ მოხსნას არ გამოიწვევს, თუმცა, კარგი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელებს რთული და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების წარმატებით გამოყენება შეუძლიათ.[16] მსგავს დასკვნამდე მივიდა ომის კვლევების ინსტიტუტიც, რომლის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ ხომალდის დაკარგვამ, შესაძლოა, აიძულოს რუსეთი, „შეიყვანოს დამატებითი საჰაერო და წერტილოვანი თავდაცვის სისტემები შავი ზღვის ტაქტიკურ დაჯგუფებაში, ან გაიყვანოს ხომალდები უკრაინის სანაპიროსთან ახლომდებარე პოზიციებიდან“.[55]
„მოსკვა“ ერთადერთი საბრძოლო ხომალდი იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტში, რომელსაც შეიარაღებაში გააჩნდა С-300Ф შორი მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები. იგი არ უშვებდა რაკეტებს უკრაინული სახმელეთო მიზნებისკენ, თუმცა, უზრუნველყოფდა იმ ხომალდების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მისმა ჩაძირვამ აღნიშნულ ხომალდებს, რომლებიც ნაკლებად დაცულნი არიან, აიძულა, მოშორებოდნენ უკრაინის სანაპიროებს. უცნობია, რამდენად შეძლებს უკრაინა მათი გაზრდილი მოწყვლადობის სათავისოდ გამოყენებას.[16] ამერიკელი თადარიგის ადმირალი სემუელ ჯეი კოქსი, საზღვაო ისტორიისა და მემკვიდრეობი სარდლობის დირექტორი, The New York Times-თან აცხადებს, რომ „მოსკვას“ დაკარგვის გამო „უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ამფიბიური შეტევა რუსეთისთვის გაცილებით სახიფათო გახდა, რადგან მისი ამფიბიური და სანაპირო გემები თავდასხმის მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადები არიან“.[56]
„მოსკვას“ იდენტური კლასის ორი ხომალდი 2022 წლის თებერვლიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაშია განლაგებული,[57] თუმცა, მონტრეს კონვენციის ძალით, თურქეთს კონფლიქტში მონაწილე სამხედრო ხომალდებისთვის შავი ზღვის სრუტეები ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, დაკარგული „მოსკვას“ მისივე კლასის ხომალდით ჩანაცვლება სხვა ფლოტებიდან რუსეთს თურქეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევის გარეშე არ შეუძლია.[58][59]
2020 წელს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სევასტოპოლის ეპარქიის მთავარხუცესმა განაცხადა, რომ „მოსკვას“ სამლოცველოში ბინას დაიდებდა „ძელი ჭეშმარიტის“ ნაწილი. „ძელი ჭეშმარიტი“, ქრისტიანული გადმოცემით, წარმოადგენს ჯვარს, რომელზეც ქრისტე გააკრეს და მისი ნაწილი ბევრი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი რელიკვიაა.[60] სხვადასხვა მოსაზრების მიხედვით, რელიკვია ხომალდთან ერთად ჩაიძირა.[61][62][63]
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, „მოსკვას“ ჩაძირვა „რუსეთისთვის დიდი დარტყმაა“, რომელიც აიძულებს მოსკოვს, მძიმე არჩევანი გააკეთოს ორ წამგებიან ნარატივს – რუსი მეზღვაურების არაკომპეტენტურობასა და უკრაინული მხარის წარმატებულ თავდასხმას შორის.[66] სასაკი ტაკაჰირო, ჰიროშიმას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში The Asahi Shimbun-თან საუბარში „მოსკვას“ ჩაძირვას იაპონიის იმპერიის საბრძოლო გემ „იამატოს“ ჩაძირვას ადარებს.[67] აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კერბის განცხადებით, „მოსკვას“ მთავარი ფუნქცია შავ ზღვაში განლაგებული რუსული ძალების საჰაერო შეტევებისგან დაცვა იყო და მის ჩაძირვას ამ მხრივ დიდი გავლენა ექნება, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში მაინც.[68]
Forbes Ukraine-ის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით, „მოსკვას“ ჩაძირვა ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგია რუსული სამხედრო ძალისთვის დღემდე და მისი ჩანაცვლება შეიძლება $750 მილიონი დაჯდეს.[69]
მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, რომ ხომალდის ჩაძირვის მიზეზი უკრაინული რაკეტები არ ყოფილა, Reuters-ის ცნობით 15 აპრილის დილას რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმა კიევში განლაგებულ „Луч-ის“ საკონსტრუქტორო ბიუროს კუთვნილ რაკეტების ქარხანაზე, რომელშიც „ნეპტუნის“ რაკეტები შეიქმნა და იწარმოებოდა.[70]
„მოსკვას“ ჩაძირვამდე ორი დღით ადრე უკრაინის ფოსტამ გამოუშვა ერთი მილიონი მარკა „რუსული სამხედრო ხომალდი, იდი ნახუი“, რომელზეც გამოსახული უკრაინელი ჯარისკაცი „მოსკვას“ შუა თითს უჩვენებს. ჩაძირვამ მარკებზე მოთხოვნა გაზარდა.[71] უკრაინაში ხალხის გარკვეული რაოდენობა მის შესაძენად რიგში 2 საათზე მეტ ხანს იდგა.[72] „მოსკვას“ ჩაძირვამ უკრაინელების სულისკვეთების ამაღლება, ხოლო რუსულ საოკუპაციო ძალებში, პირიქით მისი ვარდნა გამოიწვია.[73] უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური, ოლექსი ნეიჟპაპა „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ დააწინაურეს.[74]
რუსულ სატელევიზიო მედიაში „მოსკვას“ ჩაძირვის ამბავი მხოლო მცირე ხნით გამოჩნდა, ხოლო საგაზეთო სტატიებში საუბარი იყო მოძველებულ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაზე და აღნიშნული იყო, რომ ხომალდის ჩაძირვა ომის მიმდინარეობაზე გავლენას არ იქონიებდა. მიუხედავად ამისა, კინორეჟისორმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვლადიმირ ბორტკომ, რომელიც, BBC-ს შეფასებით, „აშკარად ემოციური“ იყო, განაცხადა, რომ „მოსკვას“ ჩაძირვა ომის საფუძველი იყო.[16] 18 აპრილს სახელმწიფო ტელევიზია Россия-1-ის წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა შემთხვევის გამო რუსეთის საზღვაო ძალები გააკრიტიკა;[75][76] ხოლო სერგეი მარკოვმა, რომელიც კრემლის ერთგული მხარდამჭერია, BBC Radio 4-ის გადაცემაში The World at One განაცხადა, რომ გემს ნორვეგიიდან შემოტანილი რაკეტები მოხვდა, ხოლო მისი ელექტრონული თავდაცვის სისტემა ამერიკელებმა გაანეიტრალეს.[77] რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა სპეკულაცია, რომ ხომალდი ნორვეგიული AGM-119 Penguin-ის ტიპის რაკეტებით ჩაძირეს.[78]
ერთ-ერთმა უკრანულმა გამოცემამ[79] და ორმა სამხედრო ანალიტიკოსმა[80] ჩაძირვის შემდეგ გამოთქვეს ვარაუდი, რომ „მოსკვას“ ბირთვული ქობინების ტარების შესაძლებლობა ჰქონდა და სავარაუდოდ, ჰქონდა ორი ასეთი ქობინი ჩაძირვის მომენტში. მათ მეზობელ ქვეყნებს მოუწოდეს, გამოეკვლიათ შესაძლო ბირთვული ინციდენტის საკითხი. არსებობს მცირედი შანსი, რომ „მოსკვას“ ჰქონოდა ბირთვული ქობინები П-500 Базальт და П-1000 Вулкан-ის სახით, თუმცა, არ არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთი მისი ჩაძირვის დროს.[81] გემზე ბირთვული ქობინების არსებობა უარყო აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმაც.[36]
უკრაინამ „მოსკვას“ ჩაძირვის ადგილი „წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად“ გამოაცხადა. მიმდინარეობს მისი, როგორც დაივინგის ადგილის რეკლამირება, რადგან შემთხვევა ოდესიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში მოხდა, სადაც წყალი მხოლოდ 45-50 მეტრის სიღრმისაა. ჩაძირვის ადგილის დათვალიერება „ზედმეტად ღრმად ჩაყვინთვის გარეშეც“ შეიძლება.[51][82]
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საზღვაო ძალებმა ადგილზე სამაშველო გემი „კომუნა“ გაგზავნეს, რომელსაც ბორტზე AC-28 ტიპის სამაშველო წყალქვეშა აპარატი აქვს. გემი რვა ხომალდისგან შედგენილი კონვოის ნაწილია. „კომუნა“, რომელიც 110 წლის არის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი გემია რუსეთის საზღვაო ძალებში. „მოსკვას“ ზომის და იმის გამო, რომ ჩაძირვისას ის ნაწილებად არ დაშლილა, მისი ზედაპირზე ამოყვანა არაპრაქტიკულია. ნაცვლად ამისა, სამაშველო ოპერაციის სავარაუდო მიზანს კოდირებული მასალების, იარაღის, ცხედრების და სხვადასხვა სენსიტიური მასალის ამოღება წარმოადგენს, რომლებითაც შეიძლება უცხოური ძალები დაინტერესდნენ.[83] „კომუნა“ შავი ზღვის ფლოტის ნაწილია და სევასტოპოლშია ბაზირებული. ჩაძირვის ადგილზე ყოფნამ იგი, შესაძლოა, უკრაინელების პოტენციურ სამიზნედ აქციოს.[84]