ბანგლადეშის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოიცავს ისტორიულ ძეგლებს, კურორტებს, სანაპიროებს, საპიკნიკე ადგილებს, ტყეებსა და ტომებს, ველურ გარემოს. ტურისტებს თევზაობის, წყლის თხილამურებით გასეირნების, მდინარზე ნავებით სეირნობის, მთამსვლელობის, ნიჩბოსნობის, იახტებით გასეირნებისა და ზღვის აბაზანების მიღების შესაძლებლობა აქვთ. [1][2]
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც რაჯშაჰის მეტროპოლიასაც მოიცავს, არქეოლოგიური ძეგლებია, რომელთა შორის აღსანიშნავია: რაჯშაჰის პითიას ტაძრის კომპლექსი, ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი არქეოლოგიური ძეგლი ბოგრას რაიონში მდებარე მაჰასთანგარჰის დასახლება, ნაოგაონში მდებარე უდიდესი ბუდისტური მონასტერი, ტერაკოტის ორნამენტებით მოჩუქურთმებული ინდური ტაძარი, კანტანაგარის ტაძარი და სხვა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩიტაგონის რეგიონში ბორცვიანი სივრცეები, ჩიტაგონგის მთიანი რაიონი და ქვიშიანი სანაპიროებია. კოქს-ბაზარის ცნობილი პლაჟი მსოფლიოში ყველაზე გრძელი უწყვეტი ქვიშიანი პლაჟის ტიტულის კანდიდატია.[3]
სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად ხულნას რეგიონშისუნდარბანსია, მსოფლიოში ყველაზე დიდი მანგოს ტყე სამეფო ბენგალური ვეფხვითა და ლაქებიანი ირმით. ცნობილი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია ბაგერჰატში მდებარე სამოცი გუმბათის მეჩეთი. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სილჰეტის რეგიონში პატარა გორაკებზე ჩაის პლანტაციებია გაშენებული. მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დაცული ტყეები. ამ მხარეში, განსაკუთრებით ჭარბტენიან ტერიტორიებზე (ჰაორი) ზამთარში ტურისტებს ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვთ.
ტურიზმის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო ტურიზმის განვითარების ეროვნულ პოლიტიკას შეიმუშავებს. სამინისტრო ახორციელებს კამპანიას სახელწოდებით „მშვენიერი ბანგლადეში“. ბანგლადეშის ხელისუფლებამ ტურისტული პოლიციის ინსტიტუტი შექმნა, რომელსაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების დაცვა და ტურისტულ წერტილებში ბუნებასა და ველურ გარემოზე ზრუნვა ევალება.
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2013 წლის მოხსენების მიხედვით, ბანგლადეშში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში 2012 წელს პირდაპირ 1 281 500 სამუშაო ადგილი იყო შექმნილი, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის მთლიანი ნაწილის 1.8%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიო მასშტაბით 178 ქვეყნიდან 157-ე ადგილზე იმყოფებოდა.[4] პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილების რაოდენობა 2 714 500 იყო, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 3,7%-ს შეადგენს.[4]2012 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროდან პირდაპირი შემოსავლების პროცენტული მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიოს 176 ქყვეყანას შორის 142-ე ადგილზე იმყოფებოდა.[4]
ბანგლადეშში ღმერთების თაყვანისცემის ბევრი ადგილია. დედაქალაქი დაკა ცნობილია როგორც „მეჩეთების ქალაქი“.
ცნობილი რელიგიური ცენტრები და ტურისტული ღირსშესანიშნაობებია:
ბაითულ მუკარამის ეროვნული მეჩეთი − ბანგლადეშის ეროვნული მეჩეთი. 1968 წელს აგებული მეჩეთი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს. ბაითულ მუკარამი მსოფლიოში სიდიდით მეათე მეჩეთია და 30 000 ადამიანს იტევს.
ბაგერჰათის მეჩეთი − ხულნას მხარეში, ბაგერჰათის რაიონის გარეუბანი. ჟურნალმა Forbes ისტორიული ქალაქი მსოფლიოს 15 დაკარგული ქალაქის სიაში შეიყვანა. ქალაქში 50 ისლამური ძეგლი მდებარეობს.
სამოცი გუმბათის მეჩეთი − სულთანატის პერიოდიდან მოყოლებული ქვეყანაში მდებარე ყველაზე დიდი მეჩეთი, რომელიც აღწერილია როგორც „ყველაზე შთამბეჭდავი მუსლიმური ძეგლი მთელს ინდოეთის სუბკონტინენტზე“.
ვარი-ბატეშვარის ნანგრევები −აიგო ძვ.წ. 450 წელს მაურიების მმართველობის დროს. 2 500 წლის ანტიკური ციხესიმაგრე (ფორტი).
პაჰარპურეს ბიჰარა − ბანგლადეშის ჩრდილოეთით, რაჯშაჰის რაიონში მდებარე ბუდისტური მონასტერი. ბიჰარას 27 აკრი მიწა უკავია და ჰიმალაების სამხრეთით ერთ-ერთი უდიდესი მონასტერია. ბიჰარას დიზაინი იავისა და კამბოჯის ბუდისტური არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი.[5]
ბოგრას გარეუბანი − ბანგლადეშის უძველესი არქეოლოგიური ძეგლი მაჰასთჰანგარაჰში.
სონარგაონი - აღმოსავლეთ ბენგალიის მუსლიმი მმართველების ადმინისტრაციული ცენტრი შუა საუკუნეებში.
ლალბაგჰის ციხესიმაგრე - აგრეთვე ცნობილი როგორც აურანგაბადის ციხესიმაგრე. ქალაქ დაკას ძველი ნაწილის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ბურიგანგაზე მდებარე მოგოლების დაუსრულებელი სასახლე-ციხესიმაგრე. ფორტი სამი შენობის (მეჩეთი, ბიბი-პარის სამარხი და წითელი ფორტი), ორი კარიბჭისა და ნაწილობრივ დაზიანებული საფორტიფიკაციო კედლის კომბინაციად იყო ჩაფიქრებული.[6]
Ahsan Manzil - 1859-1872 წლებში აგებული ნავაბთა სასახლე. ამჟამად დაკას კულტურისა და ისტორიის ამსახველი მუზეუმი. სასახლე ბანგლადეშის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლადაა აღიარებული.[7]
ბარა კატრა - ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი ქალაქ დაკაში. ქალაქის ერთ-ერთი უძველესი შენობა.[8] მდებარეობს მდინარე ბურიგანგას ნაპირზე. ოთხკუთხედი ფორმის შენობის შიგნით ეზო, ოთხივე მხარეს კი 22 ოთახია განთავსებული.[9]
კერზონის დარბაზი - საუკუნის წინ აგებული შენობა, რომელიც თავდაპირველად ქალაქის დარბაზად შეიქმნა, მაგრამ შემდეგ აქ დაკას უნივერსიტეტის მეცნიერების ფაკულტეტი განთავსდა.[10]
ნორთბრუკის დარბაზი - მეცხრამეტე საუკუნეში ლორდ ნორთბრუკის პატივსაცემად აგებული ქალაქის დარბაზი.
↑Begum, Ayesha (2012). „Bara Katra“, Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh.
↑Perween Hasan (2012). „Curzon Hall“, რედ. Sirajul Islam and Ahmed A. Jamal: Banglapedia: National Encyclopedia of Bangladesh, Second, Asiatic Society of Bangladesh.