ნენსი ლაურა სპანჯენი (ინგლ. Nancy Laura Spungen; დ. 27 თებერვალი, 1958, ფილადელფია, პენსილვანიის შტატი — გ. 12 ოქტომბერი, 1978, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი) — 1970-იანი წლების პანკ-როკის ფიგურა. სექს პისტოლზის ბასისტის, სიდ ვიშესის მეგობარი გოგონა. სპანჯენის ცხოვრება და სიკვდილი იქცა მსჯელობისა და დავის საგნად მუსიკის ისტორიკოსებსა და სექს პისტოლზის ფანებს შორის.
ნენსი სპანჯენი, რომელიც ფილადელფიაში დაიბადა და გაიზარდა, ბავშვობაში ემოციურად გაუწონასწორებელი იყო და 15 წლის ასაკში შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. კოლეჯიდან გამორიცხვის შემდეგ ის ლონდონში გაემგზავრა, როდესაც პანკ-როკ მუსიკა თავისი პოპულარობის მწვერვალზე იყო. 1977 წელს შეხვდა სიდ ვიშესს. მათ ურთიერთობას ახასიათებდა შიდა ძალადობა და ნარკოტიკების ხშირი მოხმარება. სექს პისტოლზის დაშლის შემდეგ, წყვილი ნიუ-იორკში გადავიდა და სასტუმრო ჩელსიში დაიწყო ცხოვრება.
1978 წლის 12 ოქტომბერს ნენსი სპანჯენი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს, მუცლის ღრუში დანით მიყენებული ჭრილობით. სიდ ვიშესი ბრალდებულად ცნეს მკვლელობაში, თუმცა მან განაცხადა რომ არაფერი ახსოვდა, რადგან მთელი საღამო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. მუსიკოსი 1979 წლის თებერვალში ჰეროინის ზედმეტი დოზის მიღებისაგან გარდაიცვალა. ამ დროისათვის, სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.
ნენსის სიკვდილის გარშემო წარმოიშვა მრავალი თეორია. საუბარი იყო როგორც სიდის მონაწილეობაზე, ასევე სხვა მრავალ ადამიანზე, რომლებიც მკვლელობის ღამეს წყვილს ესტუმრნენ.
1986 წელს, რეჟისორმა ალექს კოქსმა გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი „სიდი და ნენსი“. ნენსის როლი ფილმში ქლოა უებმა განასახიერა[1].
|