ალბერ სეშე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 ივლისი, 1870[1] [2] |
დაბ. ადგილი | ჟენევა |
გარდ. თარიღი | 2 ივლისი, 1946[1] [2] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ჟენევა |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი და არამხატვრული მწერალი |
მუშაობის ადგილი | ჟენევის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჟენევის უნივერსიტეტი |
ალბერ სეშე (ფრანგ. Albert Sechehaye; დ. 4 ივლისი, 1870, ჟენევა — გ. 2 ივლისი, 1946, იქვე) — შვეიცარიელი ენათმეცნიერი. ჟენევის ლინგვისტური სკოლის წარმომადგენელი, ფერდინანდ დე სოსიურის მიმდევარი და მისი „ზოგადი ლინგვისტიკის კურსის“ ერთ-ერთი გამომცემელი. 1929 წლიდან იყო ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, 1941–1946 წლებში ჟენევის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტი. იკვლევდა ენისა და აზროვნების, წინადადების ლოგიკური სტრუქტურის, ენობრივი ნიშნისა და მისთანა საკითხებს. ეყრდნობა რა სოსიურის იდეებს, მოითხოვდს „ენის“ ლინგვისტიკასთან ერთად „მეტყველების“ ლინგვისტიკის შექმნასაც.[3]
დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი, სადაც 1891–1893 წლებში უსმენდა ფერდინანდ დე სოსიურის ლექციებს ინდოევროპული ენების შედარებით გრამატიკაში, ბერძნულ და ლათინურ ფონეტიკაში. 1893–1902 წლებში სტაჟირებას გადიოდა ლაიფციგისა და გეტინბერგის უნივერსიტეტებში. 1902 წლიდან ასწავლიდა ჟენევის უნივერსიტეტში, სადაც 1929 წლიდან იყო პროფესორი, ხოლო 1939 წლიდან — ზოგადი ლინგვისტიკის კათედრის გამგე. 1917 წლიდან იყო პარიზის ლინგვისტური საზოგადოების წევრი.[4]
ალბერ სეშე ჟენევის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წამყვანი წარმომადგენელია, პირველმა ჩამოაყალიბა მისი იდეები. ჟენევის ლინგვისტური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი (1940-დან).[4]
მისი შრომები ეხება ზოგადი ენათმცოდნეობის მეთოდოლოგიურ პრობლემებსა და გრამატიკის თეორიას. თავის პირველ დიდ ნამუშევარში „თეორიული ლინგვისტიკის პროგრამა და მეთოდები“ (1908), რომელიც ფერდინანდ დე სოსიურს მიუძღვნა, შემოთავაზებული აქვს თეორიული ენათმცოდნეობის, როგორც კანონდადგენილი მეცნიერების აგების ფართო პროგრამა, ენის ყველა დონის დაყოფით სტატიკურად და დინამიკურად, თვითნებობის, როგორც ენობრივი ნიშნის მთავარი თავისებურების გამოყოფით, შეიმუშავა ორიგინალური სწავლება „გრამატიკამდელი ენის“ შესახებ, წინასწარ გამოიცნო XX საუკუნის მრავალი ფონოლოგიური იდეა. „წინადადების ლოგიკური სტრუქტურის ნარკვევში“ (1926), სინტაგმატიკასა და პარადიგმატიკაში სინტაქსური ურთიერთობების გენეზისის გრამატიკული სტრუქტურებისა და მათი ევოლუციის თვალსაზრისით სინქრონული აღწერის პირველ მცდელობაში, ასევე დაუდო სათავე სემანტიკურ სინტაქსისსა და ფუნქციური ტრანსპოზიციის თეორიას. უფრო გვიან ნაშრომებში, ენის დიქოტომიისა და სოსიურის მეტყველების განვითარებით, შეიმუშავა „ორგანიზებული მეტყველების ლინგვისიკა“ — მეცნიერება ენის ფუნქციონირების შესახებ. დაკავებული იყო ლინგვისტური თეორიის საზოგადოებრივ ენობრივ პრაქტიკასთან კავშირების საკითხებით. გამოდიოდა სამეცნიერო და სასკოლო გრამატიკის დაახლოების მომხრედ. საერთოდ, ალბერ სეშეს ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური მიდგომები ენობრივ მოვლენებთან.[4]
1916 წელს შარლ ბალისთან ერთად დასაბეჭდად მოამზადა სოსიურის „ზოგადი ლინგვისტიკის კურსი“. ბევრი რამ გააკეთა მისი იდეების პროპაგანდისა და პოპულარიზაციისათვის. აქტიურად გამოდიოდა ევროპაში ფაშიზმის წინააღმდეგ.[4]