ალექსი ვრანა ან ალექსი ბრანა (ბერძ. Ἀλέξιος Βρανᾶς; გ. დაახლ. 1186–1187) — ბიზანტიელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, წარჩინებული ფეოდალების წრიდან. 1185 წლის 7 ნოემბერს ამფიპოლისთან (დიმიტრიცა) დაამარცხა და ბიზანტიიდან განდევნა სიცილიელი ნორმანები. იმპერატორმა ისააკ II ანგელოსმა იგი აჯანყებულ ბულგართა წინააღმდეგ სალაშქროდ გაგზავნა, მაგრამ ალექსი ვრანა თვითონ აუჯანყდა იმპერატორს და ჯარით კონსტანტინოპოლისაკენ დაიძრა. დაქირავებული ჯვაროსნების (კონრად მონფერატელის წინამძღოლობით) და სელჩუკების დახმარებით იმპერატორმა აჯანყება ჩააქრო. 1313 წელს დაწერილი ეფრემის ქრონიკის მიხედვით კონრადის ჯარში „იბერიელებიც“ იყვნენ. ალექსი ვრანა კონსტანტინოპოლთან ბრძოლაში დაიღუპა.