ანა ლუიზა კარში

ანა ლუიზა კარში

ანას პორტრეტი
დაბადების თარიღი 1 დეკემბერი, 1722
გარდაცვალების თარიღი 12 ოქტომბერი, 1791 (68 წლის)
პროფესია მწერალი

ანა ლუიზა კარში (დ. 1 დეკემბერი, 1722, ჰამერი, სილეზია — გ. 12 ოქტომბერი, 1791, ბერლინი) — გერმანელი ავტოდიდაქტი და პოეტი სილეზიის რეგიონიდან, თანამედროვეებისთვის ცნობილი როგორც „Die Karschin“ და „გერმანელი საფო“.[1]:619 გახდა პირველი გერმანელი ქალი, რომელმაც „საკუთარი ლიტერატურული ნაშრომებიდან მიღებული ჰონორარით შეძლო თავის რჩენა.“[2]

ანა ლუიზა კარში

ანა ლუიზა კარში ფერმაში დაიბადა. მისი მამა ლუდის მწარმოებელი იყო, დედა კი სასტუმროს დიასახლისი. ექვსი წლის ასაკში ის ბაბუამისის ძმამ წაიყვანა, რომელმაც წერა-კითხვა გერმანულად და ლათინურად (საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში) ასწავლა. როდესაც კარშის მამა გარდაიცვალა, დედამ გოგონა ოჯახში დააბრუნა და ახალი მამინაცვალი გააცნო. მამინაცვალმა ოჯახი ტირშტიგელში გადაიყვანა, სადაც კარში, საშუალო შეძლების ქალთან, აკვნის მრწევლად, ძროხების მწყემსად და დამლაგებლად მუშაობდა.[3][4] ამავდროულად, მან მეცხვარე გაიცნო, რომელიც მას წიგნებით ამარაგებდა. მამინაცვალი, გერის გატაცებით უკმაყოფილო იყო, და მას „Lesesucht“-ისათვის (კითხვის მანიისათვის) სცემდა. ამის შემდეგ კარში იძულებული იყო წიგნები ყველას შეუმჩნევლად წაეკითხა. 1738 წელს, 16 წლის ასაკში, ის ცოლად მქსოველ ჰიერსეკორნს გაჰყვა, და ორი შვილი შეეძინა. 1745 წელს, როდესაც მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ, კარში პირველი ქალი გახდა, რომელსაც პრუსიაში განქორწინების უფლება მისცეს. განქორწინებამ ის უსახსროდ დატოვა, და დედამისის წახალისებით, გოგონა ალკოჰოლიკ თერძზე, გვარად კარშზე გათხოვდა. მისმა მეორე ქმარმა ის ჯერ ცენტრალურ პოლონეთში, შემდეგ კი ფრაუსტადტში წაიყვანა. ანას ქმარი დროის უმეტეს ნაწილს სმაში ატარებდა და ძალიან ცოტას მუშაობდა.[3][5]:619–620

კარშმა სასტუმროს მეპატრონის ქვრივი ქალიშვილისათვის ლექსი დაწერა. ამ უკანასკნელის მეუღლის დაკრძალვაზე მათი ოჯახის ნათესავმა ეს ლექსი შენიშნა, წაიკითხა, და ვერ დაიჯერა, რომ ის შესაძლოა ქალის მიერ ყოფილიყო დაწერილი. ოჯახმა ის კარშს შეახვედრა, რომელმაც კაცი მეტად აღაფრთოვანა. ამ კაცმა ანას მრავალი პოეზიის წიგნი აჩუქა, და მან „Gelegenheitsdichtungen“-ის („შემთხვევითი პოეზიის“) ქორწილებისა და დღესასწაულებისათვის თხზვა დაიწყო.[5] მისი ლექსები სილეზიის ადგილობრივ გაზეთებში გამოჩნდა. მალე მის ირგვლივ გულშემატკივართა მცირე ჯგუფიც შეიკრიბა, ძირითადად ლუთერანი პასტორები და მათი მეუღლეები. მისი პოეტური ნიჭი ამ პასტორთა სახლების კულტურულ წრეებში ვითარდებოდა.[3] მის ლექსებს წარმატება მოჰყვა, რამაც ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური კავშირები მოუტანა კარშს, რომ მისი ოჯახის ფინანსური პრობლემებიც კი მოგვარდა. 1760 წლის იანვარში ქალმა საკუთარი ალკოჰოლიკი, მოძალადე მეუღლე პრუსიის არმიას ჩააბარა, რამაც მას უფრო და უფრო რთული მიზნების დასახვისა და მიღწევის გზა გაუხსნა. პრუსიის ავსტრიის წინააღმდეგ ლაშქრობების (სილეზიის ომებში) შესახებ კარში პოზიტიური ტონით წერდა, და განსაკუთრებით პრუსიის მეფე ფრიდრიხს მოიხსენიებდა დადებით კონტექსტში. პოეტი და მეფე შემთხვევით ერთმანეთსაც კი შეხვდნენ, რამაც ანას ფრიდრიხის გამარჯვებების შესახებ წერისკენ უბიძგა. ამ ნაშრომებს ძლიერ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, და ის ქალაქის უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან პირებს დაუახლოვდა.[3][5]:619–620

ამ დროის განმავლობაში, ანას ორი უმცროსი შვილი გარდაიცვალა. დიდი მწუხარებით, ომის შიშითა და ფინანსური სიძნელეებით გამოწვეულმა სასოწარკვეთამ მას „Klagen einer Witwe“ („ქვრივის მწუხარების“) დაწერისაკენ უბიძგა. 1761 წელს, ერთ-ერთ პრუსიელ გენერალს იმდენად მოეწონა ეს ლექსი, რომ პატივისცემის ნიშნად კარში და მისი ქალიშვილი ბერლინში, თავის მეუღლესთან დააბინავა, კარშის ვაჟი კი სოფლის მამულში დაასაქმა. პოეტი ქალი სალონებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. ლიტერატურული ელიტა აღფრთოვანებული იყო მისი ნამუშევრებით, მოსე მენდელსონი კი ანაზე მეტად აღმატებულად ლაპარაკობდა. ბერლინში ყოფნისას მას მენტორ იოჰან ვილჰელმ ლუდვიგ გლეიმმა „გერმანელი საფო“ უწოდა.[6] კარშს გლეიმი შეუყვარდა, რომელიც ამ გრძნობებს არ იზიარებდა. ამის მიუხედავად, გლეიმმა ანას პოეზიის ორი ტომი, 1764 და 1772 წლებში, გამოაქვეყნა. კარშის წერილები, განსაკუთრებით გლეიმისადმი, მის კიდევ ერთ ლიტერატურულ მიღწევად ითვლება.[2][1]:619–620

მიწვევების შემდეგ, ის მაგდებურგსა და ჰალბერშტადტში გაემგზავრა. იქ მეფის დასთან ერთად „Passions-kantate“-ზე („ვნებების კანტატა“) მუშაობდა. სწორედ იქ მიაღწია საკუთარი პოპულარობის უმაღლეს მწვერვალს. ფრიდრიხ II დათანხმდა მისთვის პენსიის მიცემას და სახლის აშენებას, მაგრამ მისი პოეტური ბრწყინვალება სამეფო კარზე ნელ-ნელა ჩაქრა და მეფის აუსრულებელ პირობასთან ერთად, ანა სიღარიბეში ჩავარდა. ფრიდრიხის გარდაცვალების შემდეგ მან ახალ მეფეს, ვილჰელმს, ეს დაპირება შეახსენა, რომელიც დათანხმდა მის აღსრულებაზე და კარშს „Deutschlands Dichterin“ - გერმანიის პოეტი უწოდა. ქალისათვის აშენდა სახლი, სადაც ის ცხოვრობდა და წერდა სიკვდილამდე - 1791 წლამდე. მისი მემორიალი განთავსებულია ბერლინის სოფიენკირხეს გარე კედელზე.[2]

მისი ქალიშვილი კაროლინ ლუიზა ფონ კლენკე პატივცემული პოეტი და დრამატურგი გახდა, ხოლო მისი შვილიშვილი ჰელმინა ფონ ჩეზი (1783–1856) გახდა ავტორი, რომლის პიესისათვის - „როზამუნდი“ (Rosamunde.1823) ფრანც შუბერტმა მუსიკა დაწერა.

ლუიზა კარშის გამოქვეყნებული ნაშრომები, როგორც ციტირებულია კონტინენტური ქალი მწერლების ენციკლოპედიაში.[1]:620

  • „Auserlesene Gedichte“ [რჩეული ლექსები] (1764)
  • „Einige Oden über verschiedene hohe Gegenstände“ [ზოგიერთი ოდა სხვადასხვა მაღალი თემების შესახებ] (1764)
  • „Poetische Einfälle“ [პოეტური იდეები, პირველი კრებული] (1764)
  • „Kleinigkeiten“ [წვრილმანები] (1765)
  • „Neue Gedichte“ [ახალი ლექსები] (1772)
  • „Gedichte“ [ლექსები] (1792)
  • Kord, S. (2003) Visionaries and window shoppers: Anna Louisa Karsch between bourgeois aesthetic theory and lower-class authorship. Article in Lessing Yearbook, XXXV. pp. 169–201. ISSN 0075-8833
  • Kord, S. (2003) Visionaries and window shoppers: Anna Louisa Karsch between bourgeois aesthetic theory and lower-class authorship. Article in Lessing Yearbook, XXXV. pp. 169–201. ISSN 0075-8833

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Wilson, Katharina M. (1991) An Encyclopedia of Continental Women Writers. New York & London: Garland Publishing, Inc.. 
  2. 2.0 2.1 2.2 McFarland, Robert B. (27 June 2017). „Anna Louisa Karsch, 1722–1791“. Author Gallery. Brigham Young University. ციტირების თარიღი: 14 July 2017.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 McFarland, Robert B. (27 June 2017). „Anna Louisa Karsch, 1722–1791“. Author Gallery. Brigham Young University. ციტირების თარიღი: 14 July 2017.
  4. Kord, Susanne (2003) Women Peasant Poets in Eighteenth-Century England, Scotland, and Germany: Milkmaids in Parnassus. United States of America: Camden House. 
  5. 5.0 5.1 5.2 Wilson, Katharina M. (1991) An Encyclopedia of Continental Women Writers. New York & London: Garland Publishing, Inc.. 
  6. Baldwin, Claire (2004). „Anna Louisa Karsch as Sappho“. Women in German Yearbook. 20: 62–97. doi:10.1353/wgy.2004.0008. JSTOR 20688973. S2CID 145717779.