სოფელი | |
---|---|
არილი | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | ფინდიქლის რაიონი |
კოორდინატები | 41°12′34″ ჩ. გ. 41°10′08″ ა. გ. / 41.20944° ჩ. გ. 41.16889° ა. გ. |
ადრეული სახელები | ფიჭალა |
საფოსტო ინდექსი | 53700 |
არილი (თურქ. Arılı) — სოფელი ფინდიქლის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 69 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ ფინდიქლიდან 9 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 387 ადამიანი ცხოვრობს.[2]
არილის და გურსუს სოფლების საერთო ძველი სახელწოდებაა ფიცხელა. მდინარე არილი კი ლაზურად ცნობილია როგორც „ფიცხელა წკარი“ (ფიცხელა-წკარი).[3] კულტურის ისტორიკოსმა ნიკო მარმაც სოფლის სახელი ჩაწერა როგორც ფიცხელა.[4] ეს ტოპონიმი, შესაძლოა, წარმოშობილია ქართული სიტყვიდან „ფიცხელი“, რაც ნიშნავს „სწრაფს“ და უკავშირდება ამ მდინარის დინებას.[5] ფიცხელა თავდაპირველად იყო ერთი დასახლება, მოგვიანებით კი გაიყო ორად — „ზემო ფიცხელად“ და „ქვემო ფიცხელად“. ეს ტოპონიმი თურქულში შევიდა როგორც პიშელა. დღევანდელი სოფელი არილი 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში მოხსენიებულია მხოლოდ როგორც პიშელა (پسخلا).[6] 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში კი ჩაწერილია როგორც პისკალა-ი სუფლა (پسقالا سفلا).[7]
სოფელი ფიცხელა მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ ეპოქაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ დაიპყრეს ეს რეგიონი. 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულის მიხედვით, ეს დასახლება ექვემდებარებოდა ტრაპიზონის პროვინციის, ლაზისტანის სანჯაყის, ხოფის რაიონის არჰავის თემს. მოსახლეობა შედგებოდა 68 ოჯახში მცხოვრები 135 ადამიანისგან. შესაძლოა ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცთა რაოდენობას ასახავდეს. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობად აღრიცხულია 155 ცხვარი და თხა, 207 ძროხა და 8 ხარი.[8]
ქვემო ფიცხელა / პიშალა პირველი მსოფლიო ომის წლებში რუსული მმართველობის საზღვრებში მოექცა. ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში იმოგზაურა. „ფიცხალა სუფლა“ ფორმით აღნიშნულ სოფელში 81 ოჯახი ცხოვრობდა. მან აღნიშნა, რომ ვიწეზე დამოკიდებულ სოფელში ასევე ცხოვრობდა 38 ოჯახი ჰემშინი.[9] ნიკო მარმაც 1910 წელს აღნიშნა, რომ ქვემო ფიცხალაში ლაზების გარდა ჰემშინებიც ცხოვრობდნენ. მარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოფლის მარცხნიდან მომდინარე „ფიცხელა წკარი“ ერწყმოდა მარჯვნიდან მომდინარე „მზუღუ წკარს“ და უფრო ქვევით უერთდებოდა მდინარე ვიწეს.[4]
სოფელი ქვემო ფიცხელა 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში, რიზეს პროვინციის ხოფის რაიონის ვიწეს თემს ექვემდებარებოდა.[10] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში „პიშალაისუფლად“ ჩაწერილი სოფელი, რიზეს და ართვინის პროვინციების ნაცვლად შექმნილი ჩორუჰის პროვინციის ხოფის რაიონის ვიწეს თემის სოფლებიდან ერთ-ერთი იყო და მისი მოსახლეობა შეადგენდა 529 ადამიანს.[11] სოფელი ქვემო ფიცხელა 1945 წლის საყოველთაო აღწერაშიც „პიშოლასუფლად“ იყო მოხსენიებული, მაგრამ 1950 წლის საყოველთაო აღწერაში უკვე არილის სახელით იყო რეგისტრირებული. როგორც ჩანს, ამ ორ თარიღს შორის სოფლის სახელი შეიცვალა არილად.[12][13] 1965 წლის საყოველთაო აღწერაში არილის მოსახლეობა შეადგენდა 649 ადამიანს და ამ მოსახლეობიდან 334 ადამიანმა იცოდა კითხვა და წერა.[14]
|