ბერილ დედეოღლუ | |
---|---|
თურქ. Beril Dedeoğlu | |
დაბადების თარიღი | 9 დეკემბერი, 1961 |
დაბადების ადგილი | ანკარა |
გარდაცვალების თარიღი | 13 მარტი, 2019 (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
განათლება | გალათასარაის საშუალო სკოლა და სტამბოლის უნივერსიტეტი |
ბერილ დედეოღლუ (თურქ. Beril Dedeoğlu, დ. 9 დეკემბერი, 1961, ანკარა — გ. 13 მარტი, 2019) — თურქი პოლიტიკოსი, აკადემიკოსი, პუბლიცისტი.
ბერილ დედეოღლუ დაიბადა 1961 წელს ანკარაში. მან დაამთავრა გალათასარაის ლიცეუმი, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა სტამბოლის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
დედეოღლუმ კარიერა დაიწყო პროფესორ ესათ ჩამის ასისტენტად. იგი 1995 წლიდან მუშაობს გალათასარაის უნივერსიტეტში. 1995 წელს იგი გახდა ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2005 წელს — პროფესორი.[1] ბერილ დედეოღლუ კითხულობდა ლექციებს კადირ ჰასის უნივერსიტეტსა და სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტში.[2] დედეოღლუ არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მან მონაწილეობა მიიღო უამრავ სატელევიზიო გადაცემაში სხვადასხვა არხებზე: Samanyolu Haber და TRT Haber.[3][4]
2012 წლის 6 თებერვალს, პრეზიდენტ აბდულა გიულის მიერ, დედეოღლუ ოთხი წლით დაინიშნა უმაღლესი განათლების საბჭოს წევრად.[5]
2012 წლის დეკემბერში შედგა სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) შორის, რომლებიც კონფლიქტში არიან ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან. კონფლიქტის დასრულების გეგმა მოიცავდა „ბრძენი ხალხის“ სპეციალური კომიტეტის შექმნას, რომელშიც შედიოდნენ წარმომადგენლები თურქეთის შვიდი რეგიონიდან. დედეოღლუ ცენტრალური ანატოლიის რეგიონიდან ვიცე-თავმჯდომარე გახდა. 2013 წლის პირველ ნახევარში,[6] როგორც კომიტეტის წევრი, იგი დაესწრო და თავად გამართა რამდენიმე კონფერენცია ცენტრალურ ანატოლიაში.
2015 წლის ივნისში თურქეთში საყოველთაო არჩევნები ჩაიშალა, ხოლო კოალიციური მოლაპარაკებები საბოლოოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დანიშნა ვადამდელი არჩევნები 2015 წლის ნოემბრისთვის, რითაც საჭირო გახდა დროებითი საარჩევნო მთავრობის ფორმირება, როგორც ამას თურქეთის კონსტიტუცია მოითხოვს. დროებითი საარჩევნო მთავრობა, პირველად თურქეთის ისტორიაში, ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ, რომელმაც ყველა პარტიას მოწვევა გაუგზავნა მონაწილეობის მისაღებად. დავუთოღლუს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) გარდა, მხოლოდ სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ (HDP) მიიღო მონაწილეობა, ხოლო რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ (CHP) და ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ (MHP) უარი თქვეს მათ მოწვევაზე. 2015 წლის 22 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე დედეოღლუ დაინიშნა თურქეთის ინტეგრაციის მინისტრად ევროკავშირის საკითხებში და გახდა მთავარი მომლაპარაკებელი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში.
გარდა პოლიტიკური მოღვაწეობისა, ბერილ დედეოღლუ წერდა პუბლიკაციებს სხვადასხვა გამომცემლობისთვის,როგორიცაა: Star, Today's Zaman, Zaman, Agos და Yeni Şafak.[7]
ბერილ დედეოღლუ გარდაიცვალა 2019 წლის 13 მარტს, ორი კვირის შემდეგ, თავის ტვინში სისხლჩაქცევის შედეგად. ის მხოლოდ 57 წლის იყო.[8]