პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გაიოზ ივანეს ძე ჯეჯელავა | ||
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1914 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი | 16 მარტი, 2005 (90 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 164 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა გარემარბი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1935–1936 | ლოკომოტივი | ||
1937–1948 | დინამო თბ. | 145 | (66) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1950–1951 | ვვს მოსკოვი | ||
1956–1957 | დინამო თბილისი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გაიოზ ჯეჯელავა (დ. 29 დეკემბერი, 1914, ტფილისი, რუსეთის იმპერია — გ. 16 მარტი, 2005, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940) და ორზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946), , საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1974). წითელი ვარსკვლავის ორდენის (1946), შრომის წითელი დროშისა (1972) და საპატიო ნიშნის სამი (1941, 1950, 1957) ორდენის კავალერი.[1][2]
გაიოზ ჯეჯელავა ფეხბურთის თამაშს 16 წლის ასაკში იწყებს. 1932−33 წლებში თბილისის დეპო-ცეკავშირის გუნდში, ხოლო 1934 წელს თბილისის ტსპო-ს გუნდში გამოდის. 1935–1936 წლებში თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშია. 1937–1948 წლებში კი თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს.[3] კლუბის მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის 145 შეხვედრას თამაშობს და 66 ბურთი გააქვს. ამას გარდა, მის რიგებში ექვს საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, სადაც რვაჯერ იღებს მეტოქეთა კარს.[4][5] სათამაშო კარიერას ამავე კლუბში, 1948 წელს ასრულებს.
ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო მოღვაწეობას აგრძელებს და 1949 წელს 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროს მწვრთნელად იწყებს მუშაობას, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თავად გახლავთ.[6] 1950 წელს მოსკოვიდან იღებს მოწვევას და ახლადშექმნილ სამხედრო-საავიაციო ძალების გუნდის — მოსკოვის ვვს-ის მთავარი მწვრთნელი ხდება, სადაც ნაყოფიერი მუშაობის მიუხედავად მხოლოდ ერთ სეზონს ატარებს. ამის შემდეგ 1956−1957 წლებში თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობს. მოგვიანებით მუშაობას ინჟინრის სპეციალობით აგრძელებს და ერთი პერიოდი საშენ მასალათა ქარხნის დირექტორის თანამდებობას იკავებს. მისი ავტორობით გამოდის წიგნები — „ქართული ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში“ (1947) და „მოძრავი თამაშობანი ფეხბურთელთათვის“ (1947).
1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[7]
ფეხბურთის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა, როგორც იშვიათი ტაქტიკური და საგოლე ალღოს მქონე მაღალტექნიკურმა და მეტოქეთათვის უაღრესად სახიფათო ფორვარდმა. გამოირჩეოდა მაღალი სასტარტო სისწრაფით, თავბრუდამხვევი დრიბლინგითა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით. ფლობდა ძლიერ და ზუსტ დარტყმას. სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შეფასებით, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული.[8]
Dinamo-Tbilisi.ru · Bombarder.Narod.ru · UEFA.com · FootballFacts.ru · Tbilisi.media · Pomnipro.ru |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |
გაიოზ ჯეჯელავა – 100 |
|