გიორგი ბარამიძე (დ. 5 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ვიცე-პრემიერი 2006-2012 წლებში. საქართველოს პარლამენტის ხუთგზის (1992, 1995, 1999, 2003, 2012) წევრი.
გიორგი ბარამიძე დაიბადა 1968 წლის 5 იანვარს თბილისში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას გარემოს დაცვის კათედრაზე. არის მეცნიერული კვლევების ავტორი. გიორგი ბარამიძე იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. მონაწილეობას იღებდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების გადარჩენა-აღდგენის საქმეში. 1989 წლიდან იგი იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრალური საბჭოს წევრი. 1990 წელს საქართველოს მწვანეთა პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ამ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი.
1992 წელს მუშაობა დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კომიტეტში, სამმართველოს უფროსად. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მწვანეთა ეგიდით აფხაზეთის მოსახლეობის დახმარების ჰუმანიტარულ შტაბს, შემდგომ - დაკარგულთა მოძიებისა და ტყვეთა გათავისუფლების სახელმწიფო შტაბს. მისი უშუალო ძალისხმევით სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ იქნა მძევლად დარჩენილი 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტყვეობიდან გათავისუფლდა 200-მდე ქართველი მებრძოლი, მონაწილეობას იღებდა სოფელ ლაბრაში და სოხუმში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მწვანეთა პარტია “ და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობის საკითხთა კომისიის მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი, აგრეთვე NATO-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისიის წევრი.
1995 წელს დაამთავრა აშშ თავდაცვის სამინისტროს ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უშიშროების საკითხთა და თავდაცვითი ეკონომიკის ცენტრი (გერმანია, გარმიშ-პატერკირხენი). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1995 წლის ნოემბრიდან 1996 წლის მარტამდე იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი. 1996 წლის მარტიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით კომისიის მუშაობის საფუძველზე თანამდებობიდან გადაყენებულ იყვნენ მინისტრები: ფრიდონ ინჯია (საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს), დავით ზუბიტაშვილი (საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო), დავით იაკობიძე (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო). ასევე დ. ელიაშვილი (საქ. გაზის დეპარტამენტის თავმჯდომარე). კომისიის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფოს მფლობელობაში დაუბრუნდა გუდაურის სასტუმროს 8. მლნ. ლარის ღირებულების აქციათა პაკეტი. 1996 წლის სექტემბრიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარედ. 1997 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოში „გაეროს“ განვითარების პროექტის ერთობლივი პროგრამა „კორუფციის კვლევის ცენტრი“, რომლის პირველ ეროვნულ დირექტორად თავად დაინიშნა. 1998 წლის ივლისში გადადგა მოქალაქეთა კავშირის ფრაქციისა და პარლამენტის ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. 1998 წლიდან იმყოფებოდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა და ამავდროულად სენატორ კარლ ლევინთან (მიჩიგანის შტატი, დემოკრატი) ერთად იკვლევდა აშშ სახელისუფლო სტრუქტურების ფუნქციონირების პოლიტიკის საკითხებს. აგრეთვე სწავლობდა აშშ-სა და კავკასიის რეგიონის პოლიკიტური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშორმლობის მექანიზმებს. 1999 წლის ივლის-აგვისტოში პრაქტიკა გაიარა აშშ-ს სენატის სამხედრო სამსახურის კომიტეტში. 1999 -2004 წლებში კვლავ საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრია (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის აპრილამდე იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2002 წლის ივნისში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარედ. ამავდროულად, იყო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ბალტიისპირეთში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე. 2003 წელს კვლავ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის საარჩევნო ოლქიდან.
ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003 წლის ნოემბერში დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, ხოლო 2004 წლის ივნისში დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. 2004 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2006 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრად. 2012 წელს გადადგა მინისტრის თანამდებობიდან, რათა კენჭი ეყარა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებს.
2006 წლის თებერვალში ლიტვის დამოუკიდებლობისა და საქართველო-ლიტვის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის ლიტვის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო „The Grand Cross of Commander of the Order for Merits to Lithuania“ გადაეცა. არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ფარიკაობაში და საქართველოს კარატე-დო-ს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: კობა ნარჩემაშვილი |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2003—2004 |
შემდეგი: ირაკლი ოქრუაშვილი |
წინამორბედი: გელა ბეჟუაშვილი |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2004 |
შემდეგი: ირაკლი ოქრუაშვილი |
წინამორბედი: თამარ ბერუჩაშვილი |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2004-2012 |
შემდეგი: თორნიკე გორდაძე |
|
|
|
|