პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 9 თებერვალი, 1988 |
დაბ. ადგილი | ზუგდიდი, საქართველო |
სიმაღლე | 170 სმ |
წონა | -70 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპორტი | აშიჰარა კარატე, კიკბოქსინგი, სავატე |
კლუბი | Golden Glory |
მწვრთნელი | სიეფ ვებერი, ნიეკი ჰოლცკენი, ბაჩუკი ფარცვანია |
დავით ქირია (დ. 9 თებერვალი, 1988, ზუგდიდი, საქართველო) — ქართველი კიკბოქსიორი. იბრძვის მსუბუქ წონით კატეგორიაში. 2014 წლის 8 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი K1-Glory ვერსიაში, მსუბუქ წონით კატეგორიაში.
დაიბადა ზუგდიდში, საქართველოში. 9 წლის ასაკში დაიწყო აშიჰარა კარატეს შესწავლა აშიჰარა კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციაში.[1] 10 წლის ასაკიდან დაიწყო კარატეს ტურნირებზე გამოსვლა მის მწვრთნელთან, ბაჩუკი ფარცვანიასთან ერთად. მოგვიანებით გადავიდა ნიდერლანდებში, სადაც ვარჯიშობდა აშიჰარა კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელ დეივ იონკერსთან Golden Glory-ს დარბაზში ლეგენდარულ მძიმე წონით კატეგორიაში მებრძოლ სემ შილტთან ერთად.[2] 2009 წელს მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი კიოკუშიკაი კარატე კამაკურაში.[3][4]
2008 წელს, თურქეთში, სტამბოლში გამართულ Ring Masters Olympia-ს საშუალო მსუბუქ წონით კატეგორიაში გამართულ ტურნირზე ის გავიდა ფინალში, სადაც სამრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა სომრაკ კამსინგთან.[5]
ამის შემდეგ, ქირიამ გადაინაცვლა საშუალო წონით კატეგორიაში. 2010 წლის 17 აპრილს, მან მონაწილეობა მიიღო 8 სუპერმებრძოლის ტურნირში ფრანკფურტში, გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხედფინალში წააგო მარკო პიკესთან, მან მაინც მიიღო მონაწილეობა ნახევარფინალში შემსი ბექირის ნაცვლად, რომელმაც ვეღარ განაგრძო ბრძოლა ცხვირის გატეხვის გამო. შემდეგ მან წააგო კრის ვან ვენპოეპთან.
სპორტის რამდენიმე გამოცდილ მებრძოლთან განცდილი რამდენიმე მწარე მარცხის შემდეგ, ქირიამ საბოლოოდ მიაღწია დიდ გამარჯვებას K-1-ის ვეტერან უილიამ დინდერთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში ასენში, ნიდერლანდებში.[6]
ქირია 2014 წლის 8 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული საპრომოუტერო კომპანია GLORY-ს მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩის გამარჯვებული გახდა. მსუბუქი წონითი კატეგორიის (70 კგ-მდე) ფინალურ შეხვედრაში სურინამელი ენდი რისტი მე-5 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ GLORY-ს ოფიციალურ რეიტინგში იმ დროისთვის პირველ ადგილზე მყოფ რისტის ზურგს 44 გამარჯვება უმაგრებდა და მხოლოდ 3 მარცხი ჰქონდა, თუმცა, ქართველ მებრძოლთან მაინც ვერაფერს გახდა.[7]
2017 წლის 26 ნოემბერს დავით ქირიამ პარიზში გამართულ ფრანგული კიკბოქსინგის (სავატე) მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში დიდი უპირატესობით დაამარცხა უკრაინელი მებრძოლი სერგეი კალიუბა, ხოლო ფინალში ასევე დიდი უპირატესობით დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ და დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს.
2013 წლიდან დაქორწინებულია ნიდერლანდების მოქალაქეზე მარისა ვან დამზე.[8]