დანი შამუნი داني شمعون | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 აგვისტო, 1934 დეირ ელ-კამარი, ლიბანი |
გარდაცვალების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1990 ბეირუთი |
გარდაცვალების მიზეზი | მკვლელობა |
მოქალაქეობა | ლიბანი |
განათლება | ლაფბოროს უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთი |
პროფესია | "ვეფხვების მილიციის" მეთაური |
პარტია | ლიბანის ნაციონალ-ლიბერალური პარტია |
რელიგია | ქრისტიანი მარონიტი |
მეუღლე(ები) |
პეტი შამუნი ინგრიდ შამუნი |
შვილ(ებ)ი | ტრეისი შამუნი, თამარა შამუნი, თარიკ შამუნი, ჟულიან შამუნი |
მშობლები |
მამა: ქამილ შამუნი დედა: ზელფა შამუნი |
ნათესავები | დორი შამუნი ძმა |
დანი შამუნი (არაბ. داني شمعون; 26 აგვისტო, 1934, დეირ ალ-ქამარი - დ. 21 ოქტომბერი, 1990, ბეირუთი) — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი და მებრძოლი, ვეფხვების მილიციის მეთაური, ლიბანის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე. 1985-1990 წლებში — ეროვნულ-ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე. ქამილ შამუნის უმცროსი ვაჟი. ოჯახთან ერთად იგი პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
დაიბადა ლიბანის პრეზიდენტის (1952-1958 წლებში), ეროვნულ-ლიბერალური პარტიის (ელპ) დამფუძნებლის, ქამილ შამუნის ოჯახში. ეკუთვნოდა გავლენიან მარონიტთა კლანს. განათლება მიიღო ლაფბოროს უნივერსიტეტში — დიდ ბრიტანეთში, დაეუფლა ინჟინრის პროფესიას.
დიდი ხნის განმავლობაში დანი შამუნი არ იჩენდა პოლიტიკისადმი ინტერესს. ამასთან, ქამილ შამუნს სურდა, რომ მის ვაჟებს ოჯახის ტრადიცია გაეგრძელებინათ და სახელმწიფო მოღვაწეები გამხდარიყვნენ. დანი შამუნი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც 1975 წელს დაიწყო.[1][2]
1976 წელს დანი შამუნი გახდა ეროვნულ ლიბერალური პარტიის (ელპ) შეიარაღებული დაჯგუფების „ვეფხვების მილიციის“ მეთაური. ეს დაემთხვა ლიბანში მემარჯვენე ქრისტიანული ორგანიზაციების ტრადიციას: ფალანგისტების შეიარაღებულ ფორმირებებს მეთაურობდა ბაშირ ჯემაიელი, პარტია ქათაიბის დამაარსებლის პიერ ჯემაიელის უმცროსი ვაჟი, ხოლო „მარადას“ ფორმირებას—ტონი ფრანჟიე, პრეზიდენტ სულეიმან ფრანჟიეს ვაჟი.
შამუნ უმცროსის „ვეფხვების მილიცია“ აქტიურად მონაწილეობდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა (პგო) და პროგრესულ სოციალისტურ პარტიასთან გამართულ ბრძოლებში. დანი შამუნი პალესტინის ბანაკ თელ ზაატარის ალყის და შტურმის დროს ლიდერებს შორის იმყოფებოდა. როგორც აღნიშნავდნენ, "ვეფხვები" უფრო აგრესიულები იყვნენ მუსლიმი მოსახლეობის მიმართ, ვიდრე ქათაიბის ფალანგისტები. ქათაიბთან, კედრების მცველებთან და თანზიმის ორგანიზაციასთან ერთად "ვეფხვებმა" ჩამოაყალიბეს „ლიბანის ძალები“ — მემარჯვენე ქრისტიანული კოალიციის ლიბანის ფრონტის სამხედრო ფრთა. 1978 წელს, როდესაც კონფლიქტი გაჩნდა "ლიბანის ფრონტსა" და სირიას შორის, "ვეფხვებმა" მონაწილეობა მიიღეს მემარჯვენე ქრისტიანული ფორმირებების ასდღიან ომში სირიის ჯარების წინააღმდეგ. [3][4][5]
1980 წლისთვის ქათაიბსა და ეროვნულ-ლიბერალურ პარტიას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაშირ ჯემაიელ უმცროსსა და დანი შამუნ უმცროსს შორის პირადმა დაპირისპირებამ: ორივე პრეტენზიას აცხადებდა მემარჯვენე ქრისტიანული შეიარაღებული ძალების ერთპიროვნულ ლიდერბაზე. ამავე დროს, ქამილ შამუნ უფროსი უკმაყოფილო იყო მისი შვილის ზედმეტი დამოუკიდებლობით და არ ეწინააღმდეგებოდა დანი შამუნისადმი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიმართ ძალის გამოყენებას.[6]
1980 წლის 7 ივლისს საფრაში ფალანგისტებმა მოაწყვეს სისხლიანი ანგარიშსწორება ეროვნულ-ლიბერალურ პარტიის აქტივისტების, მათ შორის „ვეფხვების“ ბოევიკების წინააღმდეგ. ამავე დროს, თავად დენი შამუნს მიეცა შესაძლებლობა დაეტოვებინა საფრა ისე, რომ არ დაეშვა შეურიგებელი მტრობის გაღვივება პარტიების პატრიარქებს — პიერ ჯემაიელსა და კამილ შამუნს შორის. დანი შამუნი პირველად იმალებოდა სუნიტ მოკავშირეებთან მუსულიმურ დასავლეთ ბეირუთში. მცირე ხნით, იგი ალიანსში შევიდა სირიელებთან და პალესტინელებთან . შემდეგ მან დატოვა ლიბანი. "ვეფხვების მილიცია" დაიშალა, ხოლო მემარჯვენეების ქრისტიანულ ბანაკში ფალანგისტური პარტია ქათაიბისა და ჯემაიელების ოჯახის მმართველობა დამკვიდრდა.
1982 წლის აგვისტოში ბაშირ ჯემაიელი აირჩიეს ლიბანის პრეზიდენტად. სექტემბერში ჯემაიელ უმცროსი დაიღუპა ტერაქტის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ სირიის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან შამუნ უმცროსს ლიბანში დაბრუნება შესთავაზა. დენი შამუნმა ეს შეთავაზება უკვე ბაშირ ჯემაიელის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.
1983 წლიდან 1985 წლამდე დანი შამუნი მუშაობდა ეროვნულ-ლიბერალურ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 1985 წელს ქამილ შამუნმა დანი შამუნს დაუთმო ეროვნულ-ლიბერალურ პარტიის თავმჯდომარეობა (1987 წელს გარდაიცვალა შამუნ უფროსი). ზოგადად დანი შამუნი აგრძელებდა მამის პოლიტიკას. მისთვის პრიორიტეტული საკითხი იყო ლიბანის სუვერენიტეტის აღდგენა. ამ მიზეზით, იგი კონფლიქტში იყო სირიასთან და ნაწილობრივ ისრაელთან.
1988 წელს დანი შამუნმა დაიწყო „ლიბანის ფრონტის“ კოალიციის აღდგენა. ამავე დროს, დანი შამუნმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა ლიბანის პრეზიდენტობის პოსტზე, მაგრამ იგი დაბლოკა სირიის საოკუპაციო ხელისუფლებამ.
დანი შამუნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 1989 წლის ტაიფის შეთანხმებებს პოლიტიკური დარეგულირების შესახებ. მან უარი თქვა ტაიფის ხელშეკრულებების შესაბამისად ჩამოყალიბებული მთავრობის აღიარებაზე. მან კავშირი დაამყარა ერაყის ხელისუფლებასთან სირიის წინააღმდეგ.
1990 წლის 21 ოქტომბერს ლიბანის არმიის წევრებად გადაცმული მკვლელები ბეირუთში დანი შამუნის სახლში შევიდნენ. მათ დანი შამუნი სიცოცხლეს გამოასალმეს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად.
დანი შამუნის, მისი მეუღლისა და შვილების მკვლელობა "იმდენად სასტიკი იყო, რომ მან ომში გამობრძმედილი ლიბანელებიც კი შეაძრწუნა". ამასთან, შექმნილი მდგომარეობა არ უწყობდა ხელს დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას. სირიის რეჟიმი მკაცრად აკონტროლებდა ლიბანში არსებულ ვითარებას. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო კონტექსტმაც. მძვინვარებდა სპარსეთის ყურის ომი და ახლოვდებოდა ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი. სირიის პრეზიდენტმა ჰაფეზ ასადმა მხარი დაუჭირა სადამის საწინააღმდეგო კოალიციას, ხოლო დანი შამუნი იყო სადამ ჰუსეინის პარტნიორი (თუმცა არა ქუვეითის აღების მხარდაჭერის თვალსაზრისით). [7][8]
დანი შამუნის და მისი ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალი დასდეს სამირ ჯააჯას . 1995 წელს მის მიმართ გამოტანილი იყო სასიკვდილო განაჩენი, რომელიც სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ეს განაჩენი ბევრმა შეაფასა, როგორც შეუსაბამო და პოლიტიკურად მოტივირებული. დორი შამუნი, დანის ძმა, რომელიც დანი შამუნის გარდაცვალების შემდეგ ეროვნულ-ლიბერალურ პარტიის თავმჯდომარე გახდა, სამირ ჯააჯას უდანაშაულობის მიმართ ნდობა გამოხატა და ძმის მკვლელობაში სირიის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. [9][10][11]
2005 წლის კედრების რევოლუციის დროს, სამირ ჯააჯა პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დანი შამუნის მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს.
ცნობილი ფალანგისტი მებრძოლი რობერტ ჰათემი დარწმუნებულია, რომ დანი შამუნის მკვლელობა ორგანიზებული იყო ელი ჰობეიკას მიერ სირიის სპეცსამსახურების დავალებით (თავად ჰათემი მაშინ ჰობეიკას უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო და აწარმოებდა მოლაპარაკებებს მის უფროსსა და შამუნს შორის ფარული შეხვედრის მოწყობის შესახებ).
დანი შამუნი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ქორწინებაში (1958-1983) ის იყო ავსტრალიის ტოპ მოდელ პეტი მორგანთან. ბეირუთში, პეტი შამუნმა შექმნა პირველი სამოდელო სააგენტო ახლო აღმოსავლეთში, ეწეოდა ბოჰემურ ცხოვრებას, რამაც ლიბანელთა "აღშფოთება და ფარული აღტაცება" გამოიწვია.[12] სამოქალაქო ომმა, ახლობლების მკვლელობამ, მისი სახლისა და ბიზნესის ნგრევამ პეტი შამუნი შოკში ჩააგდო, რასაც დანისთან განქორწინება მოჰყვა.[13]
ტრეისი შამუნი, დანისა და პეტის ქალიშვილი — ცნობილი ლიბანელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი. მონაწილეობდა მამისა და მისი მეორე ოჯახის მკვლელობის გამოძიების საქმეში.[14]
ინგრიდ შამუნი —დანი შამუნის მეორე ცოლი (1983-1990) —გერმანული წარმომავლობის ლიბანელი. იგი მეუღლესთან და ორ ვაჟთან —თარეკთან და ჯულიანთან ერთად მოკლეს ბეირუთში. ქალიშვილი თამარა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის იყო, მკვლელებმა ვერ შენიშნეს და გადარჩა.