დარეჯან დედოფალი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარეჯან.
დარეჯან დადიანი
კახეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1750
მმართ. დასასრული: 1762
წინამორბედი: ანა აბაშიძე
მემკვიდრე: ქართლთან გაერთიანება
ქართლ-კახეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1762
მმართ. დასასრული: 11 იანვარი, 1798
წინამორბედი: სამეფო შეიქმნა
მემკვიდრე: ქეთევან ანდრონიკაშვილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ივლისი, 1738
დაბ. ადგილი: ოდიშის სამთავრო, იმერეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 8 ნოემბერი, 1807, (69 წლის)
გარდ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
დაკრძ. ადგილი: ხარების ეკლესია, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მეუღლე: ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე
(ქ. 1750 - გარდ. 1798)
შვილები: ელენე
ლევანი
იულონი
ვახტანგი
ანტონ II
ანასტასია
ქეთევანი
მირიანი
ალექსანდრე
თეკლე
ფარნაოზი
დინასტია: დადიანები
მამა: კაცია დადიანი
დედა: უცნობია
რელიგია: მართლმადიდებლობა

დარეჯან დადიანი (დ. 20 ივლისი, 1738 — გ. 8 ნოემბერი, 1807) — ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი (1750-დან); სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის ძმის, კაციას ასული.

დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტახტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ მიზნით ერეკლე II-ს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კანონიც კი მიაღებინა, რომლის ძალითაც გიორგის (ერეკლეს უფროსი ვაჟი მეორე ცოლისაგან) შემდეგ მეფობა მის უფროს ვაჟზე კი არა, ძმაზე — დარეჯანის შვილ იულონზე უნდა გადასულიყო (ეს წესი შემდეგ გიორგი XII-მ გააუქმა). დარეჯანმა ისანში, სირაჯხანის მახლობლად ააგო სასახლე (საზაფხულო რეზიდენცია) და ეკლესია. თბილისში ჰყავდა 248 კომლი ყმა, ჰქონდა ბაღები, სასტუმროები, რომელთაც იჯარით გასცემდა ხოლმე, აგრეთვე ყასაბხანა და აბანო. მარტო სამღებროები დედოფალს 700 თუმნამდე შემოსავალს აძლევდა წელიწადში. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, 1803 წელს დარეჯანი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში (სანქტ-პეტერბურგი) გადაასახლეს. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ადრეული ცხოვრება და ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარეჯან დადიანი დაიბადა 1738 წლის 20 ივლისს. იგი იყო ოდიშის მთავარ ბეჟან დადიანის უმცროსი ვაჟის, კაცია-გიორგი დადიანისა და მისი უცნობი მეუღლის ასული. 1750 წელს, 12 წლის დარეჯანი ცოლად შერთეს კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის უფროს ძესა და თანამმართველს, მეფე ერეკლე II-ს. ეს ქორწინება ერეკლესათვის მესამე იყო და შედგა მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა აბაშიძის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში. საქორწინო მოლაპარაკებები ერეკლეს ნათესავმა, ქართლის პრინცესა ხორეშანმა აწარმოა, რომელიც ქართლის მეფე იესეს ქალიშვილი იყო. ოდიშიდან პატარძალი ხორეშანმა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა საბამ ჩამოიყვანეს სურამამდე, სადაც მას ერეკლე დახვდა. ამ ქორწინებასთან დაკავშირებით, მეფე თეიმურაზმა თბილისში დიდი ზეიმი გამართა. 1762 წელს, თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, ერეკლე II უკვე ოფიციალურად გახდა ქართლ-კახეთის მეფე, დარეჯანი კი დედოფალი. ამრიგად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო ერთ სამეფოდ გაერთიანდა.

დედოფლობა და შვილების მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე ერეკლესა და დარეჯან დედოფალს პირველი შვილი, რომლის დაბადების თარიღიც ცნობილია 1753 წელს შეეძინათ. ამის შემდეგ, 1755-82 წლებში მათ კიდევ ოცდაორი შვილი შეეძინათ, რის გამოც ისინი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მრავალშვილიან მონარქებად ითვლებიან. მას შემდეგ, რაც მათი ვაჟები წამოიზარდნენ, დედოფალმა დარეჯანმა მათი ტახტზე აყვანისთვის დაიწყო ბრძოლა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ერეკლე თავის მთავარ მემკვიდრედ დედოფალ ანა აბაშიძესთან შეძენილ ვაჟებს ასახელებდა. ამის გამო, მთელი დედოფლობის მანძილზე, დარეჯანი უფლისწულ გიორგის (ანასა და ერეკლეს უფროსი ვაჟი, შემდგომში გიორგი XII) წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, დარეჯან დედოფალი, პოლიტიკურად მეტად აქტიური აღმოჩნდა, რამაც, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედად აქცია. მისი პოლიტიკური გავლენები განსაკუთრებით ერეკლე II-ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გაიზარდა. 1791 წელს, დარეჯანმა დაარწმუნა ერეკლე რომ თავის მემკვიდრედ დაეტოვებინა უფლისწული გიორგი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, არა გიორგის, არამედ დარეჯანის უფროსი ვაჟი გამეფდებოდა. ამრიგად, ერეკლესა და დარეჯანის გადარჩენილი ვაჟები — იულონი, ვახტანგი, მირიანი, ალექსანდრე და ფარნაოზი — ტახტის შემდეგი მემკვიდრეები გახდნენ. 1798 წელს, ერეკლე II გარდაიცვალა და ტახტზე დარეჯანის გერი, გიორგი XII გამეფდა, რომელმაც გააუქმა მამამისის დროს შემოღებული მემკვიდრული კანონი. ამან გიორგი XII-ს, დედოფალ დარეჯანსა და მის ვაჟებს შორის დიდი უთანხმოება ჩამოაგდო.

რუსეთთან ურთიერთობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალ დარეჯანის სასახლე თბილისში

დარეჯან დედოფალსა და მის გერს შორის უთანხმოებას, მემკვიდრეობის გარდა კიდევ ერთი საკითხი იწვევდა — ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან. დარეჯანი ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა ძლიერ ჩრდილოურ იმპერიასთან დაახლოვების საკითხს და ამას არც ერეკლეს დროს მალავდა. დედოფალი დარეჯანი ერეკლეს აფრთხილებდა, რომ 1783 წელს არ დაედო გეორგიევსკის ტრაქტატი, რაც საქართველოს დაცვას გულისხმობდა გარეშე მტრებისგან რუსეთის მიერ. ამ ყოველივეს დამღუპველი შედეგები მოჰყვა 1795-97 წლებში, როდესაც სპარსელთა დიდი არმია შემოვიდა საქართველოში, აიღო თბილისი და მეფე კრწანისის ბრძოლაში დაამარცხეს, სადაც მას რუსები არ დახმარებიან. ამის გამო, დედოფალმა დარეჯანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არანაირ სარგებელს არ მოუტანდა საქართველოს.

ამის გამო, დედოფალი დარეჯანი და მისი მომხრეთა პარტია ღიად დაუპირისპირდა გიორგი XII-ს, რომელიც რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდა. 1800 წელს, დარეჯანის ვაჟი, ალექსანდრე ბატონიშვილი ღიად გამოვიდა გიორგის წინააღმდეგ და სპარსელთა დახმარებით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამით განრისხებულმა გიორგიმ, დედოფალი დარეჯანი აიძულა დაეთმო მისი ავლაბრის სასახლე თბილისში, რის საპასუხოდაც დედოფალმა თავისი სასახლის წინ სამხედროები დააყენა, ნიშნად იმისა, რომ დათმობას არ აპირებდა.

დაცემა და გადასახლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედოფალ დარეჯანის საფლავი პეტერბურგში

1800 წელს, გიორგი XII გარდაიცვალა. ამას მოჰყვა რუსი გენერლის, ივანე ლაზარევის მიერ იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებულების გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც, სამეფო ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის დედოფალ დარეჯანს, ტახტზე ყველა უფლება ჩამოერთვა. 1801 წელს, პავლეს გარდაცვალების შემდეგ, დარეჯანმა ახალ იმპერატორ ალექსანდრე I-ს თხოვნით მიმართა, რომ მისი ვაჟი იულონი ქართლ-კახეთის მეფედ დაესვა. დარეჯანმა ამ ყოველივეს მიზეზებიც განუმარტა იმპერატორს, თუმცა ნაცვლად დახმარებისა, 1801 წელს ალექსანდრემ ქართლ-კახეთის სამეფოს პირდაპირი ანექსია მოახდინა, რითაც დასრულდა ბაგრატიონთა ათასწლოვანი მმართველობა.

დედოფალი დარეჯანი და მისი ვაჟები ახალ რეჟიმს ოპოზიციურად დაუპირისპირდნენ. იულონი, ალექსანდრე და ფარნაოზი უკვე სრულიად ღია აჯანყებისთვის ემზადებოდნენ. თავად დარეჯანი, თავის ქალიშვილებთან ერთად ავლაბრის სასახლეში შეიკეტა და ძლიერი დაცვა დაიყენა. საბოლოოს, ალექსანდრე I-მა ახალი მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გენერალ ლაზარევსა და გენერალ კნორინგს, 1802 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სამეფო ოჯახის ყველა წევრის რუსეთში გადასახლება დაევალათ. საიმპერატორო საბჭომ ამას მხარი მალევე დაუჭირა და გამოსცა ბრძანებულება: „მიმართეთ ნებისმიერ ზომას, რათა დედოფალი დარეჯანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები რუსეთში გადაიყვანოთ, რადგან მათი საქართველოში ყოფნა მტრული პარტიების შექმნას განაპირობებს“. ამის შემდეგ, დარეჯანსა და რუსულ ჰეგემონიას შორის ბრძოლა უფრო დაიძაბა. ერთხელ დარეჯანმა რუსი გენერალი უკან გააბრუნა, რადგან იგი სასახლეში ქურთუკით და ქუდით აპირებდა შესვლას. დედოფალმა განუცხადა, რომ „შუადღისას მისი არყისთვის“ არ ეცალა.

საქართველოდან დეპორტაციის ამოცანა გენერალმა კნორინგმა წარმოშობით ქართველ გენერალ ციციანოვს დაავალა, რომელიც გიორგი XII-ის ქვრივის, დედოფალ მარიამ ციციშვილის ნათესავი იყო. დარეჯანმა გადასახლების გადავადება მოითხოვა და მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა. ციციანოვმა დედოფალს განუცხადა, რომ მის გადასახლებას ვერაფერი შეაჩერებდა. დედოფალი დარეჯანი 1803 წლის 25 ოქტომბერს, მუხრანში, გაქცევის მცდელობისას დააკავეს და რუსეთის იმპერიაში იძულებით გადაასახლეს. იგივე ბედი ეწია მის შვილებსაც. ცნობილია, რომ დედოფალმა მარიამ ციციშვილმა, გენერალი ლაზარევი საკუთარი ხელითაც კი მოკლა, რადგან გადასახლება არ სურდა.

დედოფალი დარეჯანი რუსეთში ცარიცა დარია გეორგიევნას სახელით იყო ცნობილი და იგი პეტერბურგში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, წმინდა ანას ეკლესიასთან ახლოს. მოგვიანებით, ავადმყოფ დედოფალს ნება დართეს ტაძარი საკუთარ სახლში მოეწყო. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 1807 წლის 8 ნოემბერს, 69 წლის დარეჯან დადიანი გარდაიცვალა. დედოფალ დარეჯანს იმპერატორმა წმ. ეკატერინეს რუსული ორდენი მიანიჭა და იგი ალექსანდრე ნეველის ლავრაში დაკრძალა, პეტერბურგში. დარეჯანი დღემდე აქ განისვენებს.

რიგი სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
1. სოლომონი ?? 1765 გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
2. ელენე 1753 17 ივნისი,

1786,

(32-33 წლის)

სოლომონ მეორის დედა, იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის ძმის, არჩილ

ბაგრატიონის მეუღლე. შემდგომი ცოლად გაჰყვა ქიზიყის მოურავ ზაქარია ანდრონიკაშვილს.

3. მარიამი 1755 3 ნოემბერი,

1828,

(72-73 წლის)

თბილისის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე. იგი ითვლება ქართული რომანტიზმის

ერთ-ერთ დამაარსებლად.

4. სოფია 2 თებერვალი,

1756

?? ლევანის ტყუპისცალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
5. ლევანი 5 თებერვალი,

1781

(24 წლის)

ქართლ-კახეთის ელჩი რუსეთში და რუსული არმიის კომანდირი. ცოლად შეირთო

?? ანდრონიკაშვილი.

6. იოანე 1759 მკვდარშობილი.
7. იულონი 15 ივნისი,

1760

14 თებერვალი,

1827,

(66 წლის)

ქართლ-კახეთის ტახტის პრეტენდენტი. დაიღუპა დაუქორწინებელი და უშვილო.
8. ვახტანგი

(ალმასხანი)

22 ივნისი,

1761

28 ოქტომბერი,

1814,

(53 წლის)

მას სახელი მისი განსვენებული ძმის პატივსაცემად დაარქვეს და იმავე ძმის ქვრივმა აღზარდა. ჰქონდა არაგვის ერისთავის წოდება. იგი პირველად იქორწინა თავად წულუკიძის ასულზე,

მისი ნაადრევი დაღუპვის შემდეგ კი მარიამ ანდრონიკაშვილზე იქორწინა.

9. სალომე 1761 გარდაიცვალა ჩვილი
10. ბერი 1761 1762 გარდაიცვალა ჩვილი
11. ანტონ II 8 იანვარი,

1762

21 დეკემბერი,

1827

(65 წლის)

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი 1788-1811 წლებში.
12. ანასტასია 3 ნოემბერი,

1763

17 მაისი,

1838,

(74 წლის)

ცოლად გაჰყვა ქსნის ერისთავ რევაზს, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა.
13. ქეთევანი 1764 5 ივლისი,

1840,

(75-76 წლის)

ცოლად გაჰყვა იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონელს. თავის დებთან ერთად,

იგი ქართული რომანტიზმის დამაარსებლად ითვლება.

14. სოსლან-

დავითი

1764 1767,

(2-3 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
15. მირიანი 19 აგვისტო,

1767

15 ოქტომბერი,

1834,

(67 წლის)

რუსეთის გენერალ-მაიორი და სენატორი. შემოგვინახა დ. გურამიშვილის

ხელნაწერები და რუსულიდან თარგმნა არაერთი წიგნი.

16. ხორეშანი 1768 გარდაიცვალა ჩვილობაში
17. ალექსანდრე 1770 1844,

(73-74 წლის)

საქართველოს ანექსიის შემდეგ, იბრძოდა მისი დამოუკიდებლობისთვის. საბოლოოდ

ირანში გადასახლდა, სადაც მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ირანის ომებში, რუსეთის

წინააღმდეგ. 1812 წელს რუსებმა იგი საქართველოს ტახტის მემკვიდრედ სცნეს და

ბრძოლა შეწყვიტა. იგი დაქორწინდა თამარ ჭავჭავაძეზე, რომელთანაც შეეძინა

ოთხი შვილი.

18. ლუარსაბი 1772 გარდაიცვალა ჩვილობაში.
19. ეკატერინე 1776 1818,

(43-44 წლის)

მის შესახებ ცნობები არ არსებობს.
20. თეკლე 1776 11 მარტი,

1846

(69-70 წლის)

ცოლად გაჰყვა ვახტანგ ორბელიანს და შეეძინა შვილებიც. თავის დებთან ერთად,

იგი ქართული რომანტიზმის დამაარსებლად ითვლება.

21. ფარნაოზი 14 თებერვალი,

1777

30 მაისი,

1852,

(75 წლის)

ცოლად შეირთო ანა ერისთავი, რომელთანაც ექვსი შვილი გაუჩნდა.
22. არჩილი 1780 გარდაიცვალა ჩვილი.
23. ასლამაზ-

ხანი

1782 გარდაიცვალა ჩვილი.
  • აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 383.
  • Berge, Adolf (1868). Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. Т. II [Acts collected by the Caucasian Archaeographic Commission, Vol. II]. Tiflis: Typography of the Chief Administration of the Viceroy of Caucasus
  • Gvosdev, Nikolas K. (2000). Imperial policies and perspectives towards Georgia, 1760–1819. New York: Palgrave. ISBN 0312229909.
  • Montgomery, Hugh, ed. (1980). Burke's Royal Families of the World, Volume 2. London: Burke's Peerage. ISBN 0850110297.
  • Rayfield, Donald (2012). Edge of Empires: A History of Georgia. London: Reaktion Books. ISBN 1780230303.
  • ჯავახიშვილი, დავითი (2011-2012). „მეფე ერეკლე II-ის მეუღეები“, გვ. 90-96. ISSN 1987-9563