თაისიუე (ჩინ.: }太学, ფინინი: tài xué; ქართ. „დიდი სწავლა“), აგრეთვე ცნობილი, როგორც „იმპერიული აკადემია“, „იმპერიული სკოლა“, „იმპერიული უნივერსიტეტი“[1][2][3][4] და „იმპერიის ცენტრალური უნივერსიტეტი“ — ჩინეთში, ხანის დინასტიის პერიოდში დაარსებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
სუეის დინასტიის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად იმპერიულ აკადემიას უფრო დიდი ადმინისტრაციული როლი მიენიჭა და დაერქვა კუოწიძიენი (國子監).[5] კუოწიძიენი 1905 წლამდე, მრავალი დინასტიის პერიოდში ინარჩუნებდა თავის სტატუსს. ცინგის დინასტიის დასასრულის მოახლოების პარალელურად მოხდა აკადემიის გაუქმება.
თაისიუეში აქტიურად ისწავლებოდა კონფუციანელობა და ჩინური ლიტერატურა, მაღალი დონის საჯარო სამსახურის თანამდებობისთვის მოსამზადებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სამსახურის სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო არა რეკომენდაციაზე, არამედ კონკურეტულ გამოცდაზე, ჩამოყალიბდა სუეის დინასტიის დროს, თუმცა მისი დანერგვა სუნგის დინასტიის მმართელობის პერიოდამდე არ მომხდარა (960 – 1279 წწ.).[6] [7]
ხანის დინასტიის მმართველობის პერიოდში (ძვ.წ. 206 - ახ.წ. 220) უნივერსიტეტში 30000 სტუდენტი და აკადემიკოსი იყო. რამაც ხანის დინასტიას მრავალი კარგი განათლების მქონე ბიუროკრატი შემატა. პირველი ეროვნული სამთავრობო-სასკოლო სისტემა ჩინეთში ძვ.წ. 3 წელს დაარსდა, იმპერატორ ფინგ ტის მმართველობის დროს. თაისიუე მდებარეობდა ჩანგ'ანის დედაქალაქში, ხოლო ადგილობრივი სკოლები დაარსდა პრეფექტურებსა და მცირე ქვეყნების მთავარ ქალაქებში.[8]
საიმპერატორო უნივერსიტეტი (თაისიუე) ქაიფენგში შეიქმნა ცინგლის რეფორმების ფარგლებში, რათა უბრალო მოსახლეობის და დაბალი რანგის ჩინოვნიკების შვილებისთვის განათლების მიწოდება შესაძლებელი ყოფილიყო.[9]
ვანგ ანშის ახალი პოლიტიკა მოიცავდა მნიშვნელოვან რეფორმებს განათლებაში, მათ შორის პოეზიის ხარჯზე უფრო დიდი აქცენტები გაკეთდა კონფუციანელი კლასიკოსების ნაშრომებზე, მოხდა საგამოცდო სისტემის რეორგანიზაციაც. 1079 წელს უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთო რაოდენობა 2400-მდე გაიზარდა და გადაკეთდა სამ დარბაზად: გარე, შიდა და ზედა.[10]
უნივერსიტეტი იერარქიული სისტემის მწვერვალზე იყო, სადაც სტუდენტები გადადიოდნენ საფეხურიდან საფეხურზე და სკოლიდან სკოლაში გამოცდებისა და მასწავლებლების რეკომენდაციების საფუძველზე. 1106 წელს დაინერგა ახალი "რვა სათნოების" გზა, სადაც სტუდენტებს ურჩევდნენ თავიანთი სათნო ქცევისთვის ერთი წელი გაეტარებინათ პრეფექტურულ სკოლაში და შემდეგ გადასულიყვნენ უნივერსიტეტის ზედა დარბაზში.
1103 წელს უნივერსიტეტს ჰყავდა 3800 სტუდენტი, რომელთაგან 3000 სწავლობდა გარე დარბაზში (რომელსაც ცალკე კამპუსი ჰქონდა დედაქალაქის სამხრეთით), 600 შიდა დარბაზში და 200 ზემო დარბაზში.[11]
ჩრდილოეთ სუნგის დაცემის შემდეგ, უნივერსიტეტი ხელახლა დაარსდა ახალ დედაქალაქ ხანგჭოუში, 1142 წელს 300 სტუდენტის კვოტით, რომელიც 1148 წლისათვის 1000 სტუდენტამდე გაიზარდა. სამხრეთ სუნგის პერიოდის საიმპერატორო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც ზოგჯერ სხვა დედაქალაქის სკოლების სტუდენტები უერთდებოდნენ, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფად იქცნენ. ისინი ხშირად გამოდიოდნენ ქუჩებში სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური საკითხების გასაპროტესტებლად. ზოგჯერ მათი პროტესტი იწვევდა პრეფექტების და მთავარი მრჩევლების გათავისუფლებას. [12]