ინა კულბრითი | |
---|---|
ინა კულბრითი 1880-იანებში. | |
დაბადების სახელი | ჯოზეფინ დონა სმიტი |
დაბადების თარიღი |
10 მარტი, 1841 ილინოისი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
28 თებერვალი, 1928 (86 წლის) ბერკლი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, ბიბლიოთეკარი |
ინა კულბრითი (ინგლ. Ina Coolbrith; დ. 10 მარტი, 1841 – გ. 29 თებერვალი, 1928) — ამერიკელი პოეტი, მწერალი, ბიბლიოთეკარი და ცნობილი ფიგურა სან-ფრანცისკოს ლიტერატურულ საზოგადოებაში. „კალიფორნიის ტკბილ მომღერლად“ წოდებული,[1] იყო კალიფორნიის პირველი პოეტი ლაურეატი და პირველი პოეტი-ლაურეატი ამერიკის შეერთებულ შტატებში.[2]
იყო იოზეფ სმიტის დისშვილი. თინეიჯერობის პერიოდში გადავიდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, სადაც მან დაიწყო თავისი პოეზიის გამოქვეყნება. აქ შეხვდა მწერლებს ბრეტ ჰარტს და ჩარლზ უორენ სტოდარდს. მისმა პოეზიამ დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან და ისეთი ცნობილი პოეტებისგან, როგორებიც არიან მარკ ტვენი, ამბროს ბიერსი და ალფრედ ლორდ ტენისონი. ატარებდა ლიტერატურულ სალონებს საკუთარ სახლში,[3] - ამ გზით იგი ახალბედა მწერლებს გამომცემლებს აცნობდა. შემდეგ კულბრითი დაუმეგობრდა პოეტს, ხოაკინ მილერს და დაეხმარა მას მსოფლიო პოპულარობის მოპოვებაში.
მაშინ, როდესაც ხოაკინ მილერიე ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა, კულბრიტი ზრუნავდა თავის ქალიშვილ ვინტუზე და მის ოჯახის წევრებზე. საცხოვრებლად ოკლენდში გადავიდა და მუშაობა ქალაქის ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე დაიწყო. გადატვირთული სამუშაო საათები აისახა მის პოეზიაზე, თუმცა ასწავლიდა ახალგაზრდა მკითხველების თაობას, მათ შორის ჯეკ ლონდონსა და აისედორა დანკანს. ბიბლიოთეკაში 19 წლიანი მუშაობის შემდეგ, ოკლენდის ბიბლიოთეკის რეორგანიზაიის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაბრუნდა სან-ფრანცისკოში, სადაც ბოჰემური კლუბის წევრებმა მიიწვიეს ბიბლიოთეკარად.[4]
კულბრიტმა დაიწყო კალიფორნიის ლიტერატურის ისტორიის წერა, წერდა ავტობიოგრაფასაც, თუმცა 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრის შემდეგ ხანძარმა მისი ნამუშევრები გაანადგურა.
1915 წლის 30 ივნისს კულბრითი დასახელდა კალიფორნიის პოეტის ლაურეატად, განაგრძო პოეზიის წერა კიდევ რვა წლის განმავლობაში.
ინა კულბრიტი დაიბადა ჯოზეფინ დონა სმიტის სახელით, ნავუში, ილინოისის შტატში, აგნეს მულტონ კულბრიტის და დონ კარლოს სმიტის ოჯახში. კულბრითის მამა გარდაიცვალა მალარიის ცხელებით მისი დაბადებიდან ოთხი თვის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ გარდაეცვალა და; მოგვიანებით, კულბრიტის დედა დაქორწინდა ჯოზეფ სმიტზე.
კულბრიტი, რომელსაც ზოგჯერ ჯოზეფინას ან უბრალოდ ინას უწოდებენ, 11 წლის ასაკში უკვე ლექსებს წერდა.[5] პირველად გაზეთში გამოაქვეყნა „ჩემი იდეალური სახლი“ 1856 წელს, წერდა ინა დონა კულბრითის სახელით. მისი ნამუშევრები გამოჩნდა Los Angeles Star-ის პოეზიის კუთხეში და California Home Journal-ში.
1858 წლის აპრილში, 17 წლის ასაკში, კულბრიტი დაქორწინდა რობერტ ბრიუს კარსლიზე. ქმარი მასზე ძალადობდა, ასევე ძლიერ განიცადა ჩვილი შვილის გარდაცვალება. კარსლიმ კულბრიტი ღალატში დაადანაშაულა, ისინი დაშორდნენ 1861 წლის 30 დეკემბერს. მისი შემდგომი ლექსი „დედის მწუხარება“ დაკარგულ შვილზე დაწერა, მაგრამ მას საჯაროდ არასოდეს განუმარტავს მისი მნიშვნელობა; მხოლოდ კულბრიტის გარდაცვალების შემდეგ მისმა ლიტერატურულმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ის ოდესღაც დედა იყო.
1862 წელს კულბრიტი დედასთან, მამინაცვალთან და ტყუპ ნახევარ ძმებთან ერთად გადავიდა სან-ფრანცისკოში დეპრესიის თავიდან ასაცილებლად. მუშაობა დაიწყო ინგლისურის მასწავლებლად.
სან-ფრანცისკოში მოგვიანებით გაიცნო ბრეტ ჰარტი და სამუელ ლენგორნი. მან გამოაქვეყნა ლექსები Californian-ში, ახალ ლიტერატურულ გაზეთში, რომელიც ჩამოყალიბდა 1864 წელს, გაზეთის რედაქტორები იყვნენ ჰარტი და ჩარლზ ჰენრი უები. 1867 წელს კულბრითის ოთხი ლექსი გამოჩნდა ჟურნალში, გალაქტიკა.[6] 1868 წლის ივლისში კულბრიტმა გამოაქვეყნა ლექსი „ლტოლვა“ Overland Monthly-ის პირველი ნომრისთვის; მუშაობდა ჰარტის თანარედაქტორად, მას ეხმარებოდა პოემების, სტატიების და მოთხრობების შერჩევაში. დამატებითი შემოსავლისთვის, იყო სკოლის მასწავლებელიც.
ათი წლის განმავლობაში, Overland Monthly-ის ყოველი ახალი ნომრისთვის კულბრითი თითო ლექსს წერდა.[7] The New York Times-მა დადებითად მიმოიხილა მისი ლექსი, დედის მწუხარება. კიდევ ერთი ლექსი, „როცა ბალახი დამფარავს მე“, დაბეჭდეს ჯონ გრინლიფ უიტიერის საყვარელი ნაწარმოებების ანთოლოგიაში სახელწოდებით, „სამი საუკუნის სიმღერები“ (1875); 1867 წელს დაქვრივებული ჟოზეფინ კლიფორდმა დაიკავა Overland Monthly-ში მდივნის თანამდებობა. კლიფორდსა და კულბრითს შორის მთელი ცხოვრება შენარჩუნდა მეგობრული ურთიერთობა.[8]
1923 წლის მაისში, კულბრიტის მეგობარმა ედვინ მარკჰემმა სასტუმრო Latham-ში მოხუცებული მეგობარი მოინახულა. ართრიტით დაავადებული კულბრიტი დააბრუნეს კალიფორნიაში, სადაც მასზე ზრუნავდა მისი დისშვილი. 1924 წელს მილსის კოლეჯმა მას მიანიჭა ხელოვნების საპატიო მაგისტრის ხარისხი.
კულბრიტი გარდაიცვალა 1928 წლის 29 თებერვალს; დაკრძალეს ოკლენდში, Mountain View-ის სასაფლაოზე.
1933 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტმა დააწესა ინა კულბრითის მემორიალური პოეზიის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო გამოუქვეყნებელი ლექსების ავტორებს. ლექსები დაწერილი უნდა იყოს წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის, მილსის კოლეჯის, სტენფორდის უნივერსიტეტის, სანტა-კლარას უნივერსიტეტის, და კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ.[9]