კრისეტ მიშელი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კრისეტ მიშელ პეინი |
დაბ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1982 |
დაბ. ადგილი | Central Islip |
წარმოშობა | ცენტრალ-ისლიპი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, სოული, ჯაზი |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 2006 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | chrisettemichelesworld.com |
კრისეტ მიშელი ვიკისაწყობში |
კრისეტ მიშელ პეინი (ინგლ. Chrisette Michele Payne; დ. 8 დეკემბერი, 1982, ცენტრალ-ისლიპი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზისა და სოულის მომღერალი. 2009 წელს მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო ურბანული/ალტერნატიული შესრულების კატეგორიაში კომპოზიციისთვის „Be OK".
მუსიკოსმა კარიერის დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა ლეიბლებთან Motown Records, Capitol Records და Caroline Distribution.[1][2][3] 2016 წელს შექმნა თავისი ლეიბლი Rich Hipster.
მიშელი დაიბადა ცენტრალ-ისლიპში, ნიუ-იორკში და გაიზარდა პაჩოგში.[4] მამა სოციოლოგი იყო, დედა კი ფსიქოლოგი. სკოლაში სწავლის დროს მღეროდა ეკლესიის გუნდში. მუსიკალური განათლება მიიღო Five Towns-ის კოლეჯში. სოულ მომღერლის, რაჰიმ დევონის ბიძაშვილი.
მიშელმა კარიერის დასაწყისში ჩაწერა რამდენიმე კოლაბორაციული ნამუშევარი, მათ შორის „Lost One" ჯეი-ზისთან ერთად. მან კონტრაქტი გააფორმა ლეიბლებთან Motown Records, Capitol Records და Caroline Distribution. მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, I Am, გამოვიდა 2007 წლის 18 ივნისს.[5] ალბომიდან გამოვიდა ოთხი სინგლი: „If I Have My Way", „Best of Me", „Be OK" და „Love Is You". წამყვანი სინგლი, „If I Have My Way" 24-ე ადგილზე გავიდა აშშ-ის ცხელ რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩარტში.[6] რაც შეეხება სხვა სინგლებს, „Best of Me" Hot Adult Contemporary Tracks-ის ჩარტში 21-ე ადგილზე გავიდა. 2007 წლის დეკემბერში გამოვიდა მესამე სინგლი „Be OK", რომელიც 64-ე ადგილზე აღმოჩნდა ცხელ რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩარტში. კომპოზიციამ მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო ურბანული/ალტერნატიული შესრულების კატეგორიაში. 2008 წელს გამოვიდა „Love Is You" და 90-ე ადგილზე გავიდა ცხელ რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩარტში.
2008 წელს მუსიკოსმა დაიწყო მეორე ალბომის, Epiphany-ის ჩაწერა. 2009 წლის იანვარში გამოვიდა ნამუშევრის მთავარი სინგლი.[7] კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში 89-ე ადგილზე გავიდა. ალბომი „Epiphany“ პირველ ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში.[8] ალბომის გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა კიდევ ერთი სინგლი, სახელწოდებით „Blame It on Me". მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარს კომერციული წარმატება არ ხვდა წილად, ის ცხელ რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ სიმღერების ჩარტში 28-ე ადგილზე გავიდა. ალბომიდან გამოვიდა კიდევ ორი სინგლი, „What You Do" იმავე წელის ივლისში და „Fragile" ნოემბერში.
Epiphany-ის გამოსვლიდან მალევე მიშელმა დაიწყო მუშაობა მომდევნო ალბომზე. მან ითანამშრომლა რეპერ რიკ როსთან და დრეიკთან. მათ ჩაწერეს სიმღერა „Aston Martin Music".[9] კომპოზიცია გამოვიდა 2010 წლის 5 ოქტომბერს. მიშელმა გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი „Let Freedom Reign“ 2010 წლის 30 ნოემბერს. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „I'm a Star", „Goodbye Game" და „I Don't Know Why, But I Do". ალბომი 25-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 42000 ასლი გაიყიდა. ალბომი მე-7 ადგილზე გავიდა რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში.
2010 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა მუსიკოსის პირველი მიქსტეიპი, Love Thy Brother. 2012 წლის 7 დეკემბერს გამოუშვა მეორე მიქსტეიპი, სახელწოდებით Audrey Hepburn: An Audiovisual Presentation.
მუსიკოსის ახალი სინგლი, „Charades", გამოვიდა 2013 წლის 29 იანვარს. მეორე სინგლი „A Couple of Forevers" გამოვიდა თებერვალში. კიდევ ერთ სინგლი „Alcon“ გამოვიდა 2013 წლის 11 ივნისს.[10] მუსიკოსის ახალი ალბომი „Better“ გამოვიდა 2013 წლის 11 ივნისს. ნამუშევარი ბილბორდ 200-ის ჩარტში მე-12 ადგილზე გავიდა. გამოშვებიდან პირველივე კვირაში მისი 27000 ასლი გაიყიდა. ალბომმა მიიღო 2014 წლის გრემის ნომინაცია საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის კატეგორიაში.
2014 წლის 24 ნოემბერს მიშელმა გამოუშვა ახალი EP „The Lyricist's Opus“. ნამუშევრიდან გამოვიდა ორი სინგლი: „Super Chris" 1 ოქტომბერს და „Together" 15 დეკემბერს. 2016 წლის 12 ნოემბერს მუსიკოსმა გამოუშვა ახალი სინგლი „Steady". მიშელის მეხუთე სტუდიური ალბომი „Milestone tour“ გამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს Rich Hipster-ის ეგიდით.[11] იმავე წელს მუსიკოსმა დააარსა თავისი ლეიბლი Rich Hipster. 2018 წელს გამოუშვა ალბომი Out of Control. 2020 წელს გამოვიდა მუსიკოსის ახალი სინგლი „Wait".[12]