ლუსი დაკუსი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ლუსი ელიზაბეტ დაკუსი |
დაბ. თარიღი | 2 მაისი, 1995 |
დაბ. ადგილი | ნორფოლკი |
წარმოშობა | მექანიკსვილი, ვირჯინია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ინდი-როკი, ინდი-ფოლკი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
აქტიური | 2015 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Matador |
საიტი | lucydacus.com |
ლუსი დაკუსი ვიკისაწყობში |
ლუსი ელიზაბეტ დაკუსი (ინგლ. Lucy Elizabeth Dacus; დ. 2 მაისი, 1995, მექანიკსვილი, ვირჯინია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. ყურადღება მიიპყრო თავისი სადებიუტო ალბომით „No Burden“ (2016). ამის შემდეგ დადო კონტრაქტი ლეიბლთან Matador Records. მეორე სტუდიური ალბომი „Historian“ 2018 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მესამე ალბომი „Home Video“ 2021 წელს გამოვიდა.
სოლო ნამუშევრების გარდა, დაკუსი არის ინდი-ჯგუფ Boygenius-ის წევრი, ჯულიენ ბეიკერთან და ფიბი ბრიჯერსთან ერთად. ჯგუფმა გამოუშვა ერთი სტუდიური ალბომი და ორი EP. ნამუშევრებმა კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა და კოლექტივმა ფართომასშტაბიანი ტურნეც გამართა. ჯგუფმა მოიგო 3 გრემის ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის კატეგორიაშიც. 2023 წლის ოქტომბერში როლინგ სტოუნმა დაკუსი დაასახელა ყველა დროის 213-ე საუკეთესო გიტარისტად და აღნიშნა: „მისთვის გიტარა ისეთივე აუცილებელი ინსტრუმენტია, როგორც მისი ხმა“.[1]
დაკუსი ბავშვობაში იშვილეს და გაიზარდა მექანიკსვილში. ის არის უზბეკური და ირლანდიური წარმოშობის.[2] დედა პროფესიონალი პიანისტი და მუსიკის მასწავლებელია, ხოლო მამა გრაფიკული დიზაინერი. დაკუსს პატარაობიდანვე ჰქონდა ინტერესი მუსიკის მიმართ და ამ პერიოდში იყიდა თავისი პირველი გიტარა. 2013 წელს დაიწყო სწავლა ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში, თუმცა მალევე მიატოვა სწავლა.[3] სანამ მუსიკალურ კარიერას დაიწყებდა, ის მუშაობდა ბაღის ფოტოების რედაქტორად. ამ დროის განმავლობაში მან დაწერა დაახლოებით 30 სიმღერა, რომელთაგან ცხრა გამოიყენა სადებიუტო ალბომისთვის, No Burden.[4]
დაკუსმა გამოუშვა EP „Girls Back Home Bandcamp“ 2012 წლის 31 აგვისტოს. ნამუშევარი შედგებოდა შვიდი სიმღერისგან: „Girls Back Home", „Finest Cursive", „Pretty Girl", „Lullaby", „Time Travel", „Black Lungs" და „Kiddie Pool". ნამუშევარი ციფრულად ხელმისაწვდომი იყო მუსიკოსის სადებიუტო ალბომის, „No Burden“, გამოშვებამდე. Reddit AMA-ში მუსიკოსმა განაცხადა, რომ მან ნამუშევარი წაშალა, რადგან „არ სურდა, რომ ამ ნამუშევრის მიხედვით შეჰქმნოდათ მასზე წარმოდგენა“.
პირველი სინგლი, „I Don't Wanna Be Funny Anymore", გამოვიდა 2015 წლის ნოემბერში. სადებიუტო ალბომზე მუშაობდა ნეშვილში. ალბომი თავდაპირველად ციფრულად გამოვიდა, 2016 წლის 26 თებერვალს კი გამოვიდა დისკზე და ვინილზე ლეიბლ Richmond's EggHunt Records-ის ეგიდით.[5] შემდეგ დაკუსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Matador Records. ამის შემდეგ ხელახლა გამოუშვა ალბომი 2016 წლის 9 სექტემბერს.[6][7][8] იმავე წელს იმღერა Lollapalooza-ს ფესტივალზე. 2016 წლის ოქტომბერში იმღერა London Calling-ის ფესტივალზე ამსტერდამში.
დაკუსის მეორე ალბომი, სახელწოდებით Historian, გამოვიდა 2018 წლის 2 მარტს.[9] ისევე როგორც წინა ალბომს, ამ ნამუშევარსაც მოჰყვა კრიტიკოსების დიდი მოწონება. 2018 წელს ფიბი ბრიჯერსთან და ჯულიენ ბეიკერთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Boygenius. მათ გამოუშვეს სამი სიმღერა 2018 წლის აგვისტოში და დაიწყეს ტურნე. EP, სახელწოდებით boygenius, გამოვიდა 2018 წლის 26 ოქტომბერს.[10] 2019 წლის ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, დაკუსმა გამოუშვა „La Vie en rose“-ის ქავერი.[11]
2021 წლის 25 ივნისს გამოვიდა მუსიკოსის ახალი სტუდიური ალბომი „Home Video“.[12] მან შეასრულა ალბომის ერთ-ერთი სინგლი „Hot & Heavy" The Late Show-ში.[13] 10 ნოემბერს, დაკუსმა გამოუშვა ახალი სინგლი „Thumbs Again". 2022 წლის 2 თებერვალს გამოუშვა კიდევ ერთი სინგლი „Kissing Lessons". 2023 წლის მარტში მისი ალბომის, „Historian", ხუთი წლის იუბილეზე გამოუშვა მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „Night Shift".[14]
Boygenius-მა გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით The Record, 2023 წლის 31 მარტს.[15] ჯგუფმა მიიღო შვიდი ნომინაცია 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, მათ შორის წლის ალბომისა და წლის ჩანაწერის კატეგორიებში. აქედან ჯგუფმა მოიგო ჯილდო სამ ნომინაციაში, მათ შორის კი საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის კატეგორიაში.
დაკუსი გაიზარდა როგორც ქრისტიანი. მიუხედავად ამისა, მუსიკოსი არ არის რელიგიური.[16] დაკუსის თქმით ის არის ქვიარი.[17] ის ცხოვრობდა რიჩმონდში, ვირჯინიაში 2019 წლის ბოლომდე. 2023 წლის ოქტომბერში ლოს-ანჯელესში გადასვლამდე ფილადელფიაში ცხოვრობდა ცოტა ხნით.[18]