დასახლებული პუნქტი | |
---|---|
მანარგუდი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 10°40′12″ ჩ. გ. 79°25′48″ ა. გ. / 10.67000° ჩ. გ. 79.43000° ა. გ. |
ფართობი | 11.55 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 6±1 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 4367 |
საფოსტო ინდექსი | 614001 |
მანარგუდი ― ქალაქი ტირუვარურის რაიონის, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მანარგუდი-ტალუკის ცენტრი. ქალაქი ტირუვარურიდან 40 კმ-ის, კუმბაკონამიდან 36 კმ-ის, ხოლო ჩენაიდან 310 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქში მდებარეობს ვიშნუიზმის ცნობილი სალოცავი რაჯაგოპალასვამის ტაძარი.
მანარგუდი VII საუკუნეში შუა საუკუნეების ჩოლას პერიოდში დაარსდა. ქალაქს სხვადასხვა დინასტია მართავდა, მათ შორის: მეფე რაჯადჰირაჯა ჩოლა (1018-1054). შედიოდა ვიჯაიანაგარის იმპერიის, დელის სასულთნოს, თანჯავურის ნაიაკებია, თანჯავურის მარათებისა და ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში. 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მანარგუდი ტანჯორეს რაიონის, ხოლო 1991 წლამე თანჯავურის რაიონის შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომში ახლადშექმნილი ტირუვარურის რაიონის ნაწილი გახდა. ქალაქი ცნობილია სოფლის მეურნეობით, ლითონებზე მუშაობითა და საფეიქრო ნაწარმით. მარაგუნდსა და მის შემოგარენ სოფლებში მცხოვრებთა დიდი ნაწილი რაჯა კალარის კასტას მიეკუთვნება.
მანარგუდი 1866 წლიდან მუნიციპალიტეტის სტატუსით იმართება. 2011 წლისთვის მუნიციპალიტეტის ფართობი 11.55 კმ²-ია და მოსახლეობა 67 999 ადამიანს შეადგენს. უახლოესი საზღვაო პორტია ნაგაპატინამის პორტი, რომელიც ქალაქიდან 52 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო უახლოესი აეროპორტი ტირუჩირაპალის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მანარგუდიდან 97 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დელტის რეგიონში მანარგუდი მეოთხე უდიდესი ქალაქია, თანჯავურის, კუმბაკონამისა და ნაგაპატინამის შემდეგ.
მანარგუდი ტამილური სიტყვებიდან წარმოდგება: მანარ ვიშნუს მიემართება, ხოლო გუდი ადგილს აღნიშნავს. ქალაქის სახელწოდება ითარგმნება როგორც „ვიშნუს ადგილი“. რაჯაგოპალასვამის ტაძრის შესაბამისად ქალაქს ზოგჯერ მანარკოვილს ან რაჯამანარკოილს უწოდებდნენ. ქალაქი ასევე ცნობილია როგორც მანაი. ინდუსები ამ ადგილს „დაკშინა დვარკასაც“ უწოდებენ, რაც სამხრეთ დვარკას ნიშნავს.
მანარგუდის კოორდინატებია: ჩ. გ. 10.67° და ა. გ. 79.43°. საშუალო სიმაღლე 6 მეტრის ტოლია. მდებარეობს მდინარე ვეტარის შენაკადის, პამანიიარის ნაპირებზე. დაფარულია ნაყოფიერი ნიადაგით, რაც ბრინჯის მოყვანას უწყობს ხელს. ქალაქი მთლიანად ვაკეზეა გაშენებული, კაუვერის დელტაში. მანარგუდი ჩენაიდან 300 კმ-ით, ხოლო ტირუვურიდან 28 კმ-ითაა დაშორებული. უახლოესი საზღვაო პორტია ნაგაპატინამი, რომელიც 52 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. უახლოესი აეროპორტი ტირუჩირაპალიში, 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[1]
შტატის დანარჩენილი ნაწილის მსგავსად, ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდი თბილი დღეებითა და ცივი ღამეებით ხასიათდება. საშუალო ტემპერატურა 37 °C-დან (99 °F) 22.5 °C-მდე (72.5 °F) მერყეობს. სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი ოქტომბერში იწყება და იანვარში მთავრდება. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი უფრო უხვი ნალექიანობით გამოირჩევა. საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 940 მმ-ია, რომლის დიდი ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონზე მოდის. ქალაქში უხვადაა: ჯეკფრუტი, ქოქოსი, თამარინდი და ბორასუსი.[1][2]
2011 წლის აღწერის მიხედვით, მანარგუდის მოსახლეობა 66 999 ადამიანს შეადგენდა. სქესობრივი თანაფარდობა 1 000 კაცზე 1 018 ქალის ტოლი იყო, რაც ეროვნულ დონეზე საშუალო მაჩვენებელზე (929) მაღალია.[3]
2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 90.13% ინდუსი იყო, 6.82% ― მუსლიმი, 2.62% ― ქრისტიანი, 0.08% ― სიქჰი, 0.01% ― ბუდისტი, 0.22% ― ჯაინისტი, 0.1% ― სხვა რელიგიების მიმდევარი, ხოლო 0.02% არარელიგიური იყო ან არცერთ კონფესიას მიაკუთვნებდა თავს.[4]
ქალაქის მოსახლეობის მთავარი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. მარანგუდი ასევე ცნობილია საფეიქრო საქმიანობითა და ლითონების დამუშავებით.[5] მარანგუდი აგროკულტურული ქალაქია და ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობიდან შემოსავლებზე.[6] მოჰყავთ: ბრინჯი, ბამბა და შაქრის ლერწამი. სოფლის მეურნეობა მეტწილად მდინარეებზე: კორაიიარუზე, მულაიიარსა და პამანიიარზეა დამოკიდებული. ქალაქში მცირე მრეწველობაა განვითარებული. მარანგუდში მდებარეობს შაქრის ლერწმის, ქარხანა, ქიმიური და სასუქის ქარხნები. ქალაქს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი ნახშირის რეზერვი აქვს.
|journal=
-ს (დახმარება)