ნასუჰ-ფაშა | |
---|---|
Gümülcineli Damat Nasuh Pasha | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 აგვისტო , 1611 |
მმართ. დასასრული: | 17 ოქტომბერი, 1614 |
წინამორბედი: | ქუიუჯუ მურად-ფაშა |
მემკვიდრე: | ქარა მეჰმედ-ფაშა |
სულთანი: | აჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1563 |
დაბ. ადგილი: | ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 17 ოქტომბერი, 1614 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | აიშე სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
გიუმიულჯინელი დამატი ნასუჰ-ფაშა (თურქ. Gümülcineli Damat Nasuh Paşa Paşa; დ. ალბანეთი, 1563 — გ. 17 ოქტომბერი, 1614, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ალბანელი. დიდი ვეზირი 1611-1614 წლებში.
ნასუჰ-ფაშა დაიბადა 1563 წელს, ალბანეთში. ახალგაზრდობაში გაიტაცეს და გაყიდეს სტამბოლში. 1598 წელს გახდა თოფქაფის სასახლის მთავარი მცველი. მალევე მოიპოვა საფიე სულთნის ნდობა და დაინიშნა უამრავ სახელმწიფო თანამდებობაზე.
1600-1601 წლებში იყო დამასკოს მმართველი, 1601-1603 წლებში მართავდა ბერძნულ კუნძულებს. აჰმედ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ დაინიშნა ალეპოს სანჯაყბეიდ.
მან მონაწილეობა მიიღო ირან-ოსმალეთის 1603-1618 წლების ომში. ჯიგალაზადე იუსუფ სინან-ფაშას გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა სწორედ ის დანიშნა აღმოსავლეთის ფრონტის მეთაურად, თუმცა ნასუჰ-ფაშამ იმედები გააცრუა. ანატოლიაში გამძაფრებული ჯელალიების აჯანყების დროს არმია მიატოვა და დიარბაქირში მიიმალა. შემდგომ ის შეიპყრეს და მიჰგვარეს სტამბოლში აჰმედ I-ს, მაგრამ სულთანმა შეიწყალა. ნასუჰ-ფაშა 1607 წელს დაინიშნა არზრუმის ბეგლარბეგად და დაეკისრა 10,000 მეომრის გამოყვანა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში.
1610 წელს გახდა მეორე ვეზირი, ხოლო 1611 წლის 5 აგვისტოს, ქუიუჯუ მურად-ფაშას გარდაცვალების შემდეგ მიიღო დიდი ვეზირის ბეჭედი. ირანის წინააღმდეგ ომი წარუმატებლად წარიმართა, 1612 წელს ნასუჰ-ფაშა დათმობებზე წავიდა და დადო სეფიანებთან ნასუჰ-ფაშას ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ოსმალეთმა დაკარგა 1590 წელს დადებული კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების მიხედვით მითვისებული ტერიტორიები კავკასიაში.
ამის შემდეგ ნასუჰ-ფაშა დედაქალაქში დაბრუნდა. აჰმედ I-ის მეუღლემ, ქიოსემ სულთანმა ფაშა თავის 7 წლის ქალიშვილზე, აიშე სულთანზე დააქორწინა. ამის შემდეგ მას დამატი ნასუჰ-ფაშა ეწოდა. 1614 წელს სტამბოლში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ნასუჰ-ფაშა სულთნის წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდა. 17 ოქტომბერს აჰმედ I-მა ფაშა საბჭოს სხდომაზე სიკვდილით დასაჯა.