ნტარე V | |
---|---|
Ntare V | |
ბურუნდის მეფე | |
კორონაცია: | 1 სექტემბერი 1966 |
მმართ. დასაწყისი: | 8 ივლისი |
მმართ. დასასრული: | 29 ნოემბერი 1966 |
პრემიერ-მინისტრი: | მიშელ მიჩომბერო |
წინამორბედი: | მვამბუტსა IV |
მემკვიდრე: | მონარქიის დამხობა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 დეკემბერი 1947 |
დაბ. ადგილი: | გიტეგა-ს სამეფო სასახლე, რუანდა-ურუნდი |
გარდ. თარიღი: | 29 აპრილი 1972 |
გარდ. ადგილი: | გიტეგა, ბურუნდი |
დინასტია: | ნტვერო |
მამა: | მვამბუტსა IV |
დედა: | ბარამპარაიე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ნტარე V (ფრანგ. Ntare V), კორონაციამდე — პრინცი შარლ ნდიზეიე (ფრანგ. Charles Ndizeye; 2 დეკემბერი 1947 — 29 აპრილი 1972) — ბურუნდის უკანასკნელი მეფე (მვამი) (8 ივლისი − 28 ნოემბერი 1966).
1965 წლის ოქტომბერში ჰუტუს მეთაურობით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მეფე მვამბუტსა IV შვეიცარიაში გადასახლებაში წავიდა. 1966 წლის მარტში, მვამბუტსა IV-მ მისი ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი ტახტის მემკვიდრედ დანიშნა[1][ა].
1966 წლის ივლისში ტახტის მემკვიდრემ მიშელ მიჩომბეროს აქტიური მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა[2], დაამხო მამამისი და ახალი მეფე გახდა ნტარე V-ის სახელით[3]. თავად ნტარე V იმავე წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად დამხობილ იქნა, რომელსაც მიჩომბერო ხელმძღვანელობდა[4]; ყოფილი მეფე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა — თავდაპირველად იგი დასავლეთ გერმანიაში გადასახლდა, შემდეგ კი უგანდაში.
მეფე ნტარე V-ის ხელისუფლებას, რომელიც ტრადიციული არისტოკრატიის პრივილეგიების მთავარი დამცველი იყო, „საშუალო ფენა“ დაუპირისპირდა — თანამშრომლები, ოფიცრები, ინტელექტუალები, რამაც საბოლოო შედეგად მონარქიის დამხობა და სამხედროების გამარჯვება გამოიწვია[5][6].
ნტარე V იყო ბურუნდის დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი მეთაურის მვამბუტსა IV-ის ვაჟი. განათლება შვეიცარიაში მიიღო. დაამთავრა კერძო სკოლა Institut Le Rosey.
მვამბუტსა IV-მ, რომელმაც ჰუტუსა და ტუტსის შორის ეთნიკური კონფლიქტის გაღვივების ფონზე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, 1966 წლის 24 მარტს ტახტის მემკვიდრეს უფლებამოსილება გადასცა. იმავე წლის 8 ივლისს იგი ოფიციალურად გადააყენეს ტახტიდან და პრინცმა ნდიზეიემ თავი მეფედ გამოაცხადა[7]. ნტარე V-ს კორონაციის ცერემონია 1 სექტემბერს ქ. მურამვიაში ჩატარდა[8]. კორონაციის საბოლოო ცერემონია 27 დეკემბერს იყო დაგეგმილი[9][10].
ნტარე V-მ ახალი კაბინეტი ჩამოაყალიბა, რომელმაც უამრავი რეორგანიზაციის ღონისძიება გაატარა: მინისტრების ხელფასების შემცირება, ყოფილი პოლიტიკოსების მიერ დაკავებული სახლების დაცლა, საზღვარგარეთ მისიების შემცირება და ა.შ.[11].
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნტარე V-მ პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი ლეოპოლდ ბიას მთავრობა დაითხოვა და ქვეყნის მასშტაბით კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა[12].
თუმცა, უკვე 28 ნოემბერს, მეფის ქვეყანაში არარსებობის პირობებში, რომელიც ვიზიტით კინშასაში იმყოფებოდა გენერალ მობუტუს ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წლისთავის აღსანიშნავად, ბურუნდიში პრემიერ-მინისტრი მიშელ მიჩომბეროს მეთაურობით სამხედრო გადატრიალება. მიჩომბერომ მონარქიის ლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა და ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა[13][14][15].
დროთა განმავლობაში, ახალგაზრდა მეფესა და ამბიციურ პრემიერ-მინისტრს შორის კონფლიქტი მწიფდებოდა. ნტარე V-ს სურდა არა მხოლოდ მეფობა, არამედ მმართველობაც[16]. მვამი ცდილობდა მოეშორებინა მიჩომბერო, რომელსაც იგი ღიად არაკომპეტენტურობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. თუმცა, ამ დაპირისპირებაში უპირატესობა პოლკოვნიკ მიჩომბერომ მოიპოვა[17]. თავის მხრივ, მიჩომბერომ ღიად განაცხადა, რომ ახალგაზრდა მეფე თავის მოვალეობებს ვერ ართმევდა თავს. მან ასევე დასძინა, რომ ნტარე V მამამისის დიდი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა[18].
მიჩომბეროს სამხედრო გადატრიალების შემდეგ რევოლუციის ეროვნული კომიტეტი იქნა მოწვეული, რომელიც ბურუნდის ეროვნული არმიის 13 ოფიცრისგან შედგებოდა, რომელსაც ახალი სამინისტრის ფორმირებამდე სულ მცირე ორი თვე უნდა ემართა ქვეყანა. კერძოდ, კომიტეტს ახალი კონსტიტუციის შემუშავება ევალებოდა[19]. მიჩომბეროს გადატრიალებამ UPRONA-სა (ფრანგ.: Union pour le Progrès national) და ბურუნდის შეიარაღებულ ძალებში ტუტსის დომინირება გამოიწვია[20].
ნტარე V დარწმუნებული იყო, რომ მის დამხობაში გადამწყვეტი როლი ჩინეთმა შეასრულა[21].
ბურუნდისა და ჩინეთში შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1963 წლის დეკემბერში დამყარდა. თუმცა, ბურუნდიმ პეკინთან დიპლომატიური ურთიერთობები საკმაოდ საეჭვო მიზეზების გამო გაეყვიტა[22]: 1965 წლის 15 იანვარს პრემიერ-მინისტრი პიერ ნგენდანდუმვეს მკვლელობის გამო[23][24]. შემდეგ, 1965 წლის აგვისტოში, ტაივანიდან ოფიციალური ჩინოვნიკი ბურუნდის ეწვია, მოგვიანებით კი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბურუნდის მონარქი ქვეყანაში ტაივანის საელჩოს გახსნას პოზიტიურად უყურებდა[25].
ბურუნდიში ჩინელი კომუნისტები ორ მიზანს ისახავდნენ: მხარი დაეჭირათ ზაირის პარტიზანებისთვის და ბურუნდიში მცხოვრები ლტოლვილი ათასობით ტუტსის პარტიზანების გამოყენებით რუანდაის ანტი-ჩინური რესპუბლიკური მთავრობის დამხობა[26]. პეკინი აქტიურად იყენებდა თავის დიდ „დიპლომატიურ“ პერსონალს მეზობელი კონგოს (მოგვიანებით ზაირი) აჯანყებულების მოსამზადებლად, შეიარაღებასა და დასაფინანსებლად[27].
1960-იან წლებში პეკინის ინტერესი ბურუნდისა და რუანდის მიმართ მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც მისი მცდელობა სამეზობლო კონგოში (ლეოპოლდვილი) ფეხი მოეკიდა წარუმატებელი აღმოჩნდა[28].
ჩინეთის საბოლოო დაინტერესებამ კონგოს მიმართ, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს რუანდისა და ბურუნდის შიდა საქმეებში პეკინის ჩარევა განაპირობა, რათა ისინი, მაო ძედუნის მოსაზრებით, კონგოში შეღწევის "საფეხური" იყო. ბურუნდიში, ჩინელებს შეიძლება იმედი ჰქონდეთ, რომ გავლენას მოახდენენ მთავრობაზე, რომელიც პეკინზე იყო დამოკიდებული და ამიტომ მათ ტუტსის (უმცირესობის) რეჟიმს მხარი დაუჭირეს ჰუტუს წინააღმდეგ. პეკინი ასევე ეწინააღმდეგებოდა ჰუტუს მთავრობას რუანდაში, სადაც ჰუტუმ 1962 წელს დაამხო ტუტსის მონარქია და რომლებიც მტრული იყვნენ განწყობილი ჩინელების მიმართ.
1965 წელს, რუანდიდან გაქცეული და ბურუნდიში გადასახლებული ტუტსი ლტოლვილების ჩინეთის მხარდაჭერის გამო, რუანდის ჰუტუს მთავრობამ პეკინთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა[29]. გავრცელებული ინფორმაციით, იმავე წელს ბურუნდიში პეკინი მონაწილეობდა ჰუტუს ლიდერის მკვლელობაში, რომელსაც მეფე მვამბუტსა IV-მ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა, რომელიც შეცვლიდა პრო-ჩინურ ტუტსის რეჟიმს. შედეგად, მეფეს გადაწყვეტილებით ბურუნდიში ჩინეთის საელჩო დაიხურა[30][31]. კონგოს კრიზისი-ს დროს ჩინელები ტანზანიის თანამონაწილეობით კონგოს კომუნისტ აჯანყებულებს ბურუნდიდან იარაღს აწვდიდნენ[32].
ნტარე V-მ დატოვა აფრიკა და გარკვეული პერიოდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში ცხოვრობდა[33] . როდესაც 1972 წლის თებერვალში უგანდის პრეზიდენტი იდი ამინმა დასავლეთ გერმანიას ეწვია, მან ნტარე V-თან შეხვედრა ისურვა და პირადი უსაფრთხოების გარანტიებით მოუწოდა მას ბურუნდიში დაბრუნებულიყო[34][35].
უგანდის პრეზიდენტმა იდი ამინმა განაცხადა, რომ მან წერილობითი გარანტია მიიღო პრეზიდენტ მიჩომბეროსგან, რომ ნტარე V-ს შეუძლია დაბრუნდეს ბურუნდიში და როგორც რიგითი მოქალაქე ისე იცხოვროს[36]. უგანდაში განაცხადეს, რომ აღნიშნული შუამდგომლობით ისინი დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ბურუნდის ლიდერი მოხარული იქნებოდა შერიგებოდა ყოფილ მეფეს[37]. უგანდის მთავრობამ გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნტარე V-მ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო ბურუნდის მთავრობისაგან[38].
ითავდაპირველად, ნტარე V უგანდაში გადავიდა, იქიდან კი 1972 წლის 30 მარტს იდი ამინის ვერტმფრენის გამოყენებით ბურუნდიში ჩაფრინდა და მაშინვე იქნა დაპატიმრებული[39]. ექს-მონარქი გიტეგას ყოფილ სამეფო სასახლეში გამოკეტეს. ამის შემდეგ, ოფიციალურმა რადიომაუწყებლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნტარე V ცდილობდა თეთრი დაქირავებული ჯარისკაცების მეშვეობით ბურუნდიში მონარქიის აღდგენას[34][40][41].
ნტარე V-ს დაბრუნებას მალევე მოჰყვა ჰუტუს აჯანყება მთავრობის წინააღმდეგ; 1 მაისს მათ მარტიაზოს რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს, თუმცა უკვე 9 მაისს სამთავრობო ძალებმა ჰუტუს აჯანყება სისხლში ჩაახშვეს[42].
ბურუნდის ხელისუფლება დარწმუნებული იყო, რომ ნტარე V-ს გადატრიალების გეგმას წარმატების დიდი შანსი ჰქონდა, რადგან მას მნიშვნელოვანი აგენტურული ქსელი გააჩნდა ქვეყნის შიგნით[43]. ბურუნდის ზოგიერთი ოფიციალური პირის მტკიცებით, უგანდის პრეზიდენტმა იდი ამინმა ნტარე V-ს უღალატა[37][44][45].
ბურუნდის მთავრობის ზოგი მინისტრი მიიჩნევდა, რომ ყოფილი მეფე დაცვის ქვეშ შინაპატიმრობაში უნდა დაეტოვებინათ გიტეგის სასახლეში, ზოგიერთს კი მისი სიკვდილით დასჯა სურდა. სიტუაცია არაოფიციალურად მოგვარებულად ჩაითვალა, როდესაც 29 აპრილს ნტარე V გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს[46]. როგორც მიიჩნევა, ნტარე V-ს დაბრუნება და მკვლელობა იყო შეთქმულება, რომელიც მიჩომბეროს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის არტემონ სიმბანანიიეს მიერ იქნა ორგანიზებული, რათა მონარქიის აღდგენა სამუდამოდ ყოფილიყო გამორიცხული[47][37].
ბურუნდის ნაციონალურმა რადიომ (RNB Broadcasting) გამოაცხადა, რომ ყოფილი მეფე იმ დროს მოკვლეს, როდესაც ის გიტეგის სასახლიდან გაქცევას ცდილობდა. მეფის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ნტარე V სამეფო სასახლიდან წაიყვანეს და დახვრიტეს, შემდეგ კი მისი გვამი საერთო საფლავში ჩააგდეს. ამასობაში, ჰუტუს აჯანყება მიჩომბეროს ძალებმა უსასტიკესად ჩაახშვეს. შემდგომმა ომმა და გენოციდმა 80,000 – დან 210,000-მდე ადამიანი იმსხვერპლა[48][49].
ისტორიკოსმა რაფაელ ნტიბაზონკიზამ თანმიმდევრულად აღწერა ნტარა V-ის მკვლელობის სამი ვერსია:[50]
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის («Surêté nationalale») დირექტორის თქმით, გაუგებრობა "მონარქისტების" თავდასხმის შესახებ გამოწვეული იყო გიტეგას სამხედრო ბანაკიდან თავდამსხმელების შეძახილებით "გადაარჩინეთ მვამი!", რაც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა სათავისოდ გამოიყენა[52]. მაგრამ, გიტეგაში მომხდარის შესახებ მტკიცებულების არასაიმედოობა (რომ აღარაფერი ვთქვათ მის უაზროობაზე) ამ განცხადებას მყიფედ ხდის. უნდა გავითვალისწინოთ დეზინფორმაციის ელემენტები და ჰუტუს აქტივისტების საქმიანობა, რომლებიც ამ ჭორის გავრცელებას აქტიურად უჭერდნენ მხარს[53].
ყოველ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ არტემონ სიმბანანიიეს წამყვანი ჯგუფი შეპყრობილი იყო ამ საფრთხის (მონარქიის რესტავრაცია) პრიორიტეტულობით, რამაც ჰუტუს აჯანყების მომზადების შესახებ წინა ინფორმაციის უგულებელყოფაც გამოიწვია[54].