პეტრე უსლარი

პეტრე კარლოს ძე უსლარი (რუს. Пётр Карлович Услар; დ. 20 აგვისტო (1 სექტემბერი), 1816, სოფელი კუროვო, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 8 (20) ივნისი1875, სოფელი ოსეჩნო, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]) — ბარონი, რუსი ენათმეცნიერი; მთის კავკასიურ ენათა მკვლევარი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1868), რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1851).

1861-1871 წლებში შექმნა 7 მონოგრაფია მთის კავკასიის ენათა (აფხაზურის, ჩეჩნურის, ხუნძურის, ლაკურის, დარგუულის, ლეზგიურის და თაბასარანულის) შესახებ და ამ ენათა ფონეტიკური შედგენილობა და გრამატიკური სრუქტურა პირველად აქცია ზუსტი მეცნიერების ანალიზის საგნად. 1864 წელს უსლარმა ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება იბერიულ-კავკასიურ ენათა ნათესაობის შესახებ. აღნიშნავდა, რომ საოცარი ნაირსახეობის მიუხედავად, ეს ენები ღრმა ნათესაური თვისებებით ხასიათდებიან.