პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | პლატონ იოსელიანი |
დაბადების თარიღი |
15 ნოემბერი/27 ნოემბერი, 1809 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
15 ნოემბერი/27 ნოემბერი,1875 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი |
მეუღლე(ები) | ანა ბაგრატიონ-მუხრანელი[1] |
პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანი (დ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1809, თბილისი — გ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 15 ნოემბერი], 1875, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი.
დაიბადა 1809 წლის 30 ნოემბერს (ძველი სტილით 18 ნოემბერს,[2] მეორე ვერსიით ის დაბადებულია 27 ნოემბერს). მეფე გიორგი XII-ის კარის მოძღვარის, ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანისა და ბარბარე სულხანიშვილის ოჯახში. ის წმინდა პლატონის ხსენების დღეს დაიბადა და სწორედ ამიტომ დაარქვეს საქართველოში მანამდე ნაკლებად გავრცელებული სახელი.[3] თავისი წინაპრების შესახებ ერთგან პლატონი წერს: „მე, მამა-პაპითა ვეკუთვნოდი მეფეთა სასახლეს გუარისა გამო... 1560 წლიდამ, ვითარცა ფიცისა კაცნი ვიყვენით სუანეთსა, ოდიშსა, იმერეთსა და ქართლსა, ვითარცა სასახლის კაცნი ვახლდით მთავართა და მეფეთა იმერეთისა და ქართლისა დასრულებამდე მეფობისა“.[4] პლატონ იოსელიანის მეორე ვერსიის მიხედვით მისი გვარი იტალიური წარმოშობისა ყოფილა, რომლებიც ვენეციელ და გენუელ ვაჭრებს შემოჰყოლიან იმერეთში და მერე გავრცელებულან მთელ საქართველოში.
პლატონ იოსელიანის გარშემო ტრიალებდნენ ისეთი პირები, როგორებიცაა, მაგალითად, მეფის ვაჟები: დავითი, იოანე, თეიმურაზი და ბაგრატი და მწერლები: გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, სოლომონ დოდაშვილი.[5] 1809 წლის 2 დეკემბერს იოსელიანი მოუნათლავს ელენეს, აბიმელიქის ასულს, დავით ბატონიშვილის მეუღლეს, რომელიც ჯერ კიტებ არ იყო პეტერბურგში გადასახლებული და 1811 წლამდე თბილისში ცხოვრობდა.[6]
თავდაპირველად მისი მასწავლებელი იყო გამოჩენილი კალიგრაფი, თელავის სემინარიის ყოფილი რექტორი — დავითი (ალექსი-მესხიშვილთან).[7] შემდეგ სწავლობდა იოანე ნათლისმცემლის სამრევლო სასწავლებელში, მღვდელ იესე ჩუბინაშვილის (აკადემიკოსი დავით ჩუბინაშვილის მამა) ხელმძღვანელობით. 1819 წელს 10 წლის პლატონი მიაბარეს თბილისის სასულიერო სამაზრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1821 წლის სექტემბერში [1817]] წელს, თეოფილაქტე ეგზარქოსის მიერ დაარსებული თბილისის სემინარიის პირველ კლასში მიიღეს. სემინარიაში პლატონი სწავლობდა რუსულ ენასა და სიტყვიერებას, გეოგრაფიას, სამოქალაქო ისტორიას, ფილოსოფიის ისტორიას, ღვთისმეტყველებას, საეკლესიო ისტორიას, დაწყებით მათემატიკას. სასწავლებელი 1829 წელს დაასრულა წარჩინებით.[8]
1828-1831 წლებში პლატონი სამაზრო- სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის, სემინარიის სამეურნეო ნაწილის, საქმის მწარმოებლის, სემინარიის გამგეობის თარჯიმნის, სასულიერო-სამაზრო-სამრევლო სასწავლებლების ინსპექტორისა და ბოლოს, ბიბლიოთეკარის თანამდებობებს ასრულებდა. ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის პერიოდში დაიწყო სამწერლო-მთარგმნელობითი საქმიანობა: გადაწერა ხელნაწერთა კრებული („მოთხრობა ჰსჯულთა უღმრთოთა მახმადიანთა“ და სხვ.). 1829 წელს რუსულიდან უთარგმნია ფილარეტის ორი სიტყვა.[9]
1829-1831 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. პეტერბურგში სწავლის პერიოდში მას დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი ბატონიშვილები, რომელთა რიცხვი მაშინ იქ ბევრი იყო. პლატონ იოსელიანი ბატონიშვილებისაგან დახმარების გარდა იძენდა ძველ წიგნებს, ცნობებს და ბევრ ისეთ ნივთს რაც იმ დროს იშვიათი იყო. აკადემიაში ყოფნის დროს თეიმურაზ ბატონიშვილის თხოვნით ქართულ ენაზე თარგმნა „ისტორია მწვალებელთა ქრისტიანობისა ვიდრე დაწყებით დროთა ჩვენამდე“. 1835 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სემინარიაში ფილოსოფიისა და ფიზიკის მასწავლებლად, რომლის დროსაც მან მრავალი მასალა მოაგრავა მათ შორის
„საქართველოს ისტორია, უცნობის დამწერის, თბილისის სომეხთ კონსისტორიაში, რომელიც მაშინათვე პეტერბურგის აკადემიას გადასცა და დღეს ეს ისტორია აღარსად ჩანს.“
|
მასწავლებლობის შესვლის დროსვე მოჰკიდა ხელი საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებასა და წიგნების ბეჭდვას. 1837 წელს გამოსცა ჩახრუხაძის და შავთელის „თამარიანი“. იმავე წელს მას მიანდეს საეკლესიო გუჯარების გაშინჯვა და გაცნობა, რაზედაც პეტერბურგში წარდგენილ ანგარიშზე მადლობა და ჯილდო მიიღო. რუსეთის მაღალ წრეებში ნდობით აღჭურვილ პლატონ იოსელიანს მიანდეს მცხეთის ტაძრის წიგნთსაცავის წიგნების გადასინჯვა და კატალოგის შედგენა, რაზედაც მან შესრულებულ სამუშაოში 1839 წელს მთავრობის მორიგი ჯილდო მიიღო.
„ამ დროს აღმოსჩნდა ამ წიგნთ საცავში ის ძველი წიგნი „ირმოლოგი“ რომელიც ვახუშტი ბატონიშვილს ჰკავებოდა ხელში თავის შრომის დროს. დღეს სად არის ეს წიგნი კაცმა არ იცის.“
|
1840 წელს თბილისში პირველად ცალკე წიგნად გამოსცა „ქართული გრამატიკა“, რომელიც თავისი მრავალი ნაკლულევანობის მიუხედავად დიდ მოვლენად ჩაითვალა. სწორედ ამ პერიოდში მეცნიერთა შორის დაიწყო ფიქრი ქართულ ანბანში ზოგიერთი ასოების შემდგომი გამოყენება არ გამოყენება. ქართული გრამატიკის გარდა იმავე 1841 წელს გამოსცა ქართული კალენდარიც. 1841 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია. აღნიშნული გამოცემისათვის მასალებს იგი 1834 წლიდან აგროვებდა.
1842-1843 წლებში სამინისტროს ჟურნალში დაბეჭდილი გიორგი მოურავისა და ანტონ კათალიკოსის ცხოვრების, ასევე ქვატა ხევის მონასტრის აღწერის გამო მიიღო მთავრობისაგან მადლობები და წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენის ნიშანი.
ქართულ საზოგადოებაში არსებულმა სულიერმა მდგომარეობამ გამოიწვია ძველი ქართული მწერლობის პლატონ იოსელიანისთვის დაკვეთა, რაზედაც შეგროვდა 1000 მანეთი. ამ ფულით მან დაბეჭდა:
მალე პლატონ იოსელიანი აირჩიეს საქართველოს სინოდალური სამმართველოს წარმომადგენლად. 1846-1856 წლებში რედაქტორობდა რუსულ პერიოდულ გაზეთს „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, რომელიც თბილისში გამოდიოდა. ამ გაზეთში გამოაქვეყნა იოსელიანმა თავისი გამოკვლევები. 1849 წელს იმოგზაურა საბერძნეთში, მოინახულა ათონის ივერთა მონასტერი, შეისწავლა ქართული კულტურის ძეგლები.
იოსელიანი იყო ათენის არქეოლოგთა საზოგადოების ნამდვილი წევრი. აქტიურად თანამშრომლობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. მჭიდროდ იყო დაკავშირებული აკადემიკოს მარი ბროსესთან.
1850 წელს თბილისში დაბრუნებულმა პლატონ იოსელიანმა თავისი მოგზაურობა საბერძნეთში გაზეთში დაწერა. მალე მან დაიწყო საქართველოში მოგზაურობა, მოიარა ეკლესია მონასტრები, ბიბლიოთეკები, თავადიშვილთა ოჯახები და მოიკითხა იქ შემორჩენილი ხელნაწერები.
1857 წელს მიიღო საქართველოში მთავარმართებლის „ოსობი პორუჩენიის ჩინოვნიკობა“. მალე გაზეთ „კავკაზსი ვესტნიკის“ გამოცემას თავი დაანება და გაზეთ „კავკაზში“ დაიწყო წერა, სადაც გამოაქვეყნა „მოგზაურობა თბილისიდან მცხეთამდე“, „ალევის ტაძრის აღწერა“, „პოკრონოს ტაძრის აღწერა“. 1859 წელს „კავკაზის კალენდარში“ დაბეჭდა მამადავითის აღწერა, კაბენის მონასტრის აღწერა. ქართულ სასულიერო მახარებელში იერუსალიმს დოსითეოს პატრიარქის მოგზაურობა საქართველოში. აქვე დაბეჭდა რამდენიმე ქართული წარწერისა რომლებიც მოიპოვა იერუსალიმში და სხვა ქალაქებში ქართულ ტაძრებზე. ამავე დროს დაიბეჭდა დაღესტანის აღწერაც, რომელშიც დარესტანში მეფისდროინდელ მქადაგებლებს განიხილავს. ამას მოჰყვა „ჩოლოყაანთ გვარის აღწერა“, სადაც ბევრი ისტორიული ცნობებია თავმოყრილი ზოგადად კახეთზე და მის მმართველებზე. 1860 წელს დაწერა დუშეთის აღწერა. 1866 წელს დაწერა „თბილისის აღწერა“. „გიორგი მეფის ცხოვრება“ პლატონ იოსელიანის ნაწერებში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რომელიც აგებულია ძველ წყაროებზე დაყრნობით.
1860-1875 წლებში გამოსცა ქართველოლოგიური პრობლემატიკისადმი მიძღვნილი მრავალი ათეული ნაშრომი. მსოფლმხედველობით იოსელიანი იდეალისტი იყო. მისი აზრით, ისტორიის პროცესს წარმართავდა უზენაესი განგება. კაცობრიობის ისტორიას იოსელიანი 3 დიდ პერიოდად ყოფდა: გვაროვნული ანუ პირველყოფილ-თემურ, ფეოდალურ და კაპიტალისტურ წყობილებებად. 1850 წელს მისი წინასიტყვაობით გამოვიდა გიორგი ერისთავის „გაყრა“. იოსელიანი ანტონ I-ის ლიტერატურული სკოლისა და ენობრივი პოზიციის მიმდევარი იყო, რაც გამოვლინდა მის თხზულებაში „პირუჱლ-დაწყებითი კანონნი ქართულისა ღრამატიკისა“ (1840). „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის დროს იოსელიანი „მამათა“ ბანაკს ემხრობოდა. ძველი თაობის წინააღმდეგ მიმართულ „გამოცანებში“ (1871) ილია ჭავჭავაძემ სხვა მოღვაწეთა შორის იოსელიანიც გაკენწლა. სიცოცხლის ბოლომდე სასტიკი წინააღმდეგი იყო ქართულიდან ხმარებაში არარსებული ასოების ამოღების და თანამედროვე ქართულით წერა-კითხვისა.
ისტორიის საკითხების გაშუქებისას იოსელიანი მნიშვნელოვან ადგილს უთმობდა ფოლკლორულ მასალას, კრებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს. იგი ქართული გამოცანების პირველ ჩამწერად ითვლება. შეადგინა კრებულები „გამოცანანი ქართულნი“ (1835) და „ანდაზები და გამოცანები“ (1939).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
პეტერბურგის სამეცნიერო აკადემია საქართველოს ისტორიული წარსულის შესწავლას 1835 წლიდან შეუდგა. ამ მიზნით წარმოშობით ფინელი ენათმეცნიერი ენათმეცნიერი ანდრეი შეგრენი (1794-1855 წწ.) ორი წლით კავკასიაში გაგზავნეს. შეგრენი საქართველოს ისტორიისა და და მწერლობის პირველწყაროებს გაეცნო. შეისწავლა ქართული და სომხური ენები. შეგრენმა თბილისში გაიცნო პლატონ იოსელიანი და ისინი აქტიურად ჩააბა პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის მუშაობაში.
თავის მხრივ, მარი ბროსეც დაუახლოვდა საქართველოში მყოფ ისტორიკოსებს, რომელთა დახმარებითაც აგროვებდა საჭირო ცნობებს საქართველოს ისტორიის შესახებ. 1838 წელს დაიწყო მარი ბროსეს უშუალო მიმოწერა პლატონ იოსელიანთან. ქართველი ისტორიულ დოკუმენტებს, ასევე ეკლესია-მონასტრებიდან გადაწერილ სიგელ-გუჯრებს აგროვებდა და პეტერბურგში მყოფ მარი ბროსეს უგზავნიდა. ეს მასალები ძალიან მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა საქართველოს ისტორიის შესასწავლად. შემორჩენილია პლატონ იოსელიანისა და მარი ბროსეს თანამშრომლობის ამსახველი პირადი წერილები. მათი წერლიები მოგვიანებით გამოაქვეყნა სოლომონ ყუბანეიშვილმა (1941 წელს)[10] 1996 წელს გასტონ ბუაჩიძემ წერილები გამოაქვეყნა პარიზში ფრაგულ ენაზე გამოცემულ წიგნში „მარი ბროსეს ცხოვრება“.[11]
პლატონ იოსელიანის მიერ შეგროვებულ ხელნაწერებს შორის საყურადღებოა „ცხოვრება ქართველთა მეფის ძის პეტრესი“, რომლის ასლიც ქართველმა მეცნიერმა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას გაუგზავნა. ხელნაწერის შესახებ პლატონი ბროსეს წერდა: „... მე ვჰგონებ, უწინარეს და უძველეს წერილსა ამის არა იპოებოდეს ჩვენ შორის, თვით შტილიცა წერისა ამტკიცებს ამას“.[12] პლატონ იოსელიანი აღნიშნულ წერილში ასევე წერს, რომ მან ეს ძეგლი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა.
მარი ბროსეს მისამართით გაგზავნილ წერილებს პლატონ იოსელიანი ასე ამთავრებდა: „თქუენდა უმორჩილესი მოსამსახურე საქართველოს აზნაურიშვილი პლატონ იოსელიანი“, „უფალს ექსტრე-ორდინარნის აკადემიკოსს ბროსეს“, რითაც თავის პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავდა მარი ბროსეს ღვაწლისადმი.