რუსთავი 2 შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
მაუწყებლობის ზონა | საქართველო, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკა |
მაუწყებლობის არხი | VHF 12 |
დაფუძნდა | 1 ივნისი, 1994 |
დამფუძნებელი | ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე |
მფლობელი | ქიბარ ხალვაში (2019-) |
ხელმძღვანელ(ებ)ი |
პაატა სალია (გენ. დირექტორი) |
საიტი | www.rustavi2.ge |
რუსთავი 2 (რ2) — კერძო სატელევიზიო კომპანია საქართველოში. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვრცელდება თანამგზავრის (Eutelsat 36B 36°) მეშვეობით ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში.
ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ლონდონსა და პარიზში. მუდმივმოქმედი ბიუროები კი განთავსებული აქვს მოსკოვსა და ვაშინგტონში.
ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს, და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა.
ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა. მას ახლო კავშირი ჰქონდა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც წლების განმავლობაში მისი ადვოკატი იყო. 2006 წლის 4 იანვარს დავით ბეჟუაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ძმამ, იყიდა რუსთავი 2-ის აქციების 22%. 2006 წლის ზაფხულში ხალვაშმა მისი აქციების დარჩენილი ნაწილი მიყიდა კომპანია გეოტრანსს, ხოლო ბეჟუაშვილმა საკუთარი აქციები, ასევე მის საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ მიყიდა. 2011 წლის დეკემბრამდე „რუსთავი 2“ ეკუთვნოდა „დეგსონ ლიმიტედს“, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიას.[1]
2015 წლის 4 აგვისტოს, ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ 5 აგვისტოს დააკმაყოფილა.[2][3] ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.
2015 წლის 17 სექტემბერს ქიბარ ხალვაშმა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით. ხალვაშის მტკიცებით, მან ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები.
იმ მოტივით, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შესაძლოა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოხცადების შემდეგ გამოეცა დაუყოვნებლივი აღსრულების ბრძანება, რუსთავი 2-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.[4][5]
2015 წლის 3 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს „პანორამასი“, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა.[6]
5 ნოემბერს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.[7]
მოსამართლის განჩინების თანახმად, არსებობდა იმის საფრთხე, „რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე“.[8]
სასამართლოს განჩინების თაობაზე შეშფოთება გამოხატეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საქართველოში მოქმედმა დიპლომატიურმა მისიებმა, მათ შორის აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ევროკავშირის მისიამ.[9] რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც. მარგველაშვილმა საქართველოს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, „არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, ასევე თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან“. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული ვითარება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზიანებს.[10]
2017 წლის 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილების 60% ქიბარ ხალვაშს ხოლო 40% ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში მყოფ შპს პანორამას მიაკუთვნა, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის 2 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე შეაჩერა. ამავდროულად, ტელეკომპანიამ და მისმა მაშინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა და შპს საქართველომ, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართეს და მოითხოვეს იმის აღიარება, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ქონებრივ დავაზე საქართველოს შიდაეროვნულმა სასამართლო ინსტანციებმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვიეს.[11]
2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა. მანვე გააუქმა ორი წლის წინ მიღებული დროებითი გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერებული იყო ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის მიკუთვნების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი.[12]
იმავე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ტელეკომპანიის წილის 60% – უშუალოდ ბიზნესმენს, 40% კი მისივე საკუთრებაში მყოფ შპს პანორამას გაუფორმდა.[11]
საჯარო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადების საფუძველზე მიიღო და ის ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებას, რომელმაც, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ქონებრივ დავაში, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.[11]
სტარსბურგის სასამართლოს განჩინების შემდეგ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დოკუმენტის ავთენტურობა არ დადასტურდა.[13]
21 აგვისტომდე არ იცვლებოდა საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ სარედაქციო კურსი და შემადგენლობა, ყოფილი გენერალური დირექტორის — ნიკა გვარამიას გარდა. 20 აგვისტოს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი“ დასახელდა.[13]
20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია რუსთავი 2 „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა და ამავე დღეს რუსთავი 2-ზე არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.[13]
26 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც წლების წინ ტელეკომპანია „მზეში“ მუშაობდა, შემდეგ კი რამდენიმე წელი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და ტელეკომპანია BBC-ში მუშაობდა.[14]
25 სექტემბერს განახლებული გუნდის შემადგენლობით საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ გავიდა ეთერში, წინ უძღვოდა არხის 25-წლიანი ისტორიის ვიდეო კოლაჟი, ჯერ ირაკლი იმნაიშვილის და შემდგომ წლების შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნებული ნათია ლაზაშვილის სიტყვით გამოსვლა.
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)
|