სოლომონ ცეზარ მალანი

სოლომონ ცეზარ მალანი (22 აპრილი, 1812, ჟენევა (რომანდია) – 25 ნოემბერი, 1894, ბორნმუთი (ინგლისი)) – ინგლისელი ენათმეცნიერი, მხატვარი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი, სასულიერო პირი, პოლიგლოტი და ორიენტალისტი. მალანი ფლობდა 20-მდე ენას, მათ შორის ფრანგულს, არაბულს, ებრაულს ინგლისურს, გერმანულს, ესპანურს, იტალიურს, ლათინურს, ბერძნულს, სომხურს, ჩინურსა და ქართულს. ნათარგმნი აქვს ქართული ნაშრომები უცხოურ ენებზე.

სოლომონ ცეზარ მალანი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1812
ჟენევა (რომანდია)
გარდაცვალების თარიღი 25 ნოემბერი, 1894
ბორნმუთი (ინგლისი)
ეროვნება ინგლისელი
საქმიანობა ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, პოლიგლოტი, სასულიერო პირი
 

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლომონ ცეზარ მალანი იყო ცეზარ ჰენრი აბრაამ მალანის 12 შვილთაგან უფროსი. სოლომონმა ახალგაზრდობიდანვე აჩვენა განსაკუთრებული ნიჭი და სურვილი უცხო ენების შესწავლისა. 18 წლის ასაკში იგი სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებს, მამამისს კი ლათინურად ესაუბრებოდა. ამავე წელს, მალანმა შოტლანდიაში, ტუიდალის მარკიზის ოჯახში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა, რა დროსაც უკვე დაუფლებული იყო არაბულ, ებრაულ და სანსკრიტულ ენებს. 1833 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სოლომონმა ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ედმუნდის კოლეჯში გააგრძელა სწავლა, იმდენად ინტენსიურად სწავლობდა და ეცნობოდა სხვადასხვა წიგნებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მხედველობა ცალ თვალში დაკარგა, რის შემდეგაც ის გააფრთხილეს, რომ თუ ასეთივე სიხშირით გააგრძელებდა სწავლას, მხედველობა სრულად დაუქვეითდებოდა. გაფრთხილებისდა მიუხედავად, ბრიტანელმა ენათმეცნიერმა არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა იმ წიგნების რაოდენობა, რომელთაც კითხულობდა, თუმცა მხედველობის უნარი არ დაუკარგავს. ბავშვობაზე საუბრისას, მალანი ამბობდა:[1]

ვიკიციტატა
„ჩემს თავს მივეცი დავალება, რომ მცოდნოდა ყველაფერი, რისი ცოდნაც შესაძლებელია.“

იქიდან გამომდინარე, რომ მალანმა ამ ეტაპზე ინგლისური ენა ცუდად იცოდა, იგი სთხოვდა თავის გამომცდელებს რომ უფლება მიეცათ, თავისი ნაშრომი წარედგინა ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, ლათინურ ან ბერძნულ ენაზე, თუმცა მას ამის უფლებას არ აძლევდნენ.

გარდა ენებისა, მალანმა წლების განმავლობაში შეისწავლა სადურგლო და სამკინძაო საქმე, პოლიგრაფია, მხატვრობა, ბოტანიკა, ტელესკოპები და მიკროსკოპები. სოლომონი ასევე წერდა მუსიკას, უკრავდა ფლეიტაზე და დაინტერესებული იყო ფრინველებითა და მათი კვერცხებით, რის გამოც თავისი ცხოვრების განმავლობაში შეაგროვა 283 განსხვავებული სახეობის ფრინველის 1117 კვერცხი.

პროფესიული საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სოლომონი ბიშოპის კოლეჯში, კოლკატაში გაემგზავრა, როგორც ანტიკური ბერძნული და რომაული ენების, ლიტერატურის, ხელოვნების, არქიტექტურისა და კულტურის ლექტორი. ინდოეთში ყოფნისას, ბრიტანელი პოლიგლოტი ასევე გახდა სამეფო აზიური საზოგადოების ბენგალური განყოფილების ხელმძღვანელი, თუმცა 1840 წელს, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ინგლისში მოუწია დაბრუნება. 1880 წელს, სოლომონ ცეზარ მალანმა ედინბურგის უნივერსიტეტისგან მიიღო ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო ტიტული.

მას შემდეგ, რაც სოლომონ ცეზარ მალანი საქართველოთი და ქართული კულტურით დაინტერესდა, შეისწავლა ქართული ეკლესიის ისტორია, ინგლისურად თარგმნა პლატონ იოსელიანის წიგნი: „ქართული ეკლესიის მოკლე ისტორია“ და თან დაურთო ვრცელი კომენტარი, რის შემდეგაც 1866 წელს ლონდონში გამოსცა, ხოლო 1 წლის შემდეგ, 1867 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები თარგმნა ასევე ინგლისურ ენაზე. წიგნების თარგმნისა და გამოცემის შემდეგ, სოლომონი საქართველოს, თბილისს ეწვია[2], რა დროსაც, როგორც მისი ბიოგრაფიის აღმწერი, არტურ ნოელ მალანი აღნიშნავს: „გარს ეხვია ქართველი მეგობარი მღვდლები, რომელთა დახმარებით მან (მალანმა) წმინდა იოანე ქართულად წარიკითხა“. გარდა ამისა, მალანმა 1885 წელს ოქსფორდში, კებლეს კოლეჯში წარადგინა თავისი 4000 წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა, რომელთაგან მრავალი იყო ქართულ ენაზე, ან საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ.

სოლომონ ცეზარ მალანის ნახატი. სტელენბოშის მუზეუმი. სამხრეთ აფრიკა.

სოლომონ ცეზარ მალანი ხშირად მოგზაურობდა ინგლისიდან სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ერთ-ერთი ოთხთვიანი მოგზაურობისას, როდესაც იგი 27 წლის იყო და კაბო-ვერდეში იმყოფებოდა, შექმნა 90-მდე უნიკალური ნახატი, უმეტესწილად, ქუჩის სცენები, რომლებიც სურათებს უტოლდებოდა. გარდა კაბო-ვერდესა, მალანმა ასევე დახატა ინდოეთის სხვადასხვა ადგილები თავისი დიდხნიანი მოღვაწეობისას კოლკატაში, ისევე, როგორც მრავალი ნახატი ათენში ყოფნისას.

სოლომონ ცეზარ მალანი დაქორწინებული იყო ორჯერ, რის შედეგადაც ჰყავდა 6 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. მალანის პირველი ცოლი - მერი მარშ მორტლოკი, რომელთანაც 3 შვილი ჰყავდა, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

სოლომონ ცეზარ მალანი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში სიმსივნეს ებრძოდა. გარდაიცვალა 1894 წლის 25 ნოემბერს, 82 წლის ასაკში, ბორნმუთში, სადაც სიცოცხლის ბოლო 9 წელი გაატარა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ramm museum. Solomon Caesar Malan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-11. ციტირების თარიღი: 2021-08-11.
  2. Memorials of his life and writings/Solomon Caesar Malan