შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი | |
---|---|
![]() მუზეუმის ექსტერიერის ხედი | |
31°13′13″ ჩ. გ. 121°32′16″ ა. გ. / 31.22028° ჩ. გ. 121.53778° ა. გ. | |
დაარსდა | 18 დეკემბერი, 2001[1] |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | შანხაი |
კლასიფიკაცია | მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი |
ოფიციალური საიტი | sstm.org.cn |
![]() |
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი (ჩინ.: 上海科技馆) — მუზეუმი პუდუნში, საუკუნის პარკის მიმდებარედ,[2] შანხაი, ჩინეთი. მუზეუმი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი დაწესებულებაა.
1995 წელს აშენდა საუკუნის მოედანი, რომლის დასავლეთ ნაწილშიც შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის განთავსება დაიგეგმა. ორგანიზატორების აზრით, ეს იანძის დელტის რეგიონში მეცნიერებით დაინტერესებას გაზრდიდა.[3] ჰუამუს სამოქალაქო ცენტრთან ერთად, მუზეუმის მშენებლობა ასევე ითვალისწინებდა პუდუნის დამოუკიდებლად განვითარებას ლუძიაწუეისა და მისი სხვა მეზობელი რაიონებისაგან.[4] მუზეუმში დროულად მოხერხდა საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზების მოწყობა, რომლებმაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კორპორაციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლა 20 და 21 ოქტომბერს, 2001 წელს.[5] შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის ლიდერი, ძიანგ წემინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში.
2001 წლის 18 დეკემბერს დასრულდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი და დაწესებულება ოფიციალურად გაიხსნა.[3] მუზეუმის თავდაპირველი თემები იყო: ბუნების ჰარმონია, კაცობრიობა და ტექნოლოგია (ჩინ.: 自然·人·科技). მუზეუმის თავდაპირველი ხუთი გამოფენა მოიცავდა თემებს: „სამოთხე და დედამიწა“, „სიცოცხლე“, „სიბრძნე“, „კრეატიულობა“ და „მომავალი“.[6]
პროექტის მეორე ნაწილი გაიხსნა 2005 წლის მაისში, რითაც შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი პირველი მუზეუმი გახდა მსოფლიოში, რომელიც დამოწმებული იყო ISO 9000/14000-ის ხარისხით და გარემოსდაცვით სტანდარტებს შეესაბამებოდა.[3] გახსნიდან 2010 წლამდე მუზეუმს 19.5 მილიონი ადამიანი ეწვია.[3] ბავშვების სივრცე და „სიბრძნის სინათლე“ განახლდა 2010 წლის იანვრიდან მაისამდე,[7] შანხაის 2010 წლის მსოფლიო ექსპოზიციისათვის. ჩინეთის ეროვნულმა ტურიზმის ადმინისტრაციამ მუზეუმს 4A კატეგორია მიანიჭა. დღესდღეობით მუზეუმის კატეგორია შეიცვალა და ის 5A კატეგორიას მიეკუთნება (საუკეთესო).[3][8] 2009 წლის 16 ნოემბერს, ბარაკ ობამამ ოფიციალური ვიზიტისას შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმში შანხაიში მცხოვრები სტუდენტებისათვის შეხვედრა მოაწყო.
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი მთლიანად სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ არაა და შანხაიში კერძო ბიზნესებისაგან ფინანსდება. ამ ბიზნესებს შორისაა: შანხაის პუდუნის განვითარების ბანკი, შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინვესტიციის კორპორაცია, ბეიჯინგის ჭიძინის საწარმოს კაპიტალი და ტოპ ჯგუფი.[9] ამ ფონდებს წვლილი შეაქვთ შანხაის სხვა სამეცნიერო მუზეუმების განვითარებაშიც, რომელთა შორისაა: შანხაის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი და შანხაის ასტრონომიის მუზეუმი.
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის მშენებლობა 3.75 მილიარდი ჩინური იუანი[1] (180 მილიონი აშშ დოლარი)[10] დაჯდა. მუზეუმის შენობა სპირალის ფორმისაა და ხუთ სართულს მოიცავს.[10] მუზეუმის შენობა მეცნიერულ და ტექნოლოგიურ პროგრესს აღნიშნავს.[3] მუზეუმის ცენტრში დიდი ზომის შუშის ბურთულა წყლიდან სიცოცხლის წარმოშობას გამოხატავს.[3] მუზეუმი 6.8 ჰექტარის ტოლ ტერიტორიაზეა აშენებული[3][10] და მთლიანად 98 000 კვადრატული მეტრის ტოლი ტერიტორია უჭირავს.[3] მუზეუმის გასათბობი, სავენტილაციო და გამაგრილებელი სისტემა მუზეუმის მშენებლობისას საკმაოდ იშვიათი და მოწინავე იყო და მუზეუმის ცალკე ექსპონატადაც განიხილებოდა.[5]
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი პუდუნის ჰუამუს სამოქალაქო ცენტრის ნაწილია.[4] მუზეუმის მახლობლადაა საუკუნის პარკი. მუზეუმმა პარკთან ერთად ხელი შეუწყო მიმდებარე ტერიტორიებზე მდიდრული საცხოვრებლების მშენებლობას.[4]
მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მეცნიერების პოპულარიზაციაა.[3] მუზეუმის მთავარი თემებია: ბუნების ჰარმონია (自然), კაცობრიობა (人) და ტექნოლოგია (科技).[6][3]
მუზეუმში არსებობს 14 მუდმივი გამოფენა და 4 მეცნიერების თემატური კინოთეატრი. მუზეუმის გამოფენებს შორისაა:
ჩინეთის უძველესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გალერეა დამთვალიერებლებს ძველი ჩინეთის გამოგონებებსა და მიღწევებს აჩვენებს.[3] მკვლევართა გალერეაში წარმოდგენილია ინფორმაცია ჩინელი და უცხოელი მკვლევარების შესახებ.[8] აკადემიკოსთა გალერეაში წარმოდგენილია თანამედროვე მეცნიერები ჩინეთიდან,[3] კერძოდ კი შანხაიდან.[1]
მუზეუმში ასევე მდებარეობს ორი დროებითი საგამოფენო დარბაზი.
მუზეუმი გაიხსნა 2 IMAX კინოთეატრი.[10] საერთო ჯამში მუზეუმში 4 კინოთეატრი მდებარეობს:[8][1]
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი დამთვალიერებლებისათვის ღიაა 09:00-დან 17:15-მდე. დაწესებულება არ მუშაობს ორშაბათობით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორშაბათს დასვენების დღე ემთხვევა).
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის სადგური შანხაის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მდებარეობს. მუზეუმის ახლოსაა მეოთხე ხაზის პუდიანის სანდურის გაჩერებაც. მუზეუმის მიმდებარედ მოძრაობს ავტობუსებიც, რომელთა შორისაა მარშრუტი 794 და მარშრუტი 640.