სოფელი | |
---|---|
დარილი | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | პაზარის რაიონი |
კოორდინატები | 41°09′16″ ჩ. გ. 40°52′20″ ა. გ. / 41.15444° ჩ. გ. 40.87222° ა. გ. |
ადრეული სახელები | არანაში |
საფოსტო ინდექსი | 53300 |
დარილი (თურქ. Darılı) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 41 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 4 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 159 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელ დარილის ძველი სახელწოდებაა არანაში. სახელი არანაში თურქულ ენაში შევიდა როგორც არანაშ. სოფელი არანაში მდებარეობს ლაზეთის რეგიონში, რომელიც ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. მას შემდეგ, 1461 წელს რაც ოსმალებმა გაანადგურეს ტრაპიზონის იმპერია, 1547 წელს მათ სრულად დაიპყრეს ეს რეგიონიც. სოფელი არანაში შედგებოდა 17 კომლისგან, სადაც 53 ადამიანი ცხოვრობდა. თუმცა, შესაძლოა ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცების რაოდენობას აღნიშნავდა. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობა შეადგენდა 5 თხას, 40 ძროხას და 11 ხარს.
სოფელი არანაში პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში გადავიდა. რუსული მმართველობის პერიოდში, 1917 წელს ლაზეთის რეგიონში კვლევითი ექსპედიციის დროს, ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ სოფლის სახელი ქართულად დაწერა როგორც არანაში, რუსულად კი როგორც Аранаш. ამ დროს სოფელში 33 ოჯახში 205 ადამიანი ცხოვრობდა.[3] ნიკო მარმა 1910 წელს დაწერა, რომ ათინის რაიონში 69 სოფელი იყო და აქედან 64-ში ლაზურ ენაზე საუბრობდნენ, არანაშის სოფელიც ლაზურენოვან დასახლებებს შორის მოიხსენია.
სოფელი არანაში 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში რიზეს პროვინციის ათინის რაიონის ცენტრალურ ნაჰიეს ექვემდებარებოდა. 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს, არტვინისა და რიზეს პროვინციების გაერთიანებით შექმნილ ჩორუჰის პროვინციაში იგივე ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა და მოსახლეობა 241 ადამიანისგან შედგებოდა. ვინაიდან არანაში თურქული არ იყო, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და დარილი ეწოდა. 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს დარილის სოფლის მოსახლეობა 351 ადამიანისგან შედგებოდა, საიდანაც 141 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[4]