სოფელი | |
---|---|
ზიარეთი | |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ართვინის პროვინცია |
რაიონი | შავშეთი (ქალაქი) |
კოორდინატები | 41°12′18″ ჩ. გ. 42°17′09″ ა. გ. / 41.20500° ჩ. გ. 42.28583° ა. გ. |
ადრეული სახელები | ცეცხლაური |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 08700 |
ზიარეთი (თურქ. Ziyaret) — სოფელი შავშეთის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს შავშეთიდან 14 კილომეტრში, ხოლო ართვინიდან — 79 კილომეტრში.[1] 2021 წლის მონაცემებით სოფელში 100 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფლის ქართული სახელწოდებაა ცეცხლაური. ერთი-ერთი მოსაზრებით, ამ სოფელს ცეცხლაური ერქვა რადგან აქ ძველად ცეცხლაურები/ცეცხლაძეები ცხოვრობდნენ.[3] საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფელი ამავე სახელწოდებით.[4]
ცეცხლაური თურქულში სხვადასხვა მართლწერით შევიდა, როგორებიცაა სეშლაური, სისლაური, სესლაური. 1835 წლით დათარიღებულ მოსახლეობის წიგნში ცეცხლაური მოიხსენიება, როგორც სისლაური (سیسلاوور).[5][6]
ცეცხლაური 1835 წელს მოსახლეობის აღწერის მასალებით შავშეთის (სათლელის) სანჯაყის ერთ-ერთი სოფელი იყო. აღნიშნული აღწერის წიგნის მიხედვით სოფელში 26 კომლი და 78 კაცი ცხოვრობდა. ოსმალეთის ადმინისტრაცია ტრადიციულად მხოლოდ მამრობითი სქესის მოსახლეობას აღრიცხავდა, ამიტომაც სოფლის მთლიანი მოსახლეობის საპოვნელად საჭიროა იმდენი ქალის დამატება, რამდენიც მამაკაცია. შედეგად ირკვევა, რომ ცეცხლაურის მოსახლეობა 156 კაცისაგან შედგებოდა. იმ დროს სოფლის მთელიუ მოსახლეობა მუსლიმი იყო.[7]
1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ რუსებმა, რომლებმაც აიღეს შავშეთი, სოფელი დაარეგისტრირეს ცეცხლაურად (Цецхлаур), მისი ქართული სახელის შესაბამისად.[8] ქართველ ისტორიკოსს ზაქარია ჭიჭინაძეს, რომელიც 1890-იანი წლების დასაწყისში ეწვია მაჰმადიანი ქართველებით დასახლებულ რეგიონს, სოფლი ცეცხლაურად აქვს აღნუსხული.[9]
1886 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 127 კაცი. მთელი მოსახლეობა თურქებად იყო აღრიცხული. თუმცა სოფელში ისეთი ადგილების სახელებია, როგორიცაა თეთრიეთი, ნაყორანგელი, ნალექი, გილგილაური, სათიბი, ჯვარი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქართული დასახლებაა.[10]
ცეცხლაური პირველი მსოფლიო ომის ბოლოს რუსეთის მმართველობის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, ანკარის მთავრობამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა ართვინისა და არტაანის რეგიონების ევაკუაციის შესახებ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება ამ ორი რეგიონიდან გამოვიდა, სოფელი ცეცხლაური დე-ფაქტო თურქეთს შეუერთდა. 1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთსა და ანკარის მთავრობას შორის ხელმოწერილი მოსკოვის შეთანხმების თანახმად, სოფელი თურქეთს დარჩა.[11]
1922 წელს ართვინის ლივაში აღწერისას ცეცხლაური დაფიქსირდა როგორც „სესლავური“. იმ დროს ეს იყო სოფელი ართვინის ლივის შავშეთის ოლქში და მისი მოსახლეობა შედგებოდა 242 კაცისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ 42 კომლში. ამ აღწერის მასალებით სოფლის მთელი მოსახლეობა „თურქად“ იწერება.[12] 1925 წელს სოფელს სახელი გადაერქვა და ეწოდა ზიარეთი.[13] 1935 წლისათვის ზიარეთი ჭოროხის პროვინციის შავშეთის რაიონის ერთ-ერთი ცენტრალური დასახლებაა, სადაც ცხოვრობს 316 კაცი.[14] 1965 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 539 ადამიანი და აქედან წერა-კითხვის მცოდნე იყო 255 ადამიანი.[15]