საიდ ალ-ღაზი

საიდ ალ-ღაზი
საიდ ალ-ღაზი
არაბ. سعيد الغزي
სირიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივნისი 1954 – 3 ნოემბერი 1954
პრეზიდენტი  ჰაშიმ ალ-ათასი
წინამორბედისაბრი ალ-ასალი
მემკვიდრეფარის ალ-ხური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 სექტემბერი 1955 – 14 ივნისი 1956
პრეზიდენტიფარის ალ-ხური
წინამორბედიფარის ალ-ხური
მემკვიდრესაბრი ალ-ასალი

სირიის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 სექტემბერი 1962 – 7 მარტი 1963
წინამორბედიანვარ სადათი
მემკვიდრემანსურ ალ-ატრაში

დაბადებული1893
დამასკო, ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი1967
დამასკო, სირიის დროშა სირია
პოლიტიკური პარტიაეროვნული ბლოკი
მეუღლენადია ალ-ღაზი
განათლებადამასკოს უნივერსიტეტი

საიდ ალ-ღაზი ( არაბ. سعيد الغزي , დ. 1893 — გ. 1967) — სირიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, არაერთხელ ეკავა სხვადასხვა მინისტრის თანამდებობა, ორჯერ იყო სირიის პრემიერ მინისტრი და სირიის პარლამენტის თავმჯდომარე.[1]

კარიერის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიდ ალ-ღაზი სწავლობდა დამასკოს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა იურისტად და უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1928 წელს გახდა ეროვნული ბლოკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს ოყო მოძრაობა, რომელიც აერთიანებდა დამასკოს, ალეპოს, ჰომსისა და ჰამის მსხვილ მიწათმფლობელებს და მხარს უჭერდა მშვიდობიანი გზით საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას. იმავე წელს ალ-ღაზი გახდა საკონსტიტუციო ასამბლეის წევრი, რომელმაც შექმნა სირიის პირველი კონსტიტუცია. 1936 წელს პრემიერ-მინისტრმა ატა ალ-აიუბიმ საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად შექმნილ მთავრობაში დანიშნა ალ-ღაზი იუსტიციის მინისტრად. ამის შემდეგ ალ-ღაზი პოლიტიკას რამდენიმე წლით ჩამოშორდა და მას მხოლოდ 1945 წელს დაუბრუნდა: აპრილში დაინიშნა იუსტიციის მინისტრად, ხოლო დეკემბერში — ფინანსთა მინისტრად. 1947 წლის დეკემბერში გახდა ეკონომიკის მინისტრი ჯამილ მარდამ-ბეის მთავრობაში. 1943-1949 წლებში იყო სირიის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.[2]

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წელს ჰაშიმ ალ-ათასიმ ალ-ღაზის შესთავაზა მინისტრთა კაბინეტის ცამოყალიბება უპარტიო მოღვაწეებისგან, რათა უზრუნველყოფილიყო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ალ-ღაზი დათანხმდა და 19 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა მთავრობას, ასევე იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს. ამ დროს ჩატარებული არჩევნები აღიარებული იქნა სამართლიანად და კარგად ორგანიზებულად.[3]

1953 წლის 13 სექტემბერს სირიის ახალმა პრეზიდენტმა შუქრი ალ-ქუათლიმ მიიწვია ალ-ღაზი მთავრობის შესაქმნელად. ალ-ღაზის მთავარი ამოცანა იყო პოლიტიკაში არმიის ჩარევის თავიდან აცილება და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, დასრულებულიყო დაპირისპირება სამოქალაქო პოლიტიკოსებსა და ოფიცერთა წრეებს შორის. ალ-ღაზიმ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნა სამოქალაქო თანამდებობის პირი რაშად ბარმადა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად — მთავრობაში ჯარის ჩაურევლობის კიდევ ერთი მხარდამჭერი — ალი ბუზო. ამავე დროს, განათლების მინისტრის უმნიშვნელო თანამდებობაზე გადაიყვანეს სირიის არმიის ყოფილი მხარდამჭერი და ადიბ ალ-შიშაქლის თანამოაზრე მაამუნ ალ-კუზბარი. თუმცა, საბოლოოდ, არმიის ლობმა ალ-ღაზი აიძულა გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 1956 წლის ივნისში.[4]

ურთიერთობა აღმოსავლეთის ბლოკთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერ-მინისტრობის მეორე ვადის განმავლობაში ალ-ღაზი განაგრძობდა სსრკ-სთან და აღმოსავლეთ ბლოკთან დაახლოების კურსს, რომელიც დაიწყო მისი წინამორბედი საბრი ალ-ასალის დროს: ჩეხოსლოვაკიასთან დაიდო შეთანხმება იარაღის მიწოდებაზე, სირიამ ოფიციალურად აღიარა კომუნისტური ჩინეთი. სავაჭრო ხელშეკრულებები დაიდო ბულგარეთთან, რუმინეთთან და უნგრეთთან. დაიწყო სტუდენტების გაცვლის პროგრამა გდრ-თან. ამავე დროს გამალ აბდელ ნასერი და მისი იდეები სულ უფრო პოპულარული გახდა სირიაში . ამის მიუხედავად, ალ-ღაზი უარყოფითად იყო განწყობილი ეგვიპტისა და სირიის ერთიანი სახელმწიფოს — UAR-ის შექმნის იდეის მიმართ.

მორიგი გადატრიალების და 1961 წელს სირიის UAR- დან გასვლის შემდეგ, ალ-ღაზი კვლავ აირჩიეს სირიის პარლამენტში. იგი წარადგინეს სპიკერის პოსტზე, მაგრამ არჩევნებში დამარცხდა მაამუნ ალ-კუზბართან. ალ-ღაზი პარლამენტის წევრი იყო 1963 წლის მარტში, ბაასის ხელისუფლებასი მოსვლამდე. ამის შემდეგ ის იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა პოლიტიკა. საიდ ალ-ღაზი გარდაიცვალა 1967 წლის 18 სექტემბერს.[5]

  1. Moubayed, Sami M. (2002), Damascus between democracy and dictatorship, University Press of America, p. 120, ISBN 978-0-7618-1744-4, archived from the original on 2023-01-04, retrieved 2023-05-25
  2. Cooke, Miriam (2007), Dissident Syria: making oppositional arts official, Duke University Press, p. 40, ISBN 978-0822340355
  3. Schilcher, Linda Schatowski (1985). Families in Politics: Damascene Factions and Estates of the 18th and 19th Centuries. Franz Steiner. ISBN 3-515-03146-4.
  4. Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria (1900—200), Seattle, 2006, pp. 230—232
  5. عبد الغني العطري (1996). عبقريات وأعلام، ص 86-93. دمشق: دار البشائر (არაბ. )