ადოლფ ენდლერი (გერმ. Adolf Endler; დ. 10 სექტემბერი, 1930, დიუსელდორფი, — გ. 2 აგვისტო, 2009, ბერლინი) — გერმანელი მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი.
მემარცხენე განწყობების გამო 1955 წელს დასავლეთ გერმანიიდან აღმოსავლეთში (შემდეგ გდრ) გადავიდა. დაამთავრა ლაიფციგის იოჰან ბეხტერის ლიტერატურის ინსტიტუტი (1957). ენდლერი წამყვან როლს თამაშობდა იატაკქვეშა სუბკულტურულ ლიტერატურულ მოძრაობაში და უპირისპირდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაში ოფიციალურად გაბატონებულ სოციალისტურ რეალიზმს. მისი პოეტური კრებული „ქვიშის მარცვალი“ (Das Sandkorn, 1974) იმ პერიოდის გერმანული პოეზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. 1979 წელს გარიცხეს გდრ-ის მწერალთა კავშირიდან. გერმანიის გაერთიანების (1990) შემდეგ გამოაქვეყნა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თხზულება — ავტობიოგრაფიული შინაარსის „ტარზანი პრენცლაუერ-ბერგში“ (Tarzan am Prenzlauer Berg, 1994).
ენდლერის შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს საქართველოს თემას. 1969 წელს მან თავის მაშინდელ ცოლთან, მწერალ ელკე ერბთან და პოეტ რაინერ კირშთან ერთად ხანგრძლივად იმოგზაურა საქართველოში. რაინერ კირშთან ერთად თარგმნა ქართული პოეზიის ნიმუშები ანთოლოგიისათვის „რვასაუკუნოვანი ქართული პოეზია“ (Georgische Poesie aus acht Jahrhunderten; 1971, 1974). ენდლერმა წიგნს წაუმძღვარა ვრცელი წერილი „ცდა ქართულ პოეზიაზე“. 1976 წელს გამოაქვეყნა მოგზაურობის, მოგონებებისა და შთაბეჭდილებების წიგნი „საქართველოს შესახებ თხრობის ორი ცდა“ (Zwei Versuche, uber Georgien zu erzahlen).