ალექსანდრე ნიკურაძე

ალექსანდრე ნიკურაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1900, სამტრედია — გ. 13 ივნისი, 1981, მიუნხენი) — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, გეოპოლიტიკოსი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.

დაიბადა რკინიგზის დეპოს უფროსის ოჯახში.დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1917 წელს. 1918 წელს სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური თანადგომით, თავის უფროს ძმასთან, ივანე ნიკურაძესთან, ერთად გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად 1919 წელს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფიზიკის სპეციალობით 1928 წელს. მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკისა და ენერგეტიკის დარგში. სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტრონებს). მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. მათი თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლოესი მეგობარი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი რაჟდენ რუსიშვილი. გამოსცა ფუნდამენტური გამოკვლევა „თხევადი დიელექტრიკები“ 1934 წელს. მოღვაწეობდა მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელსა და ბერლინის უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის რანგში. ამის პარალელურად, ნაყოფიერად მუშაობდა გეოპოლიტიკის სფეროშიც. იზიარებდა გეოპოლიტიკის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის, შეხედულებებს. ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით: A. Sanders. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული და სხვა კავკასიელი ერების ემიგრაციის ცნობილ წარმომადგენლებთან. ხელმძღვანელობდა თავის მიერვე დაარსებულ კონტინენტური ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელიც 1941–1944 წლებში ფუნქციონირებდა მიუნხენში, ხოლო 1944–1945 წლებში — შვარცენფელდში. იყო გერმანიის მეშვეობით კავკასიის განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი, რომლის ძირითადი მიზანი იყო კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბება საქართველოს ჰეგემონიითა და გერმანიის პროტექტორატით. მისი ძალისხმევით დაღუპვას გადაურჩა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილი ათასობით ქართველი, ყოფილი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე. თანამშრომლობდა გერმანიაში მოქმედ ქართულ ეროვნულ კომიტეტთან და ცალკეულ ემიგრანტულ ორგანიზაციებთან, ასევე პრესასთან, ძირითადად ჟურნალთან „ბედი ქართლისა“. შალვა მაღლაკელიძე იგონებდა, რომ ალექსანდრე ნიკურაძე წერდა:

ვიკიციტატა
„ისტორიულ-პოლიტიკური ხასიათის ნაშრომებს, სადაც ის აზრი გაატარა, რომ გერმანელ ტევტონთა გავლენის სფერო ყირიმს აღწევდა და არავითარ შემთხვევაში საქართველოს... პატარა ტანის კაცი იყო, ლურჯი სათვალეებით... გიტარა ჰქონდა საქართველოდან წამოღებული და ჩვენებურ სიმღერებს მღეროდა.“

მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 302.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]