ანასტასია დავითის ასული ვირსალაძე (ქალიშვილობის გვარია აბდუშელიშვილი; დ. 11 ნოემბერი [ძვ. სტ. 29 ოქტომბერი], 1883, ქუთაისი — გ. 5 სექტემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1960).
1909 წელს წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. პროფესორ ა. ესიპოვას ხელმძღვანელობით (პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება). 1921–1968 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1923-მდე თბილისის მეორე კონსერვატორიაში). 1932-იდან — პროფესორი, მრავალი წლის მანძილზე კათედრის გამგე. 1926 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო პიანისტების II (1935) და III (1937) საკავშირო კონკურსების ჟიურის წევრი. კონსერვატორიასთან „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის“ დაარსებიდან (1934, 1938-იდან – ცენტრალური მუსიკალური ათწლედი) მისი პროფესორია. აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე (მათ შორის დ. ბაშკიროვი, ელისო ვირსალაძე, ლ. ვლასენკო). შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა. ვირსალაძე ავტორია მთელი რიგი მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებისა და მოგონებებისა მისი მასწავლებლის ა. ესიპოვას შესახებ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.