ანტუანეტა ბურინიონი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
13 იანვარი, 1616 ლილი, ფლანდრია |
გარდაცვალების თარიღი |
30 ოქტომბერი, 1680 (64 წლის) ფრენეკერი, ფრისლანდია |
ანტუანეტა ბურინიონ დე ლა პორტი (დ. 13 იანვარი, 1616 — გ. 30 ოქტომბერი, 1680) — ფრანგი-ფლამანდიელი მისტიკოსი და მოგზაური. ის ქადაგებდა, რომ სამყაროს აღსასრული მალე დადგებოდა და რომ უკანასკნელი განსჯის დღეც მოვიდოდა. მას სწამდა, რომ ღმერთის რჩეული იყო, საკუთარ მისიას კი დედამიწაზე ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღდგენაში ხედავდა. სურდა გამხდარიყო იმ სულიერი ქსელის ცენტრალური ფიგურა, რომელიც სცილდებოდა ჰოლანდიის რესპუბლიკის საზღვრებს, მათ შორის ჰოლშტეინის და შოტლანდიისაც. ბურინიონის სექტა იმ სპირიტუალურ მოძრაობებს განეკუთვნებოდა, რომელთაც „მესამე ძალად“ მოიხსენიებდნენ.
ანტუანეტა 1616 წელს, ლილში, მდიდარი კათოლიკე ვაჭრების ოჯახში დაიბადა.[1] მას ძალიან მძიმე დეფექტი დაჰყვა, კურდღლის ტუჩის სახით. თავდაპირველად „კამათობდნენ კიდეც, ღირდა თუ არა მისი სიცოცხლის შენარჩუნება“, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა ოპერაციამ ეს ნაკლი მთლიანად გააქრო.[2] მისივე თქმით, ის ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული რელიგიით და 5 წლის ასაკში მშობლებს ამ საკითხზე ლექციებსაც უკითხავდა.[2] [3]
1636 წელს ის გაექცა მამამისის მიერ დაგეგმილ, უსიყვარულო ქორწინებას, მაგრამ სახლში მალევე დააბრუნეს. თვრამეტი თვის შემდეგ,[2] ის მონსში, ასკეტური საზოგადოების შესაქმნელად გაემგზავრა, რაც მის ცხოვრებაში იყო პირველი მცდელობა, შეექმნა ახალი საზოგადოება იმ გამოცხადებებზე დაყრდნობით, რომლებსაც მისი მტკიცებით მუდმივად ხედავდა.[4]
ანტუანეტას სურდა, განდევნილ კარმელიტებს შეერთებოდა. 1653 წელს მან ობოლ გოგონათა სახლი, მემკვიდრეობით მიღებული ფულით დააარსა. 1662 წელს ის გენტსა და მეხელენში გაიქცა, მას შემდეგ რაც მაგისტრატმა, ბავშვთა სახლში ერთ-ერთი ობლის გარდაცვალების შემდეგ, იქ არსებული მკაცრი რეჟიმი გამოიკვლია. ბურნიონი ამტკიცებდა, რომ მას ღმერთთან უშუალო კავშირი ჰქონდა, და გოგონებს ეშმაკთან შეთანხმებაში ადანაშაულებდა.
ბურინიონს არ მოსწონდა კათოლიკური ეკლესიების მდიდრული ბრწყინვალება და სურდა დაეარსებინა საზოგადოება, რომლებშიც, მისი აზრით, „ჭეშმარიტ ქრისტიანებს“ შეიყვანდა. ის თვლიდა რომ ცოდვები მხოლოდ „ჭეშმარიტ ქრისტიანებს“ მიეტევებოდათ და როგორც თავად აღნიშნავდა, ღმერთის მიერ მასზე დაკისრებული მისიაც სწორედ ამ „ჭეშმარიტი ქრისტიანების“ შეკრებაში მდგომარეობდა. მეხელენში თავისი პირველი მიმდევარი, კრისტიან დე კორტი გაიჩინა. დე კორტს გრანდიოზული გეგმები ჰქონდა შლეზვიგ-ჰოლშტაინის სანაპიროზე მდებარე კუნძულზე, ნორდსტრანდზე, ახალი კოლონიის დაარსების თაობაზე. იქ რომაული კათოლიკური საზოგადოება, რომელიც ბრაბანტელი მუშებისგან შედგებოდა, 1652 წლიდან შეიქმნა. 1667 წელს ბურინიონი დე კორტთან ერთად დამფინანსებლების მოსაზიდად ამსტერდამში გადავიდა, გაიცნო ჟან დე ლაბადი, იან კომენსკი და ანა მარია ვან შურმანი გაიცნო, და ნაშრომების გამოქვეყნება დაიწყო.
მძაფრმა რელიგიურობამ, არაორდინალურმა შეხედულებებმა და ყველა სექტის უგულებელყოფამ მის მიმართ სიძულვილი გამოიწვია, თუმცა ამავე მიზეზებით, ახალი მიმდევრებიც მრავლად გაუჩნდა.[3] მის მიმართ კრიტიკის დიდი ნაწილი იმით იყო გამოწვეული, რომ ის ძირითადად მამაკაცთა (რომელთაგან ბევრი დაქორწინებულიც გახლდათ) ჯგუფის სულიერ ლიდერად მოქმედებდა. მიმდევრებს შორის იყვნენ ვაჭრები, ხელოსნები, ექიმები (მაგ. სტივენ ბლანკარტი), მხატვრები, სასულიერო პირები და მეცნიერები (როგორიცაა რობერტ ბოილი, რომელმაც მისი ნამუშევრები ინგლისურად თარგმნა) და კომენსკი, რომელმაც სიკვდილის წინ, მასთან საუბარი ისურვა. შემდგომში მან იან სვამერდამის მხარდაჭერა მოიპოვა, იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი სულიერ კრიზისში იმყოფებოდა და საბოლოოდ, ბოლომდე მაინც არ ენდობოდა ანტუანეტას ქადაგებებს. ქალმა მოახერხა თავისი მოსაზრებები საინტერესო გაეხადა ნიენროდის ციხესიმაგრის მფლობელის, იოჰან ორტისთვისაც.
1671 წელს მან დე კორტისაგან, რომელსაც სიკვდილის შემდეგ დიდი ვალები დარჩენოდა, მემკვიდრეობით კუნძულ ნორდსტრანდის დიდი ნაწილი მიიღო. ანტუანეტა რამდენიმე მიმდევართან ერთად ამ კუნძულზე გადავიდა და ახალი დასახლება დააფუძნა. მან შექმნა სტამბა და განაგრძო ყურადღების მოზიდვა, უწოდებდა საკუთარ თავს „ახალ ევას“, სანამ მისი პრესა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ აკრძალა. შემდეგ ის ჰუსუმში, იმ მხარეში გაიქცა, რომელიც მაშინ რელიგიური შემწყნარებლობითა და თავისუფლებით იყო ცნობილი.
ახალი სტამბის შექმნის შემდეგ, ბურნიონი და მისი მიმდევრები მის ნაწერებს ბაზრებსა და ყოველწლიურ დღესასწაულებზე ავრცელებდნენ. 1675 წელს საზოგადოებას იან სვამერდამი ეწვია. ბურნიონის რჩევით მან აბრეშუმის ჭიის შესახებ დაწერილი საკუთარი კვლევა დაწვა.[5] ცოტა ხნით გაემგზავრა კოპენჰაგენში, ნიკოლაუს სტენოს დედის მოსანახულებლად, და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაბრუნდა ამსტერდამში. მან ვერ დაასრულა ნაშრომი - „ბუნების წიგნი“, რომელიც სავსე იყო მისტიკური ლექსებითა და ფრაზებით.
საზოგადოება, რომელიც ექვსი მდიდარი და განათლებული ადამიანისაგან შედგებოდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და მალე ის ანტუანეტას გარდა ერთადერთმა სხვა ქალმაც დატოვა. ლუთერანულმა მთავრობამ ანტუანეტას მეორე სტამბაც ჩამოართვა. ბურნიონი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და ისიც სასწრაფოდ ჰამბურგში გაემგზავრა. მისი იქ ყოფნა ხანმოკლე იყო; ლუთერანი სასულიერო პირების წინააღმდეგობამ აიძულა გადასულიყო ისტ-ფრისლანდიაში, პიერ პუარეს თანხლებით. იქ მან სცადა საავადმყოფოს დაარსება ლუტეცბურგის შატოს შენობებში, მაგრამ ამ დროისთვის უკვე აშკარად კარგავდა მხარდაჭერას და ამიტომ ამსტერდამში დაბრუნება გადაწყვიტა. გზაში ავად გახდა და შეჩერდა ფრენეკერში, ფრისლანდიაში, სადაც 1680 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა კიდეც.[3]
მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი მიმდევრების უმეტესობა დაიშალა; დარჩა მცირე ჯგუფი, რომელიც ასწორებდა და ავრცელებდა მის გამოუქვეყნებელ ნაწერებს. 1686 წელს მისი შეგროვებული ნამუშევრები ამსტერდამელი გამომცემლის, ჯონ ვესტტეინის მიერ, 19 ტომად გამოიცა. საბოლოოდ მისი ხელნაწერების დიდი ნაწილი მოხვდა Aalmoezeniersweeshuis-ში (ობოლთა სახლში) და Remonstrant Congregat-ში. მთელი კოლექცია ახლა ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.
XVIII საუკუნის დასაწყისში, მისი გავლენა შოტლანდიაში იმდენად გავრცელდა (იხ. ენდრიუ მაიკლ რამზი), რომ მისი დოქტრინების რამდენიმე დენონსაცია 1701, 1709 და 1710 წლების პრესვიტერიანულ გენერალურ ანსამბლეებზეც კი გამოცხადდა.[3]