სოფელი | |
---|---|
ბალიქჩი | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | პაზარის რაიონი |
კოორდინატები | 41°09′25″ ჩ. გ. 40°48′11″ ა. გ. / 41.15694° ჩ. გ. 40.80306° ა. გ. |
ადრეული სახელები | ზელეღი / ზელექი |
საფოსტო ინდექსი | 53300 |
ბალიქჩი (თურქ. Balıkçı) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 30 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 7 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 274 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფელ ბალიქჩის ძველი სახელია „ზელეღი“.[3][4] ორ კვლევაში ლაზისტანის ტოპონიმების შესახებ ის ჩაწერილია, როგორც „ზელეღი“. ზოგიერთ წყაროში ეს დასახლება მოხსენიებულია როგორც „ზელექი“.[5] 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაში კი ის ჩაწერილია, როგორც „ზელექი“ (ذلك).[6]
ლაზეთის რეგიონში მდებარე სოფელი ზელეღი ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, მას შემდეგ რაც 1461 წელს გაანადგურეს ტრაპიზონის იმპერია, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიკავეს. სოფელი ზელეღი, 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წლიურ დოკუმენტში შეცდომით უნდა იყოს ჩაწერილი, როგორც „ზელური“. ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის ათინის კაზას დაქვემდებარებული სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 18 ოჯახში მცხოვრები 75 ადამიანისგან. თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცთა რაოდენობას მოიცავდა. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობად აღრიცხულია 20 ცხვარი, 5 თხა, 29 ძროხა და 10 ხარი.[7]
კულტურის ისტორიკოსმა ნიკო მარიმ 1910 წელს დაწერა, რომ ათინის კაზაში 69 სოფელი იყო და ამ სოფლებიდან 64-ში ლაზურად საუბრობდნენ, ზელეკის სოფელიც ლაზურენოვან დასახლებებში ითვლება. მარის ინფორმაციით, სოფელ ზელეღში ან ზელექში ყველა მენავეობითა და მეზღვაურობით იყო დაკავებული. საუკეთესო მეზღვაურები ამ სოფელში გამოდიოდნენ.[8] სოფელი ზელეღი პირველი მსოფლიო ომის დროს რუსების ხელში აღმოჩნდა. რუსული მმართველობის პერიოდში, 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში კვლევითი მოგზაურობისას ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ სოფლის სახელი ქართულად ჩაწერა როგორც „ზელეღი“, რუსულად კი როგორც „ზელეკი“ (Зелек). ყიფშიძის ინფორმაციით ამ დროისთვის სოფელში 69 ოჯახში 188 ადამიანი ცხოვრობდა.[4]
სოფელი ზელეღი 1928 წლის ოსმალური სოფლების სიაში რიზეს ვილაიეთის ათინის კაზას ცენტრალურ ნაჰიეს ექვემდებარებოდა. 1935 წლის საყოველთაო აღწერაში „ჰანჩქუნად“ ჩაწერილი სოფელი, ართვინისა და რიზეს ვილაიეთების გაერთიანებით შექმნილ ჩორუჰის ვილაიეთში იმავე ადმინისტრაციულ მდგომარეობას ინარჩუნებდა და მისი მოსახლეობა 371 ადამიანისგან შედგებოდა. თუმცა ათინის კაზას სახელი შეიცვალა და გახდა პაზარი.[9] სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა და ეწოდა ბალიქჩი.[10] 1965 წლის საყოველთაო აღწერაში სოფელი ბალიქჩის მოსახლეობა 489 ადამიანისგან შედგებოდა და ამ მოსახლეობიდან 149 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[11]
1836 წელს სოფლის მეჩეთი გადაკეთდა ჯამედ.[12]