დაუდ-ხანი (დ. XVI საუკუნის II ნახევარი ― გ. XVII საუკუნის I ნახევარი) — განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625-1633 წლებში, წარმოშობით ქართველი, ალავერდი-ხანის (უნდილაძე) ძე.
დაუდ-ხანი იმ დროის ირანის ცნობილი სარდალი იყო. 1614 წელს მან დაიპყრო გამბრუნი, 1618 წელს არდებილთან შეაკავა ოსმალები და შემდეგ უკუაქცია ისინი. ეწეოდა დიდ სააღმშენებლო საქმიანობას ― ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვ. დაუდ-ხანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართველ მმართველებთან. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის ბრძოლის მომზადებაში. დაუდ-ხანი შაჰის ბრძანებით აჯანყებულ ქართველთა წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა, ავადმყოფობის საბაბით, უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე.
1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, დაუდ-ხანი მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში. იგი ცდილობდა, შაჰ-აბას I დაეყენებინა საქართველოს მიმართ უფრო კომპრომისეული პოლიტიკის გზაზე. 1629 წელს ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (როსტომი) მოახერხა დაუდ-ხანის ჩამოქვეითება. 1630-1631 წლებში სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა. 1633 წელს დაუდ-ხანმა თეიმურაზ I-თან ერთად შაჰის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. დაუდ-ხანმა ყაჯართა ერთი ჯგუფი წაიყვანა საქართველოში, შემდეგ აჯანყებულებმა ყაჯართა თავკაცები დახოცეს და განჯა-ყარაბაღი დაარბიეს. სეფიმ თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უარი შეუთვალა. დაუდ-ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი.